ჟურნალისტი ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი, ზვიად ქორიძე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, მასზე ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაზარალებულად ცნეს. საქმე ეხება 14 იანვარს, ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტს.
მაშინ ზვიად ქორიძემ მედიას უთხრა, რომ სასტუმროს ფოიეში ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები. მას დაზიანებები აღენიშნებოდა თვალის არეში. ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა გამოცემების, „ნეტგაზეთისა” და „ბათუმელების” დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო. ამაღლობელი 11 იანვრის შემდეგ პატიმრობაშია, მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზვიად ქორიძის მონაყოლის მიხედვითვე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას. ექიმის ინფორმაციით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა.
ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, მოგვიანებით კი პროკურატურას გადასცა.
როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ დღეს გადასცეს.
„დღეს გადმომეცა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება,“ – აღნიშნა ქორიძემ.
ქორიძემ აღნიშნა, რომ შერატონის მხრიდან კადრების მოწოდების პრობლემა კვლავ არის.
“დღეს აჭარის პროკურატურიდან მაცნობეს, რომ დაზარალებულად ვარ ცნობილი. შესაბამისად ყველა იმ უფლებამოსილებით აღჭურვილი, რაც ასეთ სისხლის სამართლის საქმეში აქვს დაზარალებულს.
ისევ არის პრობლემა კადრების მოწოდების, რომელსაც შერატონ ბათუმი ფლობს და რამდენადაც ვიცი, არც ბატონ გახარიას მიუღია ეს კადრები და არც მე”, – განაცხადა ქორიძემ.
ცნობისთვის, ზვიად ქორიძის განცხადებით, მას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დაესხა თავს. მომხდარის დეტალებზე საუბრისას, ქორიძემ განაცხადა, რომ სამხარაძე იგინებოდა, იყო მუქარაც, საბოლოოდ კი ინციდენტში დაცვა ჩაერია. ქორიძე კლინიკაშიც იმყოფებოდა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ცნობით, სასტუმრო “შერატონში” მომხდარ თავდასხმაზე პროკურატურამ ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიება დაიქვემდებარა.
მათივე ცნობით, ვიდეომონიტორინგის ჩანაწერების გადაცემაზე “შერატონის” უარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში გაასაჩივრეს.
“საქართველოს პროკურატურამ დააკმაყოფილა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადება ზვიად ქორიძეზე “შერატონ ბათუმის” სასტუმროში “ქართული ოცნების” წარმომადგენლების თავდასხმის ფაქტზე და ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნო. შსს-ს მიერ საგამოძიებო ქვემდებარობის წესის დარღვევით დაწყებული გამოძიება პროკურატურამ გადაიბარა. ზვიად ქორიძე აპირებს მიმართოს პროკურატურას განცხადებით, რათა მიაწოდონ მას ინფორმაცია საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.
გარდა ამისა, დღეს ზვიად ქორიძემ საჩივრით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და ბათუმის სასტუმრო “შერატონის” ხელმძღვანელობის მიერ ზვიად ქორიძისთვის სასტუმროს ფოიეში განლაგებული ვიდეომონიტორინგის კამერების ჩანაწერების გადაცემის შესახებ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების კანონიერების შესწავლა მოითხოვა”, – წერია განცხადებაში.