მნიშვნელოვანისიახლეები

ჩვენ 890 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას-მინდა მადლობა გადავუხადო 1 120 000 ადამიანს, ვინც ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება და წინსვლა აირჩია-ოცნება

ჩვენ 890 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას, 325 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მთელ რადიკალურ ოპოზიციას ერთად აღებულს, რაც დადგინდა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ოქმით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებში მმართველმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

„გუშინწინ შეჯამდა არჩევნების შედეგები და საბოლოოდ დადგინდა, რომ მმართველმა გუნდმა, ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა დამაჯერებლად ამ არჩევნებში, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. ეს გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამ ზუსტად მიიღო ის გზავნილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები, იყო ერთგვარი რეფერენდუმი, პირველ რიგში, ომსა და მშვიდობას შორის და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნებასა და ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს შორის. არჩევანი გაკეთდა სწორედ ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ მადლობა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ სათანადო პოზიცია დაიკავა ამ არჩევნებზე და მხარი დაუჭირა ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას. გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი. ჩვენ 890 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. 325 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მთელ რადიკალურ ოპოზიციას ერთად აღებულს, რაც, საბოლოო ჯამში, დადგინდა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ოქმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, ცესკო-ს მდივანს, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილეს, ცესკო-ს შესაბამის წევრებს.

„ძალიან დიდი იყო წნეხი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. იყო ძალიან მძიმე ინციდენტი, რაც ვიხილეთ გუშინწინ, თუმცა ცესკო-ს შემადგენლობამ სათანადოდ გაიარა ეს პროცესები და, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩატარება. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ცესკო-ს და ცესკო-ს წევრებს ამისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო 1 120 000 ადამიანს, ვინც ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება და წინსვლა აირჩია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძე მთლიანი საარჩევნო პერიოდი შეაფასა და აღნიშნა, რომ ის სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში წარიმართა.

„როგორც იცით, ცესკო-მ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რითაც საარჩევნო პერიოდი დასრულდა. მინდა, საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივულოცო არჩევნების წარმატებით ჩატარება, რომელიც სრულად დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში წარიმართა. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა საარჩევნო კამპანია ჩაეტარებინა, შეხვედრები ეწარმოებინა და რაც მთავარია, არჩევნები მრავალპარტიული იყო, ხალხს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდა. მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო და ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო 1 120 000 ადამიანს, ვინც ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, წინსვლა აირჩია და რა თქმა უნდა, ამ პროცესებს ვერაფერი შეაჩერებს. ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა გვექნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და აღმშენებლობა მოხდება“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button