მნიშვნელოვანისიახლეები

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო სარჩელი, რომლითაც ადვოკატები მზია ამაღლობლისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდნენ.

გუშინ საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლიდა, მაშინ ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.

16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

როგორც მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველ ორგანიზაციაში, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” ეუბნებიან მედიას, მათ ჯერ არ მიუღიათ და, სავარაუდოდ, ხვალ ჩაბარდებათ ამ გადაწყვეტილების დასაბუთება.
გამოცემების, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი რამდენიმე დღეა შიმშილობს.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსგან მივიღეთ პასუხი, რომ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის საჩივარი, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო განხილვა არ ჩატარდება, უნდა შეიცვალოს თუ არა აღკვეთის ღონისძიება, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯაბა ქათამაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკანონოა.

„უფრო მეტს მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც დასაბუთებულად წერილობით ჩაგვბარდება სასამართლოს გადაწყვეტილება. გავაგრძელებთ ქალბატონი მზიას უფლებების დაცვას, როგორც შიდა ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. დავიწყებთ მუშაობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვისთვის, ვინაიდან დარღვეულია, როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური საფუძვლები, რაც აუცილებლად უნდა არსებობდეს პატიმრობის გამოსაყენებლად და ამიტომაც, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ასევე, 4 მარტს არის ჩანიშნული შემდეგი სასამართლო სხდომა, სადაც აუცილებლად იქნება ჩვენი მხრიდან დაფიქსირებული პოზიცია, რომ უნდა შეიცვალოს აღმკვეთი ღონისძიება და პატიმრობის გამოყენების კანონიერი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ჯაბა ქათამაძემ.

21 იანვარს მზია ამაღლობელი მოინახულა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. ის იმედოვნებდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებდა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებდა მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი – იურისტების შეფასებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მიმართ ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა სამართლებრივ ლოგიკას არ ექვემდებარება; ხოლო ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.
21 იანვარსვე მზია ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადა ვაშინგტონში ვიზიტად მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა და დაწერა: „მზია ამაღლობელო, შენ მარტო არ ხარ ამ ისტორიულ ბრძოლაში საქართველოს თავისუფლებისათვის“.

ამაღლობელის დაპატიმრებას გამოეხმაურა ამერიკელი-ფილიპინელი ნობელიანტი მწერალი მარია რესა, – რომლის წიგნითაც მივიდა ამაღლობელი თავის სასამართლოზე. „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ – ასე ჰქვია მის წიგნს.

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის ცნობით, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, ციხეში შიმშილობა გამოაცხადა პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა რევაზ (რეზო) კიკნაძემ.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button