მნიშვნელოვანირეგიონირეპორტაჟისაქართველოსიახლეებიტოკშოუ

მძარცველი ნათურები, „ყუმბარები“ და მუხრუჭები

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

ავტორი: თეა ვაშალომიძე

არის თუ არა საჭირო და აუცილებელი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება და რამდენად სწორად ხდება სატრანსპორტო საშუალების შემოწმება, ეს შეკითხვა პირველად, მოქალაქეებს დავუსვით. ბათუმელი მძღოლები ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხს სახელმწიფო სერიოზულად არ უდგება და კორუფციის რისკებს ქმნის, რადგან მათი თქმით, შესაძლებელია, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ნებისმერ მანქანას  ჩაუტარდეს ტექნიკური დათვალიერება.

 

მძღოლები:

„ჯერ, ქუჩები ისე მოუწესრიგებელია, სოფლის გზა მოუწესრიგებელი… იმ გზებზე ნავალი მანქანით, ძაან მინიმალური შანსია, რომ გაიარო ტექნიკური დათვალიერება. შეიძლება, გადაანაცვლო ერთი მანქანიდან მეორეზე და თავს იტყუებ, თითქოს. საკუთარ თავსაც იტყუებ და ვისაც ანგარიშს აბარებ, იმასაც ატყუებ.“

„ეს არის კორუფციის ძალიან კარგი ბუდე. იმიტომ, რომ ქობულეთში, ბათუმში… კონკრეტულად შემიძლია დაგისახელოთ, 200 ლარად, მანქანები, რომლებიც არის 1999-წლიანი, 2000-წლიანი, უპრობლემოდ (თუკი 200 ლარს გადაუხდით), აუცილებლად გაგატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ გამონაბოლქვი გამოდის მანქანიდან, პრობლემა არაა. მთავარია, გქონდეს ფული. არ არსებობს უბრალოდ, მექანიზმი, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამას გადაამოწმებს. ვიღაცები ფულს აკეთებენ… და რა თქმა უნდა, ხელისუფლების მფარველობით. და თან, ბიუჯეტსაც ამდიდრებენ.“

„ტექნიკურ დათვალიერებას, წესით და რიგით, სახელმწიფოში უნდა აწარმოებდეს თვითონ ყველა მძღოლი თავის ავტომობილზე ავტონომიურად, დამოუკიდებლად. ეს, რაც ახლა სახელმწიფოს მიერ რეგულირებული ტექნიკური დათვალიერებაა, ჩემი აზრით, არის მხოლოდ და მხოლოდ, ადამიანებისთვის ფულის გამორთმევის კიდევ ერთი ხერხი. მთავარია, მანქანა იყო დაქოქილი, ვიზუალური დაზიანება არ აღენიშნებოდა და ჩვეულებრივად გაიარა, რაც, ჩემი აზრით, არასაკმარისია. 60 ლარის, იქ „ვაფშე“ არაფერი არაა.“

ბათუმში ავტომობილების ტექინსპექტირების რამდენიმე სივრცეა. აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე შპს “ქვიქტესტის“ მენეჯერი კახა ბერაძე გვიყვება, რომ წლის განმავლობაში, დაახლოებით, 12000-დან 14000-მდე ავტომობილი გადის ტექნიკურ დათვალიერებას და მანქანები ძირითადად, ნათურების გაუმართავი სისტემის გამო ხარვეზდება. კახა ბერაძე არც უარყოფს, რომ შესაძლოა, ტექინსპექტირების გავლის მიზნით, მფლობელები დროებით თხოულობენ კიდეც ავტომობილის ამა თუ იმ სათადარიგო ნაწილს, რაც მათივე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის საკითხად მიაჩნია.

კახა ბერაძე:

„ნათურების გაუმართაობის გამო ხდება, სტატისტიკურად, ყველაზე მეტი ავტომობილის დახარვეზება, მაგალითად, ჩვენს ფილიალში. კი, არის შესაძლებელი, მაგალითად, ითხოვოს საბურავები, მოვიდეს და გაიაროს. მაგრამ ეს უფრო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. თუმცა, იქ მუხრუჭებია, – რამდენ პროცენტს აფიქსირებს საერთო ჯამურ მონაცემებს მუხრუჭების… მაგის თხოვება შეუძლებელია, რამდენ პროცენტს დაწერს მუხრუჭების. იქ სადგომი მუხრუჭი მოწმდება, თვლებს შორის სხვაობა მოწმდება, დაკიდების სახსრებში „შარავოები“, „ყუმბარები“, ფარების მდგომარეობები წინ… და ყველაფრის თხოვება, ჩემი აზრით, შეუძლებელია.“

„ტექნიკური დათვალიერება არის ადამიანების  ძარცვის ერთ- ერთი მექანიზმი.“ – აცხადებენ ოპოზიციაში. პარტია „ახალის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თვლიან, რომ ტექინსპექტირება აუცილებლად უნდა გაუქმდეს, რადგან ესაა მთავრობასთან და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების ბიზნესი და ზედმეტი ტვირთია მძღოლებისთვის. ოპოზიციის განმარტებით, თავად სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა უკეთ იციან, რომ საკუთარი და მგზავრების უსაფრთხოებისთვის, მანქანის ტექნიკურად გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა აუცილებელია.

მირდატ ქამადაძე (პარტია „ახალი“):

მირდატ ქამადაძე

„რატომ არის, რომ ადამიანებს არ ჰყავთ ტექნიკურად გამართული მანქანები? იმიტომ, რომ ღარიბი საზოგადოება ვართ და ადამიანი იმას ფიქრობს, რომ საბურავი კი არ შეცვალოს ზამთარში, იმ საბურავის ფულით წავიდეს და შვილს წამალი მიუტანოს. თუ მანქანა, თავისი გაუმართაობით, კონკრეტულად ვინმეს ზიანს აყენებს, ასეთ დროს, ბუნებრივია, არსებობს პასუხისმგებლობის საკითხი და ამ დროს უნდა იმოქმედოს სახელმწიფომაც. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ვიღაცა რომ ვერ გადის [ტექინსპექტირებას], ითხოვებს საბურავებს, გაივლის იმას და აბრუნებენ მერე. ან ვიღაცას ნაცნობი ჰყავს. მთავრობასთან დაახლოებულ ტიპებს აქვთ ბიზნესი „მოხოდილი“.“

ბონდო თედორაძე (პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“):

ბონდო თედორაძე

„სახელმწიფოსთვის მიზანია, რომ რაღაც გადასახადიდან შემოსავალი მიიღოს და კონკრეტული ადამიანების ქრთამის აღებას და კორუფციულ გარიგებებს ემსახურებოდეს. აქ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მაინც არის სახელმწიფოსი, რომელსაც ინფრასტრუქტურა აქვს საერთოდ მოუწესრიგებელი. ჩვენ ვერ ვნახავთ ქუჩას, გზას, ავტობანს, შემოვლით გზებს და ასე შემდეგ, რომელიც არის ხარისხიანი. ყველგან არის ორმოები, სადაც ჩეულებრივად შეგიძლია, დაამტვრიო ავტომობილი ისე, რომ მეორე დღეს ტექნიკური დათვალიერება დაჭირდეს ისევ შენს ავტომობილს. უხარისხო საწვავი ასევე უნდა ითქვას აუცილებლად.“

თუ მოქალაქეები და ოპოზიცია ავტომობილების ტექინსპექტირებას კორუფციის წყაროდ აღიქვამენ, „ქართული ოცნების“ წამომადგენელს აჭარის უმაღლეს საბჭოში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძეს მიაჩნია, რომ უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო რეგულაცია აუცილებელია. იგი ევროპისა და სხვა განვითარებული ქვეყნების მაგალითებთან ავლებს პარალელს.

ცოტნე ანანიძე:

ცოტნე ანანიძე

„ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა გადის ტექინსპექტირებას და საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საგზაო უსაფრთხოების ნაწილში. ეს რეგულაცია უნდა იყოს და ეს არის მართლა ძაან მნიშვნელოვანი რეგულაცია. თუმცა, მესმის, რომ არის თანხასთან დაკავშირებული, რა თქმა უნდა, დროსაც მოითხოვს. თუ ახლა ინდივიდუალური ადამიანები ცდილობენ, რომ კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებას რაღაცები დროებით შეუცვალონ და ამით გაიარონ ტექინსპექტირება, ასეთი შემთხვევები შეიძლება იყოს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში.“

რეპორტაჟის ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, უამრავი  ავტომობილი შეგხვდებათ, რომელთა ტექნიკური გაუმართაობა თვალის შევლებითაც კი შესამჩნევია. თუმცა, კანონის შესაბამისად, ყველა მათგანს გავლილი აქვს ტექინსპექტირება. როგორ და რანაირად, თქვენ განსაჯეთ.

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button