მნიშვნელოვანისიახლეები

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია.

განცხადების თანახმად, სტუდენტები გეგმავენ სხვადასხვა აქტივობასა და მობილური ჯგუფების ჩამოყალიბებას.

“ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ილიაუნის სტუდენტები ვთვლით, რომ ამ პროცესებში ჩვენი ჩართულობა აუცილებელია. 15 ნოემბერს, სიმბოლურად, ღამე გავათენეთ A კორპუსში, რითაც ბსუ-სა და თსუ-ს სტუდენტებს დავანახეთ, რომ მათ გვერდით ვართ. 17 ნოემბერს ოპერასთან წავიკითხეთ საქართველოს სტუდენტთა საერთო მანიფესტი, რომლის მიხედვითაც 13 უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება აპროტესტებს 2024 წლის ოქტომბერში არჩევნების სისტემატიურ გაყალბებას, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სახელმწიფო კონსტიტუციას, ინტერესებსა და რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე. არჩევნები არ ჩატარებულა თავისუფალ და სამართლიან გარემოში!

ხელისუფლება უხეშად ერევა განათლების საკითხებში – საბჭო დასაბუთების გარეშე ცვლის ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლეს შეფასებებს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიშნავს მონიტორინგს 1 წლის თავზე. ამას, რა თქმა უნდა, სტუდენტები არ ვეთანხმებით და ვაპირებთ ჩვენი უნივერსიტეტის ინტერესები დავიცვათ ბოლომდე.

ხარისხიანი და სრულფასოვანი განათლება ჩვენი უფლებაა, „რუსული” და „ცენზურის” კანონების მიღება გვართმევს ამ შესაძლებლობას. ყველა სამთავრობო ინსტიტუტის უზურპირების შედეგად, ხელისუფლებამ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს დაუქვემდებარა საქართველოს პარლამენტი, პროკურატურა, ცესკო და შსს. ამით საქართველოში რუსეთში არსებული ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბების მცდელობა გამოიხატება. რასაკვირველია, ეს ყოველივე აჩერებს ევროინტეგრაციას და გვართმევს საშუალებას მომავალში მივიღოთ დასავლური განათლება იმ პირობებით, რომლითაც ევროკავშირელი სტუდენტები სარგებლობენ.

ვიმეორებთ, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა შევიდეს პარლამენტში. ვთხოვთ მათ, დარჩნენ იმ პოზიციაზე, რომელიც მანამდე გააჟღერეს. რომელიმე დეპუტატის მცდელობა შევიდეს პარლამენტში იქნება იმ არჩევნების ლეგიტიმაცია, რომელსაც არ აღიარებენ დასავლური ქვეყნები. ხელისუფლებასთან შეთანხმებებზე წასვლა არის იმ ერთიანი წრის გარღვევა, რომელიც ახლა საერთო მიზნით არის შეკრული.

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობას, მობილური ჯგუფების ჩამოყალიბებას. ვუერთდებით ძირითად აქციებს, სადაც ილიაუნის სტუდენტთა ჯგუფი ყოველთვის დაგხვდებათ ერთად, თბილად. დღეს უკვე ყველა კორპუსში გაკრულია ჩვენი QR-კოდი, რომლითაც შეძლებთ დაემატოთ ტელეგრამ არხს, სადაც მუდმივად იდება ინფორმაცია იმის შესახებ, რას ვაპირებთ ილიაუნელები უახლეს მომავალში.

უნდა ვიყოთ ბევრნი! გთხოვთ, გავავრცელოთ ინფორმაცია ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის შესახებ. იმედი გვაქვს შემოგვიერთდებით, რათა ერთად დავიცვათ ილიას ღირებულებები და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ვიცით, მხოლოდ მოძრაობითა და მოძრაობით შევძლებთ ამას”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პროდასავლური ოპოზიციის ლიდერებმა ცოტა ხნის წინ თსუ-სთან უწყვეტი პროტესტის გაგრძელების შესახებ განაცხადეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button