მნიშვნელოვანისიახლეები

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებთ არაფერი იცვლება, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას-კალაძე

უპირატესი გახდა საქართველოს ომში ჩართვის პოლიტიკური ამოცანა. სწორედ ამას ითხოვდნენ ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც ქვეყნის ინტერესები არ გაცვალა პირად კეთილდღეობაზე- „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“

არაფერი იცვლება, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, – ასე უპასუხა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რას შეცვლის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქვეყნის ინტერესები არ და ვერ დაითმობა“.
„არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მუდმივი ზეწოლის, შანტაჟის მიუხედავად, ხან კანდიდატის სტატუსით გვაშანტაჟებენ, ხან მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან პირადი სანქციებით და ა.შ., ქვეყნის ინტერესები არ და ვერ დაითმობა. ჩვენ დავიცავთ საქართველოს, დავიცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს.
პარტნიორობას და ურთიერთობებს რაც შეეხება, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ. მზად ვართ ურთიერთობისთვის და გვჯერა იმისიც, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში, მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, ყველაფერი დარეგულირდება და იქნება ისე, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობას შეეფერება“,- განაცხადა კალაძემ.

ბევრს არ სჯეროდა, ჰქონდა კითხვის ნიშნები, თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ეს არის დამადასტურებელი იმის, რაზეც ვსაუბრობდით ამ დროის განმავლობაში. ბევრს არ სჯეროდა, ჰქონდათ კითხვის ნიშნები, თუმცა, გუშინდელი გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი. ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად იყო დასანქცირებული. გუშინდელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ ამ სანქციების შემდეგ, მოგებულ თანხაზე გადმორიცხვის უფლება შეუჩერდება. ყველაფერი ნათელია. რას ითხოვდნენ ეს ადამიანები? ითხოვდნენ პირდაპირ ომში ჩართვას, ქვეყნის ინტერესებს დათმობას, რაც უმძიმესი და დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. მუდმივად ხდებოდა მთავრობის შანტაჟი, კაბინეტებში ხელის გადაგრეხვის მცდელობებიც იყო, სანქციებზე მიერთებისკენ მოწოდებები იყო, ეს ყველაფერი დამღუპველი და დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა, შეგვშინებოდა ზეწოლის და გადაგვედგა არასწორი ნაბიჯები, მაშინ დავკარგავდით ქვეყანას და ეს იქნებოდა უმძიმესი ფაქტი ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ერთი ადგილიდან იმართება.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის თანხებს და განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ყველაფერი მარტივად არის. ერთი ადგილიდან იმართება ყველაფერი და ეს განცხადებაც მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელ სახელმწიფოში მოგებულ სასამართლო დავას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და მოგებული თანხა, რომელიც ივანიშვილს უნდა ჩაერიცხოს, ეს ვერ მოხდებაო. ანუ რაზეც ჩვენ ამდენი ხანი ვსაუბრობდით, რომ ამ თანხებით შანტაჟი მიმდინარეობდა, ეს დადასტურდა. დღეს აღნიშნულ საკითხზე კითხვის ნიშნები აღარავის აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაცია საბოლოოდ ნათელს ხდის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულების რეალურ მიზეზებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოში“ აცხადებენ, ის, რაც გუშინ ოქსიმორონი იყო, დღეს რეალობად აქციეს.

„გვითხრეს, რომ მშვიდობა – დასჯადია. საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვა – დასჯადია. ეს კი, იმ ფონზე, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც მისი ქვეყანა დამანგრეველი ომისთვის გაწირა, ნობელის პრემიაზე იქნა წარდგენილი მშვიდობის დარგში. ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ფარისევლობა უკვე დიდი ხანია, რაც დასავლური ბიუროკრატიის ხელწერად იქცა. ყველას გვახსოვს, რომ სააკაშვილის რეჟიმს “დემოკრატიის შუქურას” უწოდებდნენ და მას მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ქვეყნის შიგნით ნებისმიერ ძალადობრივ, არაჰუმანურ და არადემოკრატიულ ქმედებაზე, ამერიკის ინტერესების მსახურების და 2008 წელს საქართველოს ომში ჩართვის სანაცვლოდ. იგივე გრძელდება დღესაც. ევროკავშირის გზაზე აწინაურებენ დსთ-ის წევრ მოლდოვას, სადაც აკრძალეს ოპოზიციური პარტიები, დახურეს დამოუკიდებელი მედია და გარდა ამისა, ყველა ობიექტური კრიტერიუმით მოლდოვა მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველოს, რომელიც უსამართლოდ ისჯება და ევროკავშირის გზაზე თუნდაც მოჩვენებითი დაწინაურების საკითხი მხოლოდ მისი შანტაჟისთვის გამოიყენება. შეგნებულად არ შევჩერდებით ომში მყოფ უკრაინაზე, საიდანაც ყოველდღიურად მოდის ცნობები ღრმად ფესვგადგმული და მასშტაბური კორუფციის შესახებ.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ შეფასების ობიექტური კრიტერიუმები აღარ არსებობს, არც თავად შემფასებელია ობიექტური, რადგან უპირატესი გახდა საქართველოს ომში ჩართვის პოლიტიკური ამოცანა. სწორედ ამას ითხოვდნენ ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც ქვეყნის ინტერესები არ გაცვალა პირად კეთილდღეობაზე. ცხადია, ღირსებისა და პატრიოტიზმის ეს ხარისხი უცხოა იმ ძალებისთვის, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდებიან და ჩვენი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილისთვის, რომელიც ივანიშვილის სანქცირებით ხარობს. ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ აშშ-ის თუ ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან გადადგმული ყოველი ახალი უსამართლო ნაბიჯი კონტრპროდუქტიულია, აზიანებს თავად ავტორებს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მტერთან ბრძოლაში.

ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს სათანადოდ შეაფასებს ისტორია, ხოლო ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია ისტორიაში დარჩება იმით, რომ მან ოთხ წელიწადში სრულად ჩამოანგრია ამერიკის ათწლეულების განმავლობაში ნაშენები რეპუტაცია, მისი ძლევამოსილების მითი და წარმოაჩინა ამერიკის საგარეო პოლიტიკის რეალური მიზნები, როგორც საქართველოსთან მიმართებაში, ასევე გლობალური მასშტაბით. ივანიშვილის უსამართლო, დაუსაბუთებელი სანქცირებაც უნდა განვიხილოთ, როგორც წარმავალი ადმინისტრაციის და Deep State-ის სასოწარკვეთილი ნაბიჯი და საბოტაჟი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button