მნიშვნელოვანისიახლეები

“ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო პაროდიად აქცია,,-პრეზიდენტი

აქ ვარ და აქ ვიქნები, არსად არ მივდივარ, იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი-პრეზიდენტი

აქ ვარ და აქ ვიქნები, არსად არ მივდივარ, იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა არის ახალი არჩევნები.

„ამბობენ, რომ არ ვიცით, რა მოთხოვნა დგას ამ პროტესტის უკან. ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთი რამისთვის, დაინიშნოს ახალი არჩევნები. იმიტომ, რომ სხვა მშვიდობიანი გზა არ არსებობს, სხვა პოლიტიკური პროცესი არ არსებობს. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში მშვიდობა უნდა, თუ ვინმეს უნდა ამ ქვეყანაში, რომ ამ კრიზისიდან რაიმე ფორმით გამარჯვებულები გამოვიდეთ, არსებობს ერთადერთ გზა, ეს არის არჩევნების გზა. სამართლიანობის და სამართლიანი არჩევნების გარეშე არ არსებობს არც მშვიდობა და არც შემდეგ რაიმე პოლიტიკური პროცესი. მე ვარ ამისთვის აქ და სხვათა შორის არსად არ მივდივარ, არავის არ დავტოვებ, სულ ამას მეკითხებიან. აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ხელისუფლების ლეგიტიმური ნაწილი, რომელიც რეალურად არჩეულია და რომელიც ასახავს ამ ქვეყნის და ამ საზოგადოების ხმას. მე ვარ თქვენი წარმომადგენელი უცხოელებთან და ეს არის ერთგვარი ლეგიტიმაცია. მე ვარ ასევე თქვენი წარმომადგენელი ქვეყნის შიგნით. როგორც კი დადგება დრო, რომ, როცა ვისაც, დღეს ჰგონია, რომ რეპრესიებით და სხვადასხვა ხერხებით შეიძლება ამ საზოგადოების დამონება, როცა ესენი მიხვდებიან, რომ სხვა გზა არ არის თუ არა არჩევნები, მე აქ ვარ და აქ ვიქნები იმისათვის, რომ დავსხდეთ და ვიფიქროთ, როგორ მოვაწყოთ ეს არჩევნები იმისათვის, რომ ამ ქვეყანას დავუბრუნოთ მშვიდობა, სამართლიანობა და მომავალი, ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი გზა. ამაში ვართ ყველანი ერთად, ვინც გარეთ დგას ქუჩაში და ვინც აქ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პაროდიაა ის, რაც ხვალ პარლამენტში მოხდება – ეს იქნება ღონისძიება, რომელიც მთლიანად მოკლებულია ლეგიტიმაციას, არის არაკონსტიტუციური და არალეგიტიმური! – ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი 14 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნებს.

ზურაბიშვილის შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო პაროდიად აქცია.
მისი თქმით, ამით ხდება პროვოცირება ხალხის რეაქციების, რადგან ეს არის შეურაცხყოფა ყველაფრის, ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის.

„ეს მოჰყვება მთელ რიგ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, ამიტომ ამას დიდხანს არც დიდი ანალიზი არ სჭირდება, არც დიდხანს გაჩერება ამ თემაზე. ყველაფერი არის პაროდია, თუნდაც დღეს რაც ხდება, „ოცნებიდან“ გადის „ხალხის ძალა“, მერე დაბრუნდება, მერე იქიდან ნიშნავენ პრეზიდენტს, თუ არ ნიშნავენ. მოკლედ, ამას არაფერი კავშირი აღარ აქვს რამე პოლიტიკურ პროცესთან. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რადგან გაგვიხადეს სახელმწიფო პაროდიად. ეს ჩვენთვის, ყველასთვის არის ძალიან შეურაცხმყოფელი. ამით ერთგვარად ხდება პროვოცირება ხალხის რეაქციების, რადგან ეს არის შეურაცხყოფა ყველაფრის, ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის, ასე რომ მოეპყრო დამოუკიდებელ ქვეყნის ინსტიტუტებს, თუნდაც, პირველ რიგში, პარლამენტს და ყველა სხვა ინსტიტუტებს. ეს არის ალბათ მიუღებელი.

დღევანდელი ჩემი მოწოდებაა, რომ ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა, პაროდია იმათ დარჩებათ და მთავარი ხდება სხვაგან, დღეს ჩვენ ქუჩებში, ქალაქებში, მთავარი ხდება ის, რომ ყოველდღე გამოდის კიდევ უფრო მეტი და მეტი ადამიანი, მეტი და მეტი პიროვნება, რომელიც თავის საკუთარ პროტესტს ახორციელებს, ან გამოსვლებით, ან პეტიციებით, ან სიტყვით, ან მარშით. ამან მოიცვა მთელი ქვეყანა და ვნახეთ, რომ პრაქტიკულად ყველა ქალაქში, პატარა თუ დიდი იყო ერთგვარი პროტესტი სხვადასხვა ფორმით, ყველა თაობა. ვხედავთ, რომ ჩვენი უფროსი მეგობრები არიან ზოგჯერ სათავეში ამ პროტესტის და გვაჩვენებენ გზას. დღეს იყო ძალიან საინტერესო მაგალითი ამის, როგორ გამოდიან მართლაც ყველა პროფესიის წარმომადგენლები სხვადასხვა სეგმენტების და როგორ ყველა თავისი კუთხით და თავისი ხმით ახმოვანებს ამ პროტესტს. ამ პროტესტმა მოიცვა ასევე ჩვენი დიასპორა, ძალიან ბევრ ქალაქებში, უცხოეთში ასევე იყო გამოსვლები, მოიცვა საჯარო სექტორი, რაც ძალიან უჩვეულოა ჩვენი ქვეყნისთვის. აქამდე ძალიან ერიდებოდა საჯარო სექტორს.

ამან გამოიწვია უმკაცრესი კანონის ცვლილება დღეს საჩქაროდ, აჩქარებული პროცესით მიიღეს ახალი კანონი, რომელიც პრაქტიკულად არის საჯარო სექტორზე პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი და ა.შ. აგრძელებენ, მაგრამ ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას, არც მუქარა, არც ინტიმიდაცია, არც ყველა ეს ზომები, ხერხები, რაც არის გამოცდილი სხვადასხვა ტოტალიტარული რეჟიმების მიერ, ვერ გაჭრის ამ საზოგადოებაზე ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველო დგას და იდგება. შეიკრა და მა ამოიღო სამოქალაქო საზოგადოებამ. ალბათ სხვადასხვა ფორმით არსებობდა, მაგრამ დღეს შეიკრა, შედგა. ასევე ევროპული საქართველოს იდეით გაერთიანდა ერი და შედგა ეროვნული თანხმობა. ის, რასაც ვხედავთ ქუჩებში, ის სოლიდარობა, სიყვარული, სითბო, მოთმინება, მშვიდობიანი გამოხატულება ამ ერთიანი ეროვნული განცდის არის ის, რაც საქართველოს სჭირდებოდა. ეს არის ის იდეა, რომელიც რეალობად იქცევა. ერთი რამე აკლია და ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რაც არსებობს, როცა ამბობენ, რომ არ ვიცით, რა მოთხოვნა დგას ამ პროტესტის უკან. ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთი რამისთვის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, რადგან სხვა მშვიდობიანი გზა არ არსებობს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 14 დეკემბერს, “ოცნების” არალეგიტიმური პარლამენტი არალეგიტიმური პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს.

“ოცნების” თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება.

კანონპროექტს ოცნების 85-მა თვითგამოცხადებულმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button