ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მომიტინგეებმა კარვები მიიტანეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, კარვები გაშალეს, ამ დროისთვის, ადგილზე ორი კარავია გაშლილი.
აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. პროტესტი დღესაც თსუ-ის პირველ კორპუსთან გაიმართება და ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი მთელი ღამე გაგრძელდება და ბოლომდე ტერიტორიაზე დარჩებიან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, მათთვის პრინციპული იყო იმ ტერიტორიაზე დაბრუნება, რომელიც აქციის მონაწილეებს დღეს დილით სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაატოვებინა.
აქციის მონაწილეები დღეს მთელი დღის განმავლობაში მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებოდნენ, რომლის ნაწილიც სამართალდამცავების ჰქონდათ დაკავებული. პოლიციის მიერ ტერიტორიის დატოვების შემდეგ კი დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლეს.
ცოტა ხნის წინ ეს ტერიტორია პოლიციას ჰქონდა დაკავებული, თუმცა, ხალხის რაოდენობის გამო მათ უკან დაიხიეს.
შსს-მ დღეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის შემდეგ, მელიქიშვილზე დაკავებები დაიწყო. უწყების ცნობით, ჯამში 16 პირი დააკავეს ადმინისტრაციულად, მათგან სამი ხელწერილით გაათავისუფლეს.
დაკავებულებს შორის იყო “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე. მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბარამიძე კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობაში გადაიყვანეს, საიდანაც ხელწერილით რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
19 ნოემბერს, თბილისში აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, 3 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დაკავებულებს შორის იყო მთავარი არხის ოპერატორი, სერგი ბარამიძე, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
გამთენიისას პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი თსუ-ის მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, სადაც მოქალაქეებს მეორე დღეა უწყვეტი პროტესტი ჰქონდათ და ღამეს ათენებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, ხოლო თბილისის მერიის სამსახურმა ჭავჭავაძის გამზირის დასუფთავება დაიწყო.
მალევე პოლიციამ მელიქიშვილის გამზირის გათავისუფლებაც მოითხოვა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მათი დაკავება დაიწყო.
შეგახსენებთ სამართალდამცველები, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 საათსა და 45 წუთზე გამოჩნდნენ. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა, ჭავჭავაძის ქუჩაზე შეკრებილებს, გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა და 15 წუთიანი ვადა მისცა. გაფრთხილებამდე გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაც.
დემონსტრანტებმა გაფრთხილება არ გაითვალისწინეს. ჭავჭავაძის ქუჩაზე ბარიკადების აღმართვა დაიწყო. ტერიტორიაზე მიიტანეს ნაგვის ურნები და გზა ქვიშით სავსე ტომრებით ჩახერგეს. აქციის მონაწილეებმა, მათივე გაშლილი კარვები სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოსთან დაწვეს. მომიტინგეები აირწინაღებით და ხელკეტებით იყვნენ აღჭურვილი.
აქციის მონაწილეებს, ოპოზიციის ლიდერები პერიოდულად მიმართავდნენ და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ.
15 წუთიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქმედებაზე გადავიდნენ. თავდაპირველად ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ. მათ უკან განლაგდა სპეც ტექნიკა. მობილიზებულები იყვნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც, თუმცა მათ საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
საპოლიციო ძალების გამოჩენის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა, მხარდამჭერებთან ერთად ჭავჭავაძიდან – მელიქიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლეს. სამართალდამცველებთან დაპირისპირებაც სწორედ აქ დაიწყო. დემონსტრანტები, პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მათ წინააღმდეგ იყენებდნენ ხელკეტებსა და ლაზერებს. კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ესროდნენ ქვებსაც.
გზის სავალი ნაწილიდან დემონსტრანტები არ გადავიდნენ, რასაც მორიგი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც კლინიკაში სასწრაფო დახმარების ავტომობილებით გადაიყვანეს.
დაპირისპირების დროს, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში სულ 16 პირია გადაყვანილი. მათგან სამი ხელწერილით უკვე გაათავისუფლეს.
დროებითი მოთავსების იზოლატორში, დაკავებულები, ადვოკატებმა მოინახულეს. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და მათი დაკავების დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევის ფაქტს. დემონსტრანტების ჯანმრთელობის მდგომარეობით დღეს სახალხო დამცველიც დაინტერესდა.
შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში დარჩა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიციელები უნივერსიტეტის შენობაში იყვნენ გამაგრებული. გავრცელდა კადრებიც, სადაც კარგად ჩანს რომ ძალოვნები შენობის გარეთ მოძრაობენ და სასწავლებელს და ეზოში არსებულ პანთეონს იცავენ და დანთებულ ცეცხლთან სწორედ უნივერსიტეტის ბაღიდან გამოდიან.