მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს

თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია, ბედნიერი იყო. ალბათ, ჩემი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის – გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში, როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში, – ამის შესახებ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან ავრცელებს წერილს, რომელიც ახალი თეატრის მანიფესტაციის დროს მსახიობმა გივიკო ბარათაშვილმა წაიკითხა.
ანდრო ჭიჭინაძე ყველა იმ ადამიანს უთვლის მადლობას, რომელიც ღირსეულ გარემოში ცხოვრებისთვის ყოველდღიურად იბრძვის.
“სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო, როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი, ცოტა მომიწევს. როცა ვამბობ თქვენ, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს პირადად და კონკრეტულად. ნაცნობებს და უცნობებს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული პირველ რიგში საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული. ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო. ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში. ალბათ, ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის – გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში. როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის. მენატრებით. ” წერს ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში.
თეატრს შეუძლია შიშები დაანგრიოს და აუცილებლად დაიწყება ახალი ტალღა, დღეს ამის დასაწყისი იქნება, მე მჯერა – ამბობს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი.
თეატრთან კი ამ წუთებში სამზადისია. დამონტაჟდა გარე სცენაც. დასი საღამოს 18 საათზე საკუთარ სამოქმედო გეგმასა და პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყებას გამოაცხადებს.
“ჩვენი სათქმელი იქნება პირდაპირი, აბსოლუტურად გულწრფელი, ეს იქნება თეატრის მანიფესტი, რომელიც იცავს თავის ერთ ჯარისკაცს. აქამდე თეატრი დუმდა, ახლა თეატრი გამოიყენებს ყველა იმ ხერხს, რაც მას შეუძლია” – ამბობს დოიაშვილი.
შეგახსენებთ, რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს შორისაა ამავე თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე.
მე ზუსტად არ ვიცი ამ ბრძოლიდან რამდენად დასახიჩრებული გამოვალ, მაგრამ ერთს ვიტყვი: ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან, – ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა „ახალი თეატრის“ წინ, მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტის დროს განაცხადა.
კახა კინწურაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს ქუჩებში დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, „ამ ძლივს გამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით დგება იმისთვის, რომ თავი ჩავხაროთ, ვეღარასდროს შევძლოთ აწევა“.
„დაახლოებით, რამდენიმე თვის წინ, კაცმა, რომელსაც პრეზიდენტი დაარქვეს, ტელევიზიით თქვა, რომ მე, კახა კინწურაშვილი „გლობალური ომის პარტიის წევრი“ ვარ და ომი მინდა. ალბათ, ამ კაცმა არ იცის, რომ მე 8 წლის ასაკში სოხუმიდან ომს გამოვექეცი, ახლა მოითხოვენ აწეული თავი დახარო და ბოდიში მოიხადო, ბოდიში იმისთვის, რომ 8 წლის ასაკში საკუთარი სახლიდან გამოგაგდეს, დახოცილი ადამიანები ნახე, დევნილობა განიცადე, წარსული დაკარგე, ბავშვობა და ახალგაზრდობა გაგიმწარდა და ომის შიში ჩაგისახლდა, რომელიც არსებობას არ გაცლის და თურმე ამისთვის ბოდიშს უნდა ვიხდიდე.
ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, როდესაც ომზე ჰყვები, ყოველთვის ბავშვის პერსპექტივიდან აკვირდება და ომის შენი ხედვა ბავშვურიაო. მეც და საქართველოც ომგამოვლილი ბავშვები ვართ, ძლიერი და თავაწეული, ომი ბევრჯერ ვნახე და არასდროს მშვიდობა.
ის, რაც ახლა საქართველოს ქუჩებში ხდება, მშვიდობა არ არის. დღეს დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები, ამაყად, და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, სწორედ ამ ძლივს გამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით დგება. იმისთვის, რომ თავი ჩავხაროთ, ვეღარასდროს შევძლოთ აწევა და თან ბოდიშს ვიხდიდეთ იმისთვის, რომ ასე ამაზრზენად სუსტები ვართ“, – განაცხადა კინწურაშვილმა.