მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო

"ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის" - დედაქალაქსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.

ის ცოტა ხნის წინ მივიდა ზაარბრიუკენის მოედანზე, სადაც საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად მოქალაქეებმა „ერთობის ჯაჭვი“ შეკრეს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ჩამოსულ პოლონელ და ლიეტუველ ევროპარლამენტარებთან ერთად ცოცხალი ჯაჭვის აქცია-პერფორმანსს ზაარბრიუკერის ხიდზე შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილთან ერთად არიან მისი ოჯახის წევრებიც და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

ქუჩაში შეკრებილი მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს ტაშით შეხვდნენ, ისმოდა შეძახილები „მადლობა, სალომე ზურაბიშვილს“.

28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი” იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ.

თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე.

ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც შეიკვრება.
ერთობის ჯაჭვი პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეებმა და მხარდამჭერებმა დაგეგმეს, ქართული ოცნების გადაწყვეტილებიდან – შეწყვიტოს ევროპასთან დაახლოების პროცესი – ერთი თვის თავზე. „ერთობის ჯაჭვს” ორი მოთხოვნა აქვს დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები. ცოცხალი ჯაჭვი თბილისის გარდა, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქშია დაგეგმილი. დედაქალაქში ადამიანები ცოცხალ ჯაჭვში მეტეხის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე ტერიტორიაზე მანძილზე ჩაებმებიან. ჯაჭვს სხვადასხვა ლოკაციაზე უერთდებიან პოლიტიკოსებიც.

უწყვეტი პროტესტი, რომელიც 30 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისსა და რეგიონებში, დღეს ცოცხალი ჯაჭვით გრძელდება. ამ წუთებში ემზადებიან პროტესტის მონაწილეები რამდენიმე ადგილზე, კერძოდ დასახელებულია შვიდი ხიდი დედაქალაქის მასშტაბით, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან, მათ შორის არიან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლები. მოთხოვნა უცვლელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები. „ერთობის ჯაჭვი“ გაიმართება რეგიონებშიც. „მოამბის“ გადამღები ჯგუფები მუშაობენ ადგილზე და მათ რამდენიმე წუთში ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში.

ერთობის ჯაჭვს ქუთაისის მოსახლეობაც უერთდება. ქუთაისელები ჯაჭვს წითელ და რუსთაველის ხიდებს შორის შეკრავენ. ადგილზე შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.

“დღევანდელი დღით ჩვენ გამოვხატავთ ერთიანობას ამ ცოცხალი ჯაჭვით. ამ ერთიანობით ასე ხელი-ხელ ჩაკიდებული უნდა შევიდეთ ჩვენ ევროპაში აუცილებლად, ეს აუცილებელი მოთხოვნა არის ჩვენი მხრიდან. სოლიდარობას გამოვხატავთ თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებში ყველას მიმართ, ვინც დღეს ცოცხალ ჯაჭვში ჩადგება. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ასე ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა ვიაროთ ევროპისკენ,” – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა და სამოქალაქო აქტივისტმა იმედა ონიანმა.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

მსგავსი პოსტები

Back to top button