ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ ოთხს პირს – ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ანდრო ჭიჭინაძემ სიტყვით ისარგებლა.
„ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. სიმართლე როცა შენ მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც. ეს ძალა და ენერგია დღეს აქ არის“, – განაცხადა ბრალდებულმა.
ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეზე აპელირებდა. პროკურორები დაკავებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზე მიუთითებდნენ, რის გამოც ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდნენ.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ყველა მათგანი ასაბუთებდა, რომ დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.
რუსლან სივაკოვი: „საქართველოში სამუშაოდ ჩამოვედი. ავადმყოფი ძმა მყავს, სიმსივნე აქვს და მის დასახმარებალად. დემონსტრაციაზე წასასვლალელად აქ არ ჩამოვსულვარ“.
“სახელმწიფო ცდილობს, რომ ჩვენ მაგალითად წარმოგვადგინოს, … წასვლა რომ მდომოდა, ამ აქციაზე არ ვიდგებოდი, სადაც მოქალაქეების მომავალს ვიცავთ” – უთხრა მოსამართლეს ლუკა ჯაბუამ.
ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით გირაოს განსაზღვრას თავად სთავაზობდნენ.
სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომას ანდრო ჭიჭინაძის კოლეგები, ოჯახის წევრები და დაკავებულების ახლობლები ესწრებოდნენ.
“ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი – გთხოვთ, გირაო შემიფარდოთ” – ასეთი იყო ერთ-ერთი ბრალდებულის ონისე ცხადაძის სიტყვა სასამართლოს პროცესზე.
ცნობისთვის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სხდომაში მყოფების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. “სირცხვილია”, “მონებო” – ამ შეძახილებით შეხვდნენ ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას.
ექვსივე დაკავებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 იანვარს ჩაინიშნა.
რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 28 პირი.
მათ ნაწილს 6-7 დეკემბერს უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა.