მნიშვნელოვანისიახლეები

პროტესტის მე-12 დღე-უწყვეტი აქცია პარლამენტთან

პროტესტის მე-12 დღე, უცვლელი მოთხოვნებით მოქალაქეები ისევ პარლამენტის წინ იკრიბებიან. ახალი არჩევნები და იმ პირების დასჯა, რომლებიც დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ – დღესაც ამ მოთხოვნებით გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, თუმცა – მცირე რაოდენობით.
პროტესტის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

დაახლოებით 20 წუთის წინ გადაიკეთა დედაქალაქის მთავარ გამზირზე საავტომობილო გზა – პარლამენტის წინა ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეები, დაახლოებით ერთი საათია, რაც მოვიდნენ.

მომიტინგეებს, ტრადიციულად, მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

ამ დროისთვის, აქციაზე მშვიდი ვითარებაა, დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია. აქციის მონაწილეები კვლავ აპირებენ მთელი ღამის განმავლობაში აქციაზე დარჩენას.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იმყოფებოდნენ, ისინი პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.

აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტის მიმდებარე ქუჩებში, ამ დროისთვის სამართალდამცავები არ არიან მობილიზებულები. პოლიცია, ჯერჯერობით არც თავისუფლების მოედანზე დგას.

რაც შეეხება პარალელურ ქუჩებს – ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე არც დემონსტრანტები და არც – სამართალდამცავები.

დემონსტრანტებს ჯერჯერობით არ გამოუყენებიათ ფოიერვერკი და არც რკინის ჯებირებზე ბრახუნის ხმა ისმის.

შეგახსენებთ, თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები უკვე მეთორმეტე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

მსგავსი პოსტები

Back to top button