7-8 ნოემბერს ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ
7-8 ნოემბერს ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია ნათქვამი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს გადაეგზავნათ. არაფორმალური შეხვედრა ბუდაპეშტშია დაგეგმილი.
“მინდა მოგიწვიოთ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში ხუთშაბათს, საღამოს, 7 ნოემბერს და პარასკევს, 8 ნოემბერს.
“ხუთშაბათს ჩვენს სადილზე გთავაზობთ სტრატეგიულ დებატებს ჩვენს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე. ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ ის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პრიორიტეტების შესრულება სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად, აქტიურად ვიმუშაოთ ძლიერი და სუვერენული ევროპისთვის. ვისურვებდი, რომ ყურადღება გავამახვილოთ კონკრეტულად 3 სფეროზე: ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, უსაფრთხოებაზე და გეოპოლიტიკაზე, უკრაინაზე და გლობალურ გამოწვევებზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე. ასევე განვიხილავთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას არჩევნების შემდეგ და განვიხილავთ შემდგომ ქმედებებს”, – წერია მოსაწვევში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, უნგრეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, სადაც საქართველოს ჩათვლით მონაწილეობას 47 სახელმწიფო მიიღებს.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირს სჭირდება მეტი ჩართულობა დანარჩენ მსოფლიოსთან, მათ შორის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც გარკვეული განსხვავებული შეხედულებები აქვს, რათა გლობალური დიალოგის გაძლიერდეს.
მისი განმარტებით, მათ იციან, რის გაკეთება უნდათ მომავლისთვის, რათა ევროპა უფრო ძლიერი, უფრო გამძლე და ნაკლებად დამოკიდებული გახდეს.
“ჩვენ 27 წევრი სახელმწიფო გვყავს, ყოველ მათგანს საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტები აქვს და ჩვენ ვენდობით ამ ინსტიტუტებს. თქვენ იცით, რომ ევროკავშირს აქვს მკაფიო გეგმა. მას სტრატეგიული დღის წესრიგი ჰქვია. ჩვენ ვიცით, რისი გაკეთება გვინდა მომავლისთვის, რათა გავხადოთ ევროპა უფრო ძლიერი, უფრო გამძლე, ნაკლებად დამოკიდებული, უფრო გავლენიანი ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ბაზარი. გვინდა განვავითაროთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები და დაცვის მზადყოფნა, რისთვისაც გვჭირდება მეტი ჩართულობა დანარჩენ მსოფლიოსთან. ჩვენს მოკავშირეებთან, ჩვენს პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებთან და ზოგიერთ სხვასთან, მაგრამ ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც გვაქვს გარკვეული განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ გლობალური დიალოგი”, – განაცხადა შარლ მიშელმა.