დღეს უკრაინაში პუტინის რუსეთის აგრესიის მე-1000 დღეა
დღეს ზუსტად 1000 დღე შესრულდა მას შემდეგ რაც პუტინის არმია უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო. თარიღს დასავლეთში ეხმაურებიან. განცხადებები გაავრცელეს ევროკავშირის ლიდერებმა.
“2022 წელს რუსეთი ფიქრობდა, რომ მისი სრულმასშტაბიანი შეჭრა რამდენიმე დღეში დასრულდებოდა.
1000 დღის შემდეგ უკრაინა მამაცურად ირძვის ბრძოლის ველზეც და სამოქალაქო ობიექტებზე კრიმინალური თავდასხმების წინააღმდეგაც.
ამაღამ ჩვენ შენობებს ამშვენებს უკრაინის დროშა, რათა პატივი მივაგოთ უკრაინელ კაცებსა და ქალებს.” წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
“ვაჟკაცობის, დაუმორჩილებლობისა და გამბედაობის 1000 დღე.
წინააღმდეგობებზე გამარჯვების 1000 დღე. ერთად დგომის 1000 დღე, როგორც ერთი ოჯახი, რომელსაც აქვს საერთო მომავალი.
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება” – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა X-ზე.
“ათასი დღეა, უკრაინა მამაცურად ეწინააღმდეგება უკანონო და გაუმართლებელ აგრესიულ ომს.
ათასი დღეა, რუსეთი ახორციელებს თავის იმპერიალისტურ და სასტიკ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და არღვევს გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს.
ათასი დღის განმავლობაში ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით, რათა უზრუნველვყოთ თავისუფლების, მშვიდობისა და სამართლიანობის ტრიუმფი.
ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა.” წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
“1000 დღის განმავლობაში უკრაინა დაუღალავად იბრძვის თავისი მიწისა და თავისუფლების დასაცავად წარმოუდგენელი გამბედაობით.
ეს ბრძოლა ეხება რწმენის აღდგენას სამყაროზე, სადაც სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა პატივს სცემს.
მოლდოვა თქვენს გვერდით დგას – ახლა და ყოველთვის.” ამბობს მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ.
“1000 დღე. უამრავი ისტორია გულისტკივილის, გამძლეობისა და იმედის შესახებ.
უკრაინა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისა და მშვიდობისთვის.
განაგრძეთ უკრაინელი გმირების მხარდაჭერა სამართლიანობის აღსრულებამდე.
ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, ახლა და ყოველთვის.” წერს “ევროპის სახალხო პარტია”.
პუტინის საოკუპაციო არმიამ კი აგრესიის მე-1000 დღეს მორიგი აგრესიული თავდასხმა განახორციელა და სუმის ოლქზე საჰაერო დარტყმა მიიტანა. ქალაქ გლუხოვში კი რუსული დრონით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს ვერხოვნა რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულებამდე ქვეყანაში შეუძლებელია არჩევნების ჩატარება.
ზელენსკი პარლამენტში მივიდა იმ დღეს, როცა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ზუსტად ათასი დღე გავიდა.
ზელენსკიმ ვერხოვნა რადაში წარადგინა 10 პუნქტისგან შემდგარი „სიმტკიცის გეგმა“.
ამ პუნქტებს შორისაა „ერთობა“, „ფრონტი“, „იარაღი“, „ენერგეტიკა“, „ფინანსები“, „უსაფრთხოება“, „თემები“, „ადამიანური კაპიტალი“, „კულტურული სუვერენიტეტი“ და „ვეტერანების დახმარება“.
ზელენსკის თქმით, ქვეყანაში არჩევნები მშვიდობის დამყარების შემდეგ ჩატარდება.
„უკრაინას ჯერ ესაჭიროება სამართლიანი მშვიდობა, შემდეგ კი უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ,“ თქვა ზელენსკიმ. „ყველამ ვიცით, რომ უკრაინის კონსტიტუცია და კანონი არ იძლევა საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების გამართვის უფლებას. და მსოფლიოში ეს უკრაინისგან არავის არ მოუთხოვია და ვერავინ ვერ მოსთხოვს,“ თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ოქტომბერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს წარუდგინა „გამარჯვების გეგმა“. ამ გეგმის მთავარი პუნქტები იყო ნატოში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება, მათ შორის – შორსმსროლელი იარაღისა, რომლითაც შესაძლებელი იქნება რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების განადგურება.