ოცნების გადაწყვეტილებით აქციების დროს სახის ნიღბით დაფარვა ასევე ლაზერებისა და პიროტექნიკის გამოყენებაც აიკრძალა

„ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომლითაც დემონსტრანტებს აქციებზე სახის დაფარვა აუკრძალა. ამ წესის დარღვევისთვის მოქალაქეებს 2000 ლარით დააჯარიმებენ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ დაჩქარებულად მიღებული კანონპროექტით, აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ ლაზერებისა და პიროტექნიკის გამოყენებაც.
“ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საბოლოო, მესამე მოსმენით, 83 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.
კანონპროექტის კანონად ქცევისთვის აუცილებელია დოკუმენტს ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა. თუ ის ცვლილებებს არ ეთანხმება, შეუძლია გამოიყენოს ვეტო, სხვა შემთხვევაში კანონპროექტს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე.
შეკრება – მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს ასეთ პირებზე შესაბამისი ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.
ბოლოდროინდელ საპროტესტო დემონსტრაციებზე საუბრისას, 9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:
„ამ მოვლენებმა გვაჩვენა, მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ სწრაფად როგორც პიროტექნიკის რეგულაციის, ისევე საჯარო შეკრებისას შენიღბვის აკრძალვაში“.
28 ნოემბრიდან თბილისში დაწყებულ ხალხმრავალ აქციებზე დემონსტრანტები აქტიურად იყენებენ პიროტექნიკას და ლაზერებს. აქციის მონაწილეებს პოლიციისგან გაშვებული ცრემლმდენი აირისგან თავის დასაცავად სპეციალური ნიღბები უკეთიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩივის, რომ ამ მიზეზით ვერ პოულობს იმ ადამიანებს, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასა თუ ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესების დარღვევას მოედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩივილის პასუხად, „ქართულ ოცნებაში“ შეიმუშავეს კანონპროექტი და პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ერთ კვირაში მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, აქციის მონაწილეებს სახის დაფარვა აეკრძალებათ, აქციებზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის კი დააჯარიმებენ.
ამავე პაკეტის გათვალისწინებით, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.
28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შსს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
დემონსტრაციები არაერთხელ დაარბიეს საპოლიციო ძალებმა, დაშავებულია არაერთი ადამიანი. მათი ნაწილზე პოლიციამ დაკავებისა და განყოფილებაში გადაყვანის დროს იძალადა. შსს იუწყება, რომ აქციის მონაწილეთა ნასროლმა ნივთებმა ათეულობით პოლიციელი დააშავა.
10 დეკემბერს ომბუდსმენმა დაწერა, რომ მისმა თანამშრომლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 337 ადამიანი; მათგან 225 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.
შეგახსენებთ პარლამენტმა განიხილა და 82 ხმით მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა წარადგინა.
ცვლილებები ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის საკითხების დარეგულირებას.
საკანონმდებლო პაკეტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: იქონიონ ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას, ასევე, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა.