ევროპარლამენტის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის სხდომაზე მიიწვია
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიიწვია. ეს განცხადება რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის პლენარული სხდომის გახსნის დროს გააკეთა.
მან სოლიდარობა გამოხატა ქართველი ხალხის მიმართ, დაგმო რეპრესიები ოპოზიციის და ძალის გამოყენება მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ.
რობერტა მეცოლამ ევროკავშირს “გადამწყვეტი ქმედებებისკენ”, მათ შორის დარღვევებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
“ევროპარლამენტი სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც თბილისში და ქვეყნის მასშტაბით უკვე ორი კვირაა ქუჩებში მშვიდობიანად და ვნებიანად იბრძვის ევროპული მომავლისთვის, აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს, როდესაც მათ თავს წყლის ჭავლის ნაკადი ესხმით. საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენ გხედავთ თქვენ, გვესმის თქვენი და თქვენს გვერდით ვართ.
ეს პარლამენტი კატეგორიულად გმობს რეპრესიებს ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ. ეს ქმედებები შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის გზასთან.
ჩვენ მოვუწოდებთ გადამწყვეტი ქმედებებისკენ, მათ შორის სანქციების დაწესებისკენ იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ამ დარღვევებზე და ვთხოვთ ყველა 27 წევრ სახელმწიფოს, გაერთიანდნენ და ამ ზომების შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.
ჩვენ ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ. მასთან ერთად განვიხილავთ, თუ რომელი ფორმატი იქნება ამისთვის საუკეთესო. […] ევროპული მომავლისკენ გზაზე საქართველოს გვერდით ვდგავართ და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება”, – თქვა მან.