დიდი ბრიტანეთი აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას ამცირებს ჩართულობას ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებთან
დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრი, დევიდ ლამმი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება. მის კომენტარს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და აჩერებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ჩართულობას.
“მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა”, – წერს ის.
მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკისმომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს.
“ეს ქმედებები ლახავს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროპული მომავლის მიმართ”, – აცხადებს დევიდ ლამი და აღნიშნავს, რომ
გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას და მხარს უჭერს მათ უფლებას აირჩიონ საკუთარი ქვეყნის მომავალი.
მეთორმეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. პოლიცია მომიტინგეებს არბევს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში გადაწყვიტეს, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა – მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.
გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
დაკავებისას და დაკავების შემდეგ არაერთ ადამიანს სცემეს.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.