ცესკო მანიპულაციას უწოდებს ISFED-ის განცხადებას ამომრჩეველთა სიაში შეუსაბამობაზე
ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ გენდერული აქტივობის საკითხით ამომრჩეველზე მანიპულირებს. თუმცა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ეყრდნობოდა ცესკოდან მიღებულ ოფიციალურ მონაცემებს.
საქმე ეხება არჩევნებზე მისული ქალებისა და კაცების შესახებ ISFED ის გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას. ორგანიზაციამ ცესკოდან მიღებული მონაცემები დაამუშავა და აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იმაზე მეტი კაცი მივიდა, ვიდრე საარჩევნო სიაში იყო.
თავიდან ცესკომ ISFED-ი „საარჩევნო ცოდნის ნაკლებობაში“ დაადანაშაულა, შემდეგ კი თქვა, რომ ორგანიზაციისთვის გაგზავნილ ინფომრაციაში „ადამიანური შეცდომით გამოწვეული რამდენიმე ხარვეზი“ იყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები “ამომრჩეველთა თემით მანიპულაციას აგრძელებს”, ასევე, ცესკო ირწმუნება, რომ ISFED ცდილობს 11 უბანზე დაშვებული უზუსტობები „მნიშვნელოვან შეუსაბამობად” მონათლოს, მით უფრო, წარმოაჩინოს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ ფაქტად”.
“არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები კვლავ აგრძელებს ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის თემით მანიპულაციას, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის მონაცემებში შეუსაბამობის ერთეული შემთხვევების მიზეზი და მიუთითა, რომ ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემები არ შეიძლება იყოს არჩევნების შედეგებთან მიმართებაში რაიმე დასკვნის გამოტანის ობიექტური საფუძველი.
საგულისხმოა, რომ სამართლიანი არჩევნები ერთის მხრივ ენდობა ცესკო-ს პირველად მონაცემებს გენდერულ ჭრილში ამომრჩეველთა აქტივობის თაობაზე, ხოლო მეორეს მხრივ უნდობლობას უცხადებს ცესკოს მიერ დაფიქსირებულ არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებს, თან იმ ფონზე, როდესაც მათივე განცხადებით, ორგანიზაციის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგები შესაბამისობაშია ცესკოს შედეგებთან. აღსანიშნავია, რომ ამ შედეგების დღემდე არგასაჯაროების დასაბუთებას სამართლიანი არჩევნები ბუნდოვანი და დამაჯერებლობას მოკლებული არგუმენტებით ცდილობს. ორგანიზაციისთვის კარგადაა ცნობილი, რომ რეგისტრატორი კომისიის წევრების მიერ არჩევნებში მონაწილე ქალი და კაცი ამომრჩევლების დათვლა ხდება არა არჩევნებზე მოსული ქალებისა და კაცების რაოდენობის აღრიცხვით, არამედ მოსული ამომრჩევლის რეგისტრაციის მონაცემებით და ასევე, გადასატანი ყუთის ანალოგიური მონაცემებით. ამის შემდეგ, რეგისტრატორები ითვლიან მხოლოდ ქალი ამომრჩევლის რაოდენობას, ხოლო კაცი ამომრჩევლების გამოთვლა ხდება მოსული ამომრჩევლის საერთო რაოდენობიდან.
შესაბამისად, უზუსტობა პირველ მონაცემში ავტომატურად გამოიწვევს უზუსტობას მეორე მონაცემშიც. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ წარმოადგენს კანონის მოთხოვნას. აღნიშნული მონაცემები მუშავდება მხოლოდ არასაარჩევნო მიზნებისთვის და მას არანაირი კავშირი არჩევნების შედეგების ოფიციალურ მონაცემებთან არ გააჩნია. მონაცემებში, რომელიც სამართლიანმა არჩევნებმა ცესკოსგან მიიღო, იყო ადამიანური შეცდომით გამოწვეული რამდენიმე ხარვეზი, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორც პასუხისმგებლიანმა უწყებამ, თავადვე დაადასტურა.
კერძოდ, 11 საარჩევნო უბნიდან, არჩევნებში მონაწილე ქალების გადმოგზავნილ რაოდენობაში არსებულმა უზუსტობებმა გამოიწვია ცდომილება ჯამურად 150 ამომრჩევლის სქესის აღრიცხვაში, რაც 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის აღრიცხვისას უმნიშვნელო მაჩვენებელია. სამართლიანი არჩევნების მცდელობა, განაზოგადოს 11 უბანზე დაშვებული უზუსტობები და ეს “მნიშვნელოვან შეუსაბამობად” მონათლოს, მით უფრო, წარმოაჩინოს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ ფაქტად, უბრალოდ არასერიოზულია. მაშინ, როდესაც 2020-ში მათივე პარალელური დათვლის შედეგების აცდენას რეალურ შედეგებთან, სამართლიანმა არჩევნებმა „უმნიშვნელო უზუსტობა” უწოდა. ნიშანდობლივია, რომ თავიდან სამართლიანი არჩევნები საზოგადოებას არწმუნებდა, რომ მსგავსი უზუსტობები ფიქსირდებოდა 23 საარჩევნო უბანზე. მას შემდეგ, რაც დადასტურდა რომ არც ეს შეესაბამება სიმართლეს, ნაცვლად საკუთარი შეცდომის აღიარებისა, ორგანიზაცია გადაერთო ზოგადად კაცების მაღალი აქტივობის ანომალიურობის დამტკიცების ვერსიებზე და შესაბამისი სპეკულაციური აღქმების შექმნის მცდელობებზე. დასასრულს, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამომრჩეველთა ზუსტი აქტივობა ასახულია იმ შემაჯამებელ ოქმებში, რომელიც დგება საარჩევნო უბნებზე და სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება საბოლოო აქტივობა, რომელიც ფიქსირდება არჩევნების შემაჯამებელ ოქმში. გენდერული სტატისტიკა არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში და ის კავშირში არაა კენჭისყრის შედეგებთან.
მოყვანილი ფაქტები ცნობილია ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის, მათთვისაც, რომელთა ინტერესს, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ფაქტების მიწოდების ნაცვლად ინფორმაციით მანიპულირება წარმოადგენს”, – წერია ცესკო-ს განცხადებაში.
დღეს, 13 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოს საჯაროდ, კიდევ ერთხელ მოსთხოვა განმარტება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ორგანიზაციაში თქვეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციიდან ჯერაც არ მიუღიათ სპეციალური სიების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაცია. უფრო ადრე, 7 ნოემბერს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ საზოგადოებას ამცნო, რომ საარჩევნო დღის სტატისტიკა აჩენდა გარკვეული მანიპულაციების შესახებ ეჭვებს. ამ დღეს ორგანიზაციამ გაასაჯაროვა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ზოგიერთ უბანზე ხმა მისცა უფრო მეტმა კაცმა, ვიდრე საარჩევნო სიაში იყო.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა – ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არ აღიარებენ და მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა – ელექტრონულ უბნებზე ხმის ფარულობის უფლების დარღვევა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი იდენტიფიცირებული პრობლემაა.
არჩევნების დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ საქართველოს პარტნიორებიც დასავლეთში. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის პარალელურად, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას ცესკოს მოთხოვნით აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. ამ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციური ლიდერები, გამოძიება აპირებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვასაც.