პარლამენტის მიმართულებით “მამების მარში” და კალათბურთელების მსვლელობა დაიწყო
უწყვეტი პროტესტის 22-ე დღეს თბილისში გურულები აქცია-მსვლელობას მართავენ

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამების მარში დაიწყო.
როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა: აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება, ხელახალი და სამართლიანი არჩევნები და ევროინტეგრაცია.
“ეს ურჩევნია მამულსა, შვილნი გვჯობნიან მამებსა!”, – ასეთი შინაარსის ბანერები აქვთ მამებს მარშზე.
ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მამების აქციას შეუერთდნენ კალათბურთის მოყვარულები და კალათბურთელებიც.
როგორც მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ, კალათბურთელმა ნიკა მეტრეველმა განაცხადა, “ მიუღებელია პოლიციური რეჟიმი” , რასაც მოქალაქეები არ შეეგუებიან.
“დღეს ერთ-ერთი ისტორიული მომენტია საქართველოს ისტორიაში, რადგან ასეთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. როგორც წინა მთავრობა ძალადობდა , იმავეს აკეთებს ეს მთავრობა. ყოვლად მიუღებელია პოლიციური რეჟიმი, ჩვენ ამას არ დავნებდებით. ასევე ვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავისუფლებას”, – განაცხადა ნიკა მეტრეველმა.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
უწყვეტი პროტესტის 22-ე დღეს თბილისში გურულები აქცია-მსვლელობას მართავენ. გურულები ევროპის მოედანზე იკრიბებიან და საპროტესტო მარშით პარლამენტისკენ მიემართებიან.
გურიის რეგიონის წარმომადგენლები ხელახალ არჩევნებსა და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით ისინი პირველები არიან და იმედოვნებენ, რომ სხვა რეგიონის წარმომადგენლებიც ჩამოვლენ დედაქალაქში და შეუერთდებიან პროტესტს.
“ამდენი გურული რომ თბილისში ჩამოვა არაა კარგად საქმე. აქედან გამომდინარე ჩამოვედით და დავრჩებით კიდეც სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება და სანამ ბატონი ბიძინა და კიდევ მისი მიმყოლ-მომყოლი ვერ მიხვდება თუ რა ხდება საქართველოში, რატომ გამოვედით ხალხი გარეთ, რატომ ვაპროტესტებთ,” – განაცხადა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა და აქტივისტმა ლადო აფხაზავამ.