მნიშვნელოვანისიახლეები

ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად-ოპოზიცია

ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ოთივე პარტიის – ” კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა – ნაციონალური მოძროაბის”, “ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” ერთად დგომა სამშობლოს გადასარჩენად არის საჭირო.

“ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად და არა იმიტომ, რომ ერთმანეთი მოგვწონს. და არა იმიტომ, რომ ერთმანეთს ყველაფერში ვეთანხმებით. და არა იმიტომ, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია მომავალი. არა.

მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ”, – წერია ნიკა გვარამიას პოსტში.

ქართველი ხალხი იღებს ხელში ინიციატივას, ჩვენ ვალდებული ვართ, ვიყოთ ჩვენი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ოპოზიცია ერთიანი წინააღმდეგობის ფორმატზე შეთანხმდა.

“ქართველი ხალხი იღებს ხელში ინიციატივას, ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ ვალდებული ვართ, ვიყოთ ჩვენი ხალხის გვერდით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება ერთიანი წინააღმდეგობის ფორმატი, წინააღმდეგობას გავუწევთ რუსულ რეჟიმს, რომელიც ცდილობს ქვეყნის ოკუპაციას. დღეს “ქართულმა ოცნებამ” დაუფარავად თქვა, რომ პირდაპირ კრემლის ინსტრუქციებით მოქმედებს და დღეს გამოაცხადა, რომ აპირებს ქვეყნის საბოლოოდ რუსეთისთვის დაქვემდებარებას. ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება, ჩვენ ვიქნებით ჩვენ ხალხთან ერთად”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შევთანხმდით, რომ ყველანი ერთიანები ვართ და ამ ერთიანობას წყალი არ გაუვა – გარდა იმის, რომ ერთიანი ფრონტით ვიბრძოლოთ ბოლომდე, სხვა ვარიანტი არ გვაქვს,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საზოგადოებამ დაინახა, რომ არის “რუსული რეჟიმი, რომელიც აპირებს, გაწყვიტოს ურთიერთობა დასავლეთთან და ქვეყანა მოაქციოს იზოლაციაში”.

“ჩვენ შევთანხმდით აბსოლუტურ ერთიანობაზე. ახლა მივდივართ რუსთაველზე. გადაწყვეტილებებს, თუ რამე გვექნება მისაღები, მივიღებთ ხალხთან ერთად. შევთანხმდით, რომ ყველანი ერთიანები ვართ და ამ ერთიანობას წყალი არ გაუვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო პრეზიდენტის მოწოდებაც. დიდი ხანია მე, პირადად ეს პოზიცია მქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ პროცესში. დღეს ხალხმა, საზოგადოებამ პირდაპირ დაინახა, რომ არის რუსული რეჟიმი, რომელიც თვითმარქვიაა და რომელიც აპირებს, გაწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა დასავლეთთან, მოგვაქციონ იზოლაციაში. ჩვენ გარდა იმის, რომ ერთიანი ფრონტით ვიბრძოლოთ ბოლომდე, სხვა ვარიანტი არ გვაქვს”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

გვარამია-მელიას კოალიციის შემდეგ, პარლამენტის კანცელარიას მანდატების გაუქმების მოთხოვნით “ლელომ” მიმართა. კოლეგებისგან განსხვავებული იყო განცხადების ფორმა და შინაარსი. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია ტექსტში პარლამენტს არალეგიტიმურად, თავმჯდომარეს კი თვითგამოცხადებულად მოიხსენიებს. კოალიციის ლიდერების აზრით, სამართლებრივად ამ სტილის დოკუმენტს პრობლემა არ აქვს. ყოფილი ბანკირები ამტკიცებენ, რომ ამ ქმედებით ამომრჩევლის წინაშე აღებულ ვალდებულებას ასრულებენ.

“ლელოს” განცხადებას სპეკულაციურს უწოდებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობაში განცხადების შინაარსს, ოპონენტების მიერ უკან დასახევი გზის დატოვებად აღიქვამენ. ამბობენ, რომ ყოფილმა ბანკირებმა სამართლებრივად გაუმართავი ტექსტის მიუხედავად, პარლამენტისთვის მიმართვით საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობაც აღიარეს.

ოპოზიციას მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში სულ 61 მანდატი აქვს. 27 დეპუტატს ამ დრომდე უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნას არ ჩქარობს. ექსპრემიერ გახარიას გუნდი კოლეგებისგან განსხვავებით მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას ჯერჯერობით არ აპირებს. ნაცმოძრაობაში კი ვერ ასახელებენ თარიღს, როდესაც სააკაშვილის პარტია სადეპუტატო უფლებამოსილების ანულირებას მოითხოვს.

ოპონენტების გულწრფელობის არ სჯერათ მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო გუნდში ამტკიცებენ რომ ოპოზიცია 2020 წლის სცენარს მიჰყვება. რეალურად კი სადეპუტატო სკამების დაკავება, “ქართული ოცნების” აზრით, მხოლოდ უცხოეთიდან მიღებულ დირექტივებზე იქნება დამოკიდებული.

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა საქმიანობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ამ დრომდე სადეპუტატო მანდატზე უარის შესახებ განცხადება, სხვადასხვა ფორმით, მხოლოდ 34 კანონმდებელს აქვს დაწერილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button