რუსთაველის გამზირი, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაიკეტა
რუსთაველის გამზირი, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაიკეტა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაწყებული მსვლელობა რუსთაველის გამზირზე არსებულ მთავარ საპროტესტო აქციას შეუერთდა. მსვლელობაში მონაწილეობდნენ, როგორც სტუდენტები, ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. აქციის მონაწილეები პროტესტის დროს დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
პარლამენტის წინ მყოფი აქციის მონაწილეები, თსუ-დან მსვლელობით მისულ აქციის სხვა მონაწილეებს ტაშით დახვდნენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, სათაურით- გაიფიცე”, “შინ ევროპაში”, “ჩვენი ადგილი ევროპაშია”.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან განლაგებულები, რომლებსაც კორდონი აქვთ გაკეთებული და მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა შესასვლელებთან მისვლას უზღუდავენ.
აქციის მონაწილეები კვლავ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
ასევე, მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები უკვე მეათე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს.