ევროსაბჭოს მიღებული რეზოლუციით საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა მიღბული
საპარლამენტო ასამბლეაზე, კენჭისყრაზე, „ქართული ოცნების“ წარდგენილი შესწორებები ჩავარდა.

ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, PACE-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდული უფლებებით ცნობა 2025 წლის აპრილამდე – „გამოსაცდელი ვადით“ – ევროსაბჭო საპარლამენტო ასამლეამ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვრის კენჭისყრაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
ამასთან, დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება „შეზღუდული უფლებებით“ ცნეს, და ამ საკითხს 2025 წლის აპრილში განსახილველად კვლავ დაუბრუნდებიან.
“[PACE] საქართველოს ოფიციალურ პირებისგან დაჟინებით მოითხოვს ინკლუზიური პროცესის დაუყოვნებლივ ინიცირებას ყველა ჩართული პირისა და სოციალური აქტორების ჩართულობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების, რათა სასწრაფოდ პასუხი გაეცეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ ნაკლოვანებებსა და დარღვევებს, და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც საჭირო საარჩევნო გარემოს შექმნის ნამდვილად დემოკრატიული ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
საპარლამენტო ასამბლეაზე, კენჭისყრაზე, „ქართული ოცნების“ წარდგენილი შესწორებები ჩავარდა.
საერთო რეზოლუციას მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 114-მა წევრმა დაუჭირა, შვიდმა თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისაგან, 13-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
„ჩვენ მივყვებით ამ საკითხს. მას ასი პროცენტით მოვუბრუნდებით აქ, აპრილში. მე ამას ვუწოდებდი „წევრობას გამოსაცდელი ვადით“, მკაცრად შეზღუდული უფლებებით“, – განაცხადა ფრანკ შვაბემ, PACE-ის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარემ. „მკაფიო გარანტიები“
რეზოლუცია ამბობს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, – მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა – ეწინააღმდეგება ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს.
„ამიტომ კომიტეტს სურს მკაფიო გარანტიები ხელისუფლებისგან, რომ ისინი ნამდვილად მზად არიან, შეცვალონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ წევრობის ვალდებულებები“.
„დიალოგის შენარჩუნებისადმი ღიაობის ნიშნად“, ასამბლეა 2025 წლის აპრილის სესიაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს ხელახლა განიხილავს.
მიღებულ დოკუმენტში ასევე წერია, რომ ასამბლეა მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეასრულოს რიგი პირობები. მათ შორის:
„დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შექმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალ თვეებში გამოცხადებული, ჭეშმარიტად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას“.
ასევე, ასამბლეა ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ითხოვს:
გადადგას დაუყოვნებლივი და ეფექტური ნაბიჯები, რათა საქართველომ შეძლო განაახლოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად და მნიშვნელოვნად დააჩქაროს საჭირო რეფორმები.
დაუყოვნებლივ დაასრულოს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა, ეფექტურად გამოიძიოს ეს პრაქტიკა და შეწყვიტოს სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენება, როგორც მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეჩერების ან შურისძიების საშუალება და ასევე, სრულად სცეს პატივი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.
გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე.
შეზღუდული უფლებები
ის უფლებები, რაც „ქართული ოცნების“ დელეგაციას შეეზღუდა, არის:
უფლება, იყოს არაერთი კომიტეტის სრულუფლებიანი ან შემცვლელი წევრი. ეს კომიტეტებია: პოლიტიკური და დემოკრატიის კომიტეტი, მონიტორინგის კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტი და რეგლამენტის, იმუნიტეტებისა და ინსტიტუციურ საკითხთა კომიტეტი;
არჩევნების სადამკვირვებლო კომისიის წევრის უფლება;
მომხსენებლად დანიშვნის უფლება;
უფლება, იყოს ასამბლეის პრეზიდენტობის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარეობის ან ვიცე-თავმჯდომარეობის კანდიდატი;
უფლება, წარმოადგინოს ასამბლეა ევროპის საბჭოს ორგანოებში ბიუროს გადაწყვეტილებით და უფლება, წარმოადგინოს ასამბლეა პერიოდულად (ბიუროს ან კომიტეტის გადაწყვეტილებით) ევროპის საბჭოს ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე”.
„დათქმები მიუღებელია“ – „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება“ ამ რეზოლუციის წინააღმდეგი იყო და ასამბლეას მოუწოდებდა, არ მიეღო იგი.
„ქართული ოცნების“ წარმომადგნებლებმა, თეა წულუკიანმა და გივი მიქანაძემ დებატებში პარტიის პოზიციები დაიცვეს და თქვეს, რომ „პრობლემატურია“ უფლებამოსილების ცნობისათვის დაწესებული დათქმები.
„განსაკუთრებით პრობლემატურია ის დათქმა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების დანიშვნას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან კიდევ ერთხელ ახსენა „ქართული ოცნების მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩეველი“, რომელიც, მისი თქმით, „მშვიდობას იცავს“.