სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.
„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სექტორულ თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და ტურიზმის ხელშეწყობაზე. პრემიერ-მინისტრმა სლოვაკი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრისას ხაზი გაესვა ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე წლების განმავლობაში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა.
„ჩვენი ხაზი გავუსვით ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე წლების განმავლობაში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა. მე გამოვხატე მადლიერება სლოვაკეთის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანების, კერძოდ კი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ჩვენი მისწრაფებების, როგორც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, მტკიცე მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნულია განცხადებაში.
პრემიერმა ასევე მნიშვნელობა მიანიჭა სამიტში მონაწილეობასაცჩემთვის სასიხარულოა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობა, ეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის და დღის წესრიგის მთავარი საკითხების განხილვის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, დაკავშირებადობის გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტებად.
„ჩემთვის სასიხარულოა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. ეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის და დღის წესრიგის მთავარი საკითხების განხილვის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა. მოუთმენლად ველი წელს ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ დისკუსიებში მონაწილეობის და საქართველოს სტრატეგიების წარმოჩენის შესაძლებლობას. დაკავშირებადობის გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტებად“, – აღნიშნავს პრემიერი.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის ჩვენი ქვეყანა, იმ ეკონომიკურ განვითარებასა და შედეგებზე, რომლებიც აქვს უკვე საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და დაკავშირებადობას ეხებოდა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
„ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი იმაშია, რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ბუნებრივი ფუნქცია და დავაკავშიროთ აღმოსავლეთი დასავლეთს და პირიქით. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ქმნის ჩვენი ქვეყანა, იმ ეკონომიკურ განვითარებასა და შედეგებზე, რომლებიც აქვს უკვე საქართველოს და იმ პოტენციალზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ქმნის სხვადასხვა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. პრემიერ-მინისტრმა ცალსახად გაუსვა ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ განვითარებაზე, წინსვლასა და პროგრესზე. ჩვენი მხრიდან აქცენტი გაკეთდა ამ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომ ვითანამშრომლოთ ყველა იმ დაინტერესებულ მხარესთან, რომელსაც შეუძლია, განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ამ პროცესში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება. სამიტში მონაწილეობენ 40-მდე სახელმწიფოს ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.