სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ორი მოქალაქე თავისუფლები არიან

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი “ცხელი ხაზის” მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად” – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ცნობა, რომ ქართულ მხარეს გადასცა ე.წ. საზღვრის ორი დამრღვევი.
დე ფაქტო “კაგებეს” თანახმად, ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი 2024 წელს დააკავეს “სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით.”
დე ფაქტო უწყების ცნობითვე, გამოძიება მიმდინარე წლის 21 იანვარს დასრულდა და გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ჯაფიაშვილმა და მამულიამ უნებურად დაარღვიეს გამყოფი ხაზი, ამიტომ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.
დე ფაქტო “კაგებე” აღარ ახსენებს ჯაფიაშვილისა და მამულიასთვის წაყენებულ პირველად ბრალდებას, რაც ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, რუსეთის არმიიდან დეზერტირის მიმალვაში ხელშეწყობას გულისხმობდა. დეკემბრის ბოლოს დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები ე.წ. საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდნენ უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლ ვლადიმერ მამარდაშვილს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზთან ორი მოქალაქის დაკავებაზე ინფორმაცია 26 დეკემბერს გაავრცელა.
სუსში კომენტარს არ აკეთებდნენ დე ფაქტო “კაგებეს” ინფორმაციაზე, თითქოს ჯაფიაშვილი და მამულია რუსეთის არმიის დეზერტირს საქართველოში გადასვლაში ეხმარებოდნენ. უწყებაში მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ დაკავებულთა გასათავისუფლებლად “ცხელი ხაზის” მეშვეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს ექვსი მოქალაქეა.