“პატარა დისკომფორტი” და ,,ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რაზეც ოცნებობს თითოეული ქართველი, სადაც არის სამართლიანობა,,-
ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რაზეც ოცნებობს თითოეული ქართველი, სადაც არის სამართლიანობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების თემაზე კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ქართული დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის შესაბამისი დოკუმენტის მომზადების ფაქტი არის უსამართლო დამოკიდებულება და საქართველოს ხელისუფლების ერთგვარი დასჯა იმის გამო, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გაიხსნა და სანქციებზე მიერთება არ მოხდა.
„წარმოუდგენელია ეს ფაქტი. რის გამო უნდა შეუზღუდონ დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს გადაადგილება ვიზის გარეშე თუ ვიზით? ჯერ თავადაც არ არიან ჩამოყალიბებული. წარადგინეს დოკუმენტი, რომელზე მუშაობაც უნდა დაიწყონ და როგორ დამთავრდება ეს მუშაობა, არავინ იცის. რის გამო უნდა დაგვასანქცირონ, რომ არ მივეცით შესაძლებლობა, ქვეყანაში მეორე ფრონტი გაეხსნათ და სანქციებს არ მივუერთდით? ამით დავაზარალებდით ჩვეულებრივ ადამიანს, გლეხს, ბიზნესს, მცირე და საშუალო სექტორის წარმომადგენლებს. შემდეგ ეკონომიკა თავზე ჩამოგვეშლებოდა. ამიტომ არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, დავიცავით ჩვენი ხალხისა და ეროვნული ინტერესები. ამის გამო თუ უნდა დავისაჯოთ, კი ბატონო. ეს არის უსამართლო დამოკიდებულება და არასამართლიანი პროცესები. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რაზეც ოცნებობს თითოეული ქართველი, სადაც არის სამართლიანობა. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ეს დამოკიდებულებაც მალე შეიცვლება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რომ 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ქვეყანაში უფრო დიდი არეულობის პრევენცია მოახდინა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიციურმა ძალებმა ყველა რესურსი გამოიყენეს, თუმცა ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ არ შედგა.
„ჩვენ თუ დავაკვირდებით, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იყო შანტაჟი და მუქარები, იგივე გააკეთეს უკვე მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხზე. ჩვენ პირდაპირ კონსტიტუციაში ჩავწერეთ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა. ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა. შესაბამისად, გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, რასაც მივყვებით, თანმიმდევრულად ვასრულებთ, რათა ევროკავშირის ღირსეული წევრი გავხდეთ. თუმცა, ამ გზაზე როცა ხდება შანტაჟი, პოლიტიკური გადაწყვეტილებას მიღება და უსამართლოდ მოქცევა, ეს ძალიან მძიმეა და დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროპულ მომავალს. ჩვენ მზად ვართ, დადონ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ხელს დღესვე ვაწერთ. რაც შეეხება საფრთხეებს, წინა წლებიც რომ გავიხსენოთ, რევოლუციის მოწყობის რამდენი მცდელობა იყო. ხან ჟურნალისტები გვიწყობდნენ რევოლუციას, ხან – არასამთავრობოები, ახლა კი ყველაფერი გააერთიანეს. ისინი არჩევნებში დამარცხდნენ და ძალიან მწარედ მიიღეს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მათ უთხრა არა, რადგან ქვეყანაში ბოროტება, უსამართლობა, სისხლისღვრა არასდროს დაბრუნდება. ამაზე გაბოროტებულებმა ყველა რესურსი გამოიყენეს, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულებიც კი ჩართეს, მაგრამ ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ არ შედგა, სახელმწიფო გადატრიალების შესაძლებლობას არავის მივცემთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მედიის შეკითხვის პასუხად შეაფასა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურის დაწყებაზე. მისი სიტყვებით, “ეს არის სიმბოლური ჟესტი”.
“საუბარია იმაზე, რომ სავიზო შეზღუდვა შეიძლება იყოს შემოღებული დიპლომატიურ პასპორტზე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ შეხვალ დიპლომატიური პასპორტით, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიდრე წახვალ ევროპულ ქვეყანაში, უნდა შეიტანო განაცხადი ვიზაზე, ჩაგირტყამენ და წახვალ შესაბამის ევროპულ ქვეყანაში. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ დიპლომატიური პასპორტით საერთოდ ვერ შეხვალ ევროპაში”.
ამასთან, ირაკლი კობახიძე “პატარა დისკომფორტს” უწოდებს იმას, რომ დიპლომატიური პასპორტების მქონე ადამიანებს შესაძლოა ევროკავშირში წასასვლელად სავიზო განაცხადის შეტანა მოუწიოთ.
“შეიძლება დიპლომატიური პასპორტი ჰქონდეს, შეიძლება ჩვეულებრივი და ორივე შემთხვევაში მოუწიოს სავიზო განაცხადი შეიტანოს ვიზაზე. ჩაურტყამენ ვიზას და წავა ევროპულ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, პატარა დისკომფორტია, მაგრამ არა უმეტეს”, – განაცხადა კობახიძემ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 16 დეკემბრის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირი იწყებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურას და ამ ეტაპზე არ უწესებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.
ყველა შემთხვევაში და ყველა ეტაპზე სამართლიანობა იმარჯვებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარდამჭერი პოზიციების მქონე ქვეყნების რიცხვი გაიზარდა. დარწმუნებული ვარ, ეს დინამიკა კიდევ უფრო პოზიტიური იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა ეხება დიპლომატიურ პასპორტებს და არა კონკრეტულ პირებს. რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული თუ იქნება, ამით არაფერი შეიცვლება.
„ამ გადაწყვეტილებებმა რადიკალური ოპოზიციის სასოწარკვეთილება და ნიჰილიზმი კიდევ უფრო გაამძაფრა. როგორც ჩანს, განხილვაშიც არ ყოფილა ის გადაწყვეტილებები, რისი დიდი მოლოდინი და სურვილიც ჰქონდათ. რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვას, ეს ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებს და არა კონკრეტულ პირებს. საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება თუ მაინც იქნა მიღებული, საერთოდ არაფერს ცვლის. ამიტომ ძალიან გაუგებარი და ღიმილის მომგვრელი იქნება. ყველა შემთხვევაში და ყველა ეტაპზე სამართლიანობა იმარჯვებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარდამჭერი პოზიციების მქონე ქვეყნების რიცხვი გაიზარდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ეს დინამიკა კიდევ უფრო პოზიტიური იქნება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
როგორ შეიძლება, ადამიანს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა „წითელი პასპორტით“ შეეძლოს და „ლურჯი პასპორტით“ არა? ტექნიკურ დონეზეც კი გაურკვეველი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უსაფუძვლო გადაწყვეტილებები ქართველ ხალხს ევროკავშირისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას უჩენს.
„როგორ შეიძლება, ადამიანს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა ე.წ. ლურჯი პასპორტით არ შეეძლოს, სამაგიეროდ, წითელი პასპორტით შეეძლოს? ტექნიკურ დონეზეც კი გაურკვეველია, რა გადაწყვეტილება იყო მიღებული. ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და ტექნიკურ დონეზეც შეუძლებელია, რომ ახლა ვიმსჯელოთ, რა იქნება, რა შეზღუდვასთან გვექნება საქმე. დიპლომატებზე როდესაც გვაქვს საუბარი, დიპლომატებისთვის პასპორტის გამოყენების აკრძალვა საერთოდ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, არანაირ წესსა და იმ მართლწესრიგში, რომლითაც სხვადასხვა სახელმწიფო ერთმანეთთან ურთიერთობს. სამწუხაროა, რომ ასეთი უსაფუძვლო გადაწყვეტილებები საფუძველი ხდება ქვეყანაში სკეპტიკური დამოკიდებულებების გაჩენის ევროპისადმი და ევროკავშირისადმი. ეს არ გვინდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ და ისევ გარკვეული თანამდებობის პირების გადაწყვეტილებები სწორედ ამისკენ უბიძგებს ქართველ ხალხს“, – აღნიშნა გორდულაძემ.
………………………….
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 16 დეკემბრის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირი იწყებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურას და ამ ეტაპზე არ უწესებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ არსებობს თანხმობა ქართველი თანამდებობის პირების დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ.
16 დეკემბერს ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველო იყო. მათ იმსჯელეს იმ ზომებზე, რომლებიც საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ უნდა შემოიღონ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილეს „ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირება, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის უკან დგას“.
თუმცა ამ ეტაპზე ევროკავშირი იმაზე შეთანხმდა, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდებათ.
„გვქონდა ძალიან მწვავე დისკუსია და იყო სურვილი, მეტი გაკეთებულიყო, – განაცხადა კაია კალასმა, – ბევრმა თქვა, შევხედოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და მზად ვართ, დამატებითი ნაბიჯები გადავდგათო“
ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმი 2011 წლიდან მოქმედებს – ეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო.
დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტით სარგებლობენ უმაღლესი თანამდებობის პირები – მთავრობის წევრები, პარლამენტარები, მაღალი თანამდებობის ბიუროკრატები და საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენელი, მათ შორის, კათოლიკოს-პატრიარქი.
უცნობია, დაუშვებს თუ არა ამ მხრივ გამონაკლისს ევროკავშირი. 16 დეკემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ თქვა, რომ უნგრეთმა მიაღწია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს გამორიცხვას ევროკავშირის სანქციებიდან. ბუდაპეშტი ადრეც ამტკიცებდა, რომ სანქციების სიაში არცერთი რელიგიური ლიდერი არ უნდა იყოს შეყვანილი.
ბრიუსელში საქართველოს შესახებ 17 დეკემბერსაც იმსჯელებენ. ევროკავშირის ზოგადი საკითხების საბჭო განიხილავს გაფართოების ანგარიშის შეჯამებას, რომელშიც საუბარია საქართველოზე.
საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, უნგრეთის გარდა, „ქართულ ოცნებისთვის“ არ მიულოცავთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და შესაძლო ფალსიფიკაციის გამოძიება მოითხოვეს. გარდა ამისა, ფაქტობრივად შეჩერებულია კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი ტელეფონით ესაუბრა არა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, არამედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.
მეოცე დღეა, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.