მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით “სერიოზული ეჭვები” არსებობს, რაც გამოძიებას საჭიროებს-მიშელი

რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი გულწრფელად ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისადმი და ევროკავშირმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როცა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

„მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ“, – აღნიშნა მიშელმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერები საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ და მკაფიო მესიჯს გააგზავნიან.

„შევაფასებთ არსებულ მდგომარეობას და ევროპელი ლიდერები მკაფიო მესიჯს გააგზავნიან“, – აღნიშნა მიშელმა.
ის გამოეხმაურა ირაკლი კობახიძესთან გუშინ გამართულ შეხვედრასაც და თქვა:

“მქონდა შესაძლებლობა, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრ [ირაკლი კობახიძისთვის] შეხედულებები გამეზიარებინა”. დღეს ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გაიმართება.

ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებისა და ევროკომისიის პრეზიდენტის დღის წესრიგში საქართველოც იქნება.

გუშინ უნგრეთში გაიმართა ევროპის თანამეგობრობის სამიტიც, რომელსაც სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, შარლ მიშელთან შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მიშელმა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გამოძიება ითხოვა და აცნობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება შეჩერებულია მანამ, სანამ არ შეიცვლება საქართველოს ხელისუფლების კურსი. არსებული ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მეტს 8 ნოემბერს სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე იტყვის.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.

ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button