ბრიტანეთმა ოკუპირებული ცხინვალის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს სანქციები დაუწესა
გაერთიანებულმა სამეფომ ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტი“, ანატონი ბიბილოვი დაასანქცირა, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ანატოლი ბიბილოვის სანქცირების მიზეზი უკრაინის დესტაბილიზაციაში მისი ჩართულობა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტისა თუ დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაა.
„ანატოლი ბიბილოვი არის ან იყო ჩართული უკრაინის დესტაბილიზაციაში, ძირს უთხრის ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს თუ დამოუკიდებლობას, რადგან ის ეწევა, მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ნებისმიერ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას უქმნის უკრაინას, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას თუ დამოუკიდებლობას“, – აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფოს განცხადებიდან ირკვევა, რომ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს როგორც აქტივების გაყინვას, ასევე მოგზაურობის აკრძალვას.