აქციის მონაწილეებმა “პირველ არხთან” გზა გადაკეტეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში შეკრებილმა დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს, მას შემდეგ რაც მათ საზმაუს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უარი უთხრეს. დემონსტრანტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის: დაეთმოს უწყვეტი ეთერი ხალხს, რომელიც მეოთხე დღეა ქუჩაში პროევროპულ აქციებს მართავს; ოპოზიციონერ ლიდერებსა და პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს.
. დღეს, მაუწყებელთან აქცია 18:00 საათზე დაიწყო.
ამას გარდა, დემონსტრანტები საზმაუს გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომასაც მოითხოვენ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინია კაკაბაძემ თქვა, რომ გზას მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ გახსნიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
არ ვიცი, რატომ უნდა მოვითხოვოთ ეთერი იმ პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომელთაც თავიანთი ტელევიზიები აქვთ. ტრიბუნა მივცეთ იმ ხალხს, ვისი ხმაც არ ისმის, გვარამიას ხმა კარგად ისმის, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ლევან ლორთქიფანიძემ საქართველოს პირველ არხთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ლევან ლორთქიფანიძემ აღნიშნა, გუშინდელმა ეთერმა აჩვენა, რომ ხალხს სურს ნამდვილი ადამიანების გამოსვლები.
„მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით დემოკრატიულ გარემოში, ხომ? დემოკრატიული ფორუმია აქ. ჩემამდე ისეთი ხალხი გამოვიდა, რომელთან ერთად დგომასაც ვერ წარმოვიდგენდი და დარწმუნებული ვარ, ბევრს არც მე ვეხატები გულზე, მაგრამ ამ მიტინგზე ვართ ადამიანები, რომელთაც გვაქვს განსხვავებული მოსაზრება. მე არ ვიცი, რატომ უნდა მოვითხოვოთ ეთერი იმ პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომელთაც თავიანთი ტელევიზიები აქვთ. საიდან? რატომ? რამე ვერ მიაქვთ სათქმელი ადამიანებთან? რაში სჭირდებათ ხმა იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო წლებია, ყველაზე ხმამაღლა ყვირიან ამ საზოგადოებაში? თუ ხმის მიწვდენა უნდათ მათ ხალხთან, ამ ხმას მიიტანენ. ჩვენი წინადადებაა, ტრიბუნა მივცეთ იმ ხალხს, ვისი ხმაც არ ისმის, ვისაც წართმეული აქვს ეს ხმა. აქ არიან ასეთი ადამიანები. დავინახე მაგალითად, ირაკლი ლომოური, შესანიშნავი ქართველი მწერალი, მისი ხმა არ ისმის დღეს საზოგადოებაში, გვარამიას ხმა კარგად ისმის. ასე რომ, ჩვენ აქ ნაწილი არ ვდგავართ იმისთვის, რომ იმ ხალხს, ვისაც ხმა აქვს, კიდევ უფრო მეტად ილაპარაკონ. ტრიბუნა სჭირდებათ ადამიანებს. გუშინდელმა ეთერმა აჩვენა, რომ ხალხს სწყურია ნამდვილი ადამიანების გამოსვლები, ხალხს სწყურია იმ ხალხის გამოსვლა, ვინც ყოველ დღე იბრძვის და იზიარებს ისეთივე გაჭირვებას, როგორშიც არის უმრავლესობა. ასე რომ, გაითვალისწინეთ ეს შენიშვნა, რომელიც ნაწილს აქვს ამ დემონსტრაციაზე“, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
მოქალაქეები იმყოფებიან, როგორც უშუალოდ შენობასთან, ისე საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც გადაკეტილია გზა.
„ეს არის ჩვენი ჩვენი მწვავე, მაგრამ ლეგიტიმური უფლება. ჩვენი რაოდენობა იმხელაა, რომ ამ გზის გადაკეტვა არის ლეგიტიმური. მოთხოვნები არ იცვლება, უნდა გადაგეს ყველა ის ადამიანი, ვინც, 12 წელია სიცრუეს ტირაჟირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიიდან“ ,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცირა ელისაშვილმა.
საზმაუს შენობასთან აქცია, გუშინ 30 ნოემბერსაც გაიმართა. მოქალაქეები თავისუფალ ეთერს მოითხოვნენ. აქციის დაწყებიდან მალევე, დემონსტრანტებთან ჩავიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე.
საბოლოოდ, შეთანხმება შედგა და აქციის მონაწილეებმა თავად გადაწყვიტეს ვის უნდა ესაუბრა მაუწყებლის ეთერიდან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. საგანგებო ეთერი თავდაპირველად ნინო ზაუტაშვილს უნდა წაეყვანა, თუმცა მოგვიანებით, წამყვანის ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა დაიკავა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში აქციის მონაწილეების გამოსვლის შემდეგ სტუდიაში პირველი არხის ჟურნალისტები შევიდნენ. ისინი ამბობენ, რომ მათ მიმართ უსაფუძვლოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა.
შეგახსენებთ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების რუსული ნაბიჯების მოწინააღმდეგე მოქალაქეები მეორე დღეა “პირველ არხთან” აქციას მართავენ და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა იმ ხელმძღვანელობის გადადგომაა, რომელიც “ქართული ოცნების” პროპაგანდის გავრცელებას უწყობს ხელს.