მნიშვნელოვანისიახლეები

OSCE/ODIHR -ის საბოლოო დასკვნას ოპოზიცია პასუხობს

სინამდვილეში, ეუთო/ოდირის დასკვნა არის უკიდურესად უარყოფითი, პრაქტიკულად, არ არსებობს დარღვევა, რომელიც არ არის დაფიქსირებული, – ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ OSCE/ODIHR -ის საბოლოო დასკვნას.

ჯაფარიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა „თავი მოიკატუნა“, თითქოს დასკვნაში მათთვის რამე სასარგებლო ეწეროს.

„სახეზეა პრობლემა წაკითხულის კარგად გაგების თვალსაზრისით, ეს პრობლემა გამოიხატა კობახიძის შემთხვევაში, როდესაც მან წაიკითხა ეუთო/ოდრის დასკვნა და გამოიტანა სრულიად სხვა შთაბეჭდილება. სინამდვილეში, ეუთო/ოდირის დასკვნა არის უკიდურესად უარყოფითი, პრაქტიკულად არ არსებობს დარღვევა, რომელიც არ არის დაფიქსირებული, შესაბამისად, სხვა არაფერი დარჩენოდა კობახიძეს, გარდა თავის მოკატუნებისა, თითქოს, მათთვის რამე სასარგებლო ეწეროს. სინამდვილეში ეს არის უკიდურესად უარყოფითი და კრიტიკული დასკვნა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

იურისტი საბა ბრაჭველი, სოციალურ ქსელში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ოდირის დასკვნას ეხმიანება და წერს, რომ საბოლოო დასკვნაში არეჩვნების დღე და პოსტ-საარჩევნო პერიოდი “მიწასთან არის გასწორებული”.

საბა ბრაჭველის თქმით, ოდირის შეფასებითაც – ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა.

“ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნა დაიდო. მიწასთან არის გასწორებული როგორც არჩევნების დღე, ისე – პოსტ-საარჩევნო პერიოდი.

მთელი რეპორტის წაკითხვა ვისაც გეზარებათ, უბრალოდ პრეს-რელიზს გაეცანით, გთხოვთ. ასეთი შეფასება მე არ მახსენდება. მხოლოდ უარყოფითი დასკვნები, მხოლოდ კრიტიკა, მხოლოდ საშინელ დეტალებზე ხაზგასმა. არც ერთი, ვიმეორებ, არც ერთი დადებითი შეფასება – https://www.osce.org/odihr/elections/584050

ოდირი წერს, რომ ის არ ეხება არჩევნების ცნობა-არ ცნობის საკითხს, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მაგრამ ადვილად შეიძლება მისი შეხედულების ამოცნობა. ის მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ანგარიშიდან შესაბამისი დასკვნები თავად გამოიტანოს (“This enables voters to form their own judgments about the quality of the election”) და საარჩევნო ცვლილებების განსახორციელებლად მიმართავს არა მთავრობას, არამედ ფართო საზოგადოებას.

შეიძლება ითქვას, რომ უკვე ოდირის შეფასებითაც – ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა.

EDIT: ეს არის ანგარიშის საბოლოო დასკვნები. მარტო ამაზე დაყრდნობითაც შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია საუბარი ლეგიტიმურ არჩევნებზე:

შეწყდეს ამომრჩევლის დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, ხმების ყიდვა და არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა.
საფუძვლიანად გადაისინჯოს კანონმდებლობა და შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.
გადაიხედოს საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშვნის პროცედურა, რათა ერთ პარტიას არ ჰქონდეს გადამწყვეტი უპირატესობა.
შეიქმნას ნათელი მექანიზმი საარჩევნო დაფინანსების მონიტორინგისთვის, მათ შორის მედია მონიტორინგის სააგენტოს დამოუკიდებლობის მხრივ.
უზრუნველყოფილ იქნას საარჩევნო დავების გამჭვირვალედ და ეფექტურად განხილვა.
მიღებულ იქნას ზომები იმისთვის, რომ მოქალაქე დამკვირვებლებმა შეასრულონ მოვალეობები ზეწოლისა და დაშინების გარეშე.
უზრუნველყოფილ იქნას ხმების ფარულობა.
EDIT 2: ჩავამატებ დასკვნის შეჯამებასაც, ფოინთების მიხედვით:

უახლესი კანონმდებლობის გავლენა
– ნეგატიური ეფექტი ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.

– საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შემცირება.

ზეწოლა ამომრჩევლებზე:
– არჩევნების დღის პრაქტიკამ ხელი შეუშალა ამომრჩეველს, მიეცათ ხმა შურისძიების შიშის გარეშე.

არჩევნების შემდგომი მოვლენები:
– საჩივრების არასათანადოდ განხილვა და შეზღუდული სამართლებრივი დაცვის საშუალებები

– საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, მრავალი დაპატიმრება და ბრალდებები სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით

საზოგადოების ნდობა და არჩევნების კეთილსინდისიერება:
– ნეგატიური ზეგავლენა არჩევნების კეთილსინდისიერებაზე, საზოგადოების ნდობის შელახვა.

სამართლებრივი ჩარჩო:
– მიუხედავად იმისა, რომ ადეკვატურია დემოკრატიული არჩევნებისთვის, ბოლოდროინდელმა ხშირმა ცვლილებებმა აშკარა ეჭვები გააჩინა კანონმდებლობის ბოროტად, პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესახებ.

– საჭიროა ყოვლისმომცველი საკანონმდებლო მიმოხილვა.

მედია და კამპანიის დაფინანსება:
– პოლარიზებული და ინსტრუმენტალიზებული მედია.

– კამპანიის დაფინანსების შეზღუდული ზედამხედველობა.

– რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

წინასაარჩევნო კამპანია:
-პარტიებს, როგორც წესი, შეეძლოთ კამპანიის თავისუფლად წარმოება, თუმცა მმართველი პარტიის უპირატესობებმა არათანაბარი სათამაშო მოედანი შექმნა.

არჩევნების დღის საკითხები:
– ხშირი დარღვევები ხმის მიცემის საიდუმლოებასთან დაკავშირებით.

– პროცედურული შეუსაბამობები და ანგარიშები ზეწოლისა და დაშინების შესახებ.

– ხმის მიცემის პროცესის ჩაწერამ შეარყია საზოგადოების ნდობა.

საჩივრების განხილვა:
– საჩივრები არჩევნების დღემდე და მის შემდეგ ხშირად არ განიხილეს მხოლოდ ტექნიკური მოსაზრებებით, რამაც შეარყია მისდამი ნდობა.

არჩევნების შემდგომი პროტესტი:
– მასიური საპროტესტო აქციები ძალადობრივად იქნა დარბეული, რასაც შედეგად მოჰყვა მრავალი დაპატიმრება.

– აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებები.

– შეკრების თავისუფლებისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა,” – წერს საბა ბრაჭველი.

“ეუთო/ოდირმა ირიბად არ მისცა ლეგიტიმაცია არჩევნებს” – ასე გამოეხმაურა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, სოციალურ ქსელში ეუთო/ოდირის შემაჯამებელ ანგარიშს, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

“ეუთოს დასკვნა ცალსახად ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართა უამრავი დარღვევით და ვერ მოიპოვა საზოგადოების ნდობა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას, მხოლოდ პროცესის შეფასებას. თუმცა, ამას რატომ ამბობს? ლეგიტიმურად შეფასების შანსი წაართვა ივანიშვილის რეჟიმს. ანუ, ირიბად არ მისცა ლეგიტიმაცია არჩევნებს.

საარჩევნო პროცესი შეფასებულია უარყოფითად. არსადაა ხსენება არც სამართლიანი, არც თავისუფალი არჩევნების.

დასრულდა საუბარი ეუთოს დასკვნის მოლოდინზე. ყველაზე მძიმე დასკვნაა, რაც ოდესმე დაუწერიათ ამ ქვეყანაში.

არჩევნებმა ვერ მოპოვა საზოგადოების ნდობა. წერტილი,”- წერს სალომე სამადაშვილი.

ეუთო/ოდირის დასკვნა უკიდურესად უარყოფითია. დასკვნაში ხელისუფლებადაც კი არ არის „ქართული ოცნება“ მოხსენიებული, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები ისეთივე მართალია, როგორც იტალიის, რუმინეთისა და ესპანეთის მიერ სანქციების დაბლოკვის საკითხი.

„მჯერა საკუთარი თვალების, წავიკითხე ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც უკიდურესად უარყოფითია. დასკვნაში ხელისუფლებადაც კი არ არიან ისინი მოხსენიებული. არც კი მახსოვს, როდის წამიკითხავს დასკვნა, რომელშიც წერს ფრაზას „ყველა საარჩევნო სუბიექტთან“. ამ ფრაზას იყენებს მუდმივად, როდესაც უნდა, რომ ადრესატზე ილაპარაკოს. დასკვნაში საუბარია უამრავ დარღვევაზე. საუბარია დარღვევებზე არჩევნებამდე, საუბარია მოსყიდვაზე, ფარულობის დარღვევაზე, საუბარია იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ დავები აბსოლუტურად არატრანსფარანტულად და ყველა პრინციპის დარღვევით წარიმართა და ამის შემდეგ წერია, რომ „ეუთო/ოდირი არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ვინმეს აღიარებს ან არ აღიარებს, ჩვენი დასკვნა წაიკითხეთ და შესაბამისად თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნა, როგორი იყო ეს არჩევნები“. არც ასეთი ფრაზა არ დაუწერია არასდროს ოდირს საქართველოსთან მიმართებაში. მე არ ვიცი სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით რას წერდა, შეიძლება რომელიმე აფრიკულ ქვეყანასთან დაკავშირებით მას აქვს ასეთი ფრაზა დაწერილი, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის 2003 წელსაც კი, ვარდების რევოლუციის არჩევნების დროსაც კი ასეთი ფრაზა არ დაუწერია, როდესაც შავით თეთრზე საკუთარ დასკვნაში ოდირი ამბობს, რომ წაიკითხეთ ჩვენი მაღალი გამოცდილების მქონდე პროფესიონალების დასკვნა და თავად გააკეთეთ დასკვნებიო იმის შესახებ, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები.

ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ როდესაც ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციას მოუსმენთ, გახსოვდეთ, როგორ ეძახდა სამი დიდი ევროპული ქვეყნის: რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ამ კაცს მატყუარას. ყველაფერი, რაც პრესკონფერენციაზე ილაპარაკა, ზუსტად ისეთივე სიმართლეა, როგორიც იტალიასთან, ესპანეთთან ან რუმინეთთან დაკავშირებით ილაპარაკა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

“ჩვენს საბოლოო ანგარიშში აღინიშნა ბევრი პრობლემა, რაც ნეგატიურად აისახა ამ არჩევნების მთლიანობაზე და დააზიანა საზოგადოების ნდობა პროცესის მიმართ”, – ამის შესახებ ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ განაცხადა.

მისიის ხელმძღვანელის განცხადება OSCE/ODIHR-ის საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების საბოლოო ანგარიშშია მოყვანილი.

“ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოში, რომელიც ადასტურებს მის ადრინდელ დასკვნებსა და შეფასებებს. არჩევნები ჩატარდა ახლად მიღებული კანონმდებლობის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედების, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტების და ამომრჩევლებზე ზეწოლის სერიოზული შეშფოთებების ფონზე, რაც საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად ზღუდავდა ზოგიერთი ამომრჩევლის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას. არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებისას, ODIHR-მა დაადგინა, რომ საქმეები არასაკმარისად განიხილებოდა, რაც ზღუდავდა სამართლებრივ საშუალებებს, ხოლო პროტესტების ძალადობრივი ჩახშობა და მრავალი დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის კუთხით.

“ჩვენს საბოლოო ანგარიშში აღნიშნული მრავალი საკითხი უარყოფითად აისახა ამ არჩევნების მთლიანობაზე და შეამცირა საზოგადოებრივი ნდობა პროცესის მიმართ”, – განაცხადა ეოგან მერფიმ, ODIHR-ის 2024 წლის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში. “საქართველოს დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ მოაგვაროს ყველა პრობლემა”.

მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი ჩარჩო უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საკმარის საფუძველს, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ბოლო დროს ხშირი ცვლილებები უკუსვლას წარმოადგენს, რაც იწვევს შეშფოთებას მათი პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენების შესახებ, და კვლავ აღნიშნავს ODIHR-ის ხანგრძლივ რეკომენდაციას ყოვლისმომცველი საკანონმდებლო მიმოხილვის ჩატარების შესახებ”, – წერია ანგარიშში.

მსგავსი პოსტები

Back to top button