მნიშვნელოვანისიახლეები

ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიის სხდომა, სადაც კომისიის წევრებმა არჩევნების საბოლოო შედეგი უნდა გამოაცხადონ, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით

თბილისში, ვაკე-საბურთალოს საუბნო საოლქო კომისიასთან, სადაც კომისიის წევრები დასკვნით სხდომას მართავენ და შემაჯამებელი ოქმი უნდა დაიწეროს, პოლიციაა მობილიზებული და ხმაურია. ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები შენობასთან შეიკრიბნენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ უფლება აქვთ სხდომას დაესწრონ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
“ჩვეულებრივი ცირკია შიგნით. შევედი, მაგრამ მალევე გამოგვაძევეს. განსხვავებული აზრის მიუღებლობა აქვთ. მიზეზი და არგუმენტი არ არსებობს”, – განაცხადა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ცოტნე მირცხულავამ.

ადგილზეა საპატრულო პოლიცია. სამართალდამცავებს შენობის შესასვლელი კორდონით აქვთ ჩაკეტილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ სხდომა საჯაროა და იქ უნდა შეუშვან, როგორც მოქალაქეები, ისე მედია.

“გაყალბებული არჩევნები წააგეს. ჩვეულებრივად, საჯარო არის სხდომა, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, უნდა შეგიშვან თქვენც და უნდა შეუშვან მოქალაქეებიც. ეს ჩვეულებრივი ამბავია. გაამაგრეს ქაჯეთის ციხე, რადგან ჩადიან უკანონობას”, – უთხრა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს.
როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ სურდათ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და თვალი ედევნებინათ იმ პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობდა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქში.

დღეს, 19:00 საათზე საქართველოს მასშტაბით ყველა საოლქო კომისიაში სხდომა დაიწყო, სადაც შემაჯამებელი ოქმები უნდა შედგეს.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button