“ეს არის ღირსეული ნაბიჯი -ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა,,-ქართული ოცნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კვლავ აკრიტიკებს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კარგავს ფუნქციას და ამას საკუთარი ხელით აკეთებდა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიდან წლამდე კარგავდა საკუთარ დატვირთვას, ფუნქციას, ამას აკეთებდა საკუთარი ხელით და გუშინდელი გადაწყვეტილებაც ამის გაგრძელებაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ერევანში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს დელეგაციის მხრიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ასეთ პირობებში, საქართველოსთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა ქვეყანა რჩება ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა.
“დღეისთვის, სამწუხაროდ, PACE, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი. ასეთ პირობებში, ჩვენთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა რაც შეეხება ევროსაბჭოს, ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა. მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან. ამას დავპირდით ჩვენ ევროსაბჭოს მდივანს, როდესაც ის იყო ჩამობრძანებული საქართველოში და რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ სხვადასხვა მიმართულებით,“- აღნიშნა პრემიერმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ,
როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეალურად, არავითარი იზოლაცია არ იქნება.
„ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია თანამშრომლობისთვის ყველასთან, მაგრამ ხედავთ, რომ ყოველთვის მეორე მხარე, კონკრეტული მხარე იღებს ხოლმე ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის მიმართული იზოლაციისკენ, დიალოგის აღკვეთისკენ და ა.შ. ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომები და სამწუხაროდ, გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც იმოქმედა საბჭოური მიდგომებით, როდესაც 100-ზე მეტმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიმართ აბსოლუტურად უსამართლო დათქმების დაწესებას. საბჭოური მიდგომების ადგილი მგონია, რომ არ არის ევროპაში. იმედი მაქვს, რომ ევროპული ბიუროკრატია გაჯანსაღდება ახლო მომავალში. ყოველ შემთხვევაში, არის იმის რესურსი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცვლილებების პირობებში, ევროპული ბიუროკრატიაც გაჯანსაღდეს. ამის დიდი იმედი გვაქვს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
“ეს არის ღირსეული ნაბიჯი – ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს,” – ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე განცხადებით, საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რომ არის ღირსეული და სუვერენული სახელმწიფო.
“ეს არის ღირსეული ნაბიჯი – ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ყოველთვის გვაშანტაჟოს და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე.
ჩვენ ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში – ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, სხვადასხვა მიზეზებით ჩვენი სამშობლო აშანტაჟოს და შეურაცხყოფა მიაყენოს,” – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინელი ჟურნალისტებიც ადასტურებენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე, „ქართველ მოღალატეებსა და ქვეყნის მტრებთან ერთად“, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი თემის კომენტირებისას განუცხადა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ პროცესები გარედან იმართება.
„არაერთი განცხადება ვიხილეთ, თავად უკრაინელი ჟურნალისტებიც ადასტურებენ ამას, რომ რეზოლუციაზე, ქართველ მოღალატეებსა და ქვეყნის მტრებთან ერთად, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პროცესები იმართება გარედან. ამ წვრილფეხა რადიკალებს ქვეყნის შიგნით ჰყავთ პატრონები. ისინი ამ ქვეყანას არ ეკუთვნიან, არ ემსახურებიან საქართველოს ინტერესებს. ყოველთვის შემოიფარგლებოდნენ იმით, როგორ დაეზიანებინათ ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი. ასეთი არაერთი ქმედითი ნაბიჯი გვახსოვს, როდესაც კაბინეტებში დარბოდნენ, რათა ვიზალიბერალიზაცია შეეჩერებინათ, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ მომხდარიყო და ასე შემდეგ. მოღალატეებს ყოველთვის გაეცემათ შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია გარე ინტერესებს ემსახურება.
„ოპოზიცია არის მოღალატეობრივი, რადიკალური დაჯგუფება ქვეყანაში, რომელიც ემსახურება გარე ინტერესებს. ისინი იღებენ დავალებებს ქვეყნის წინააღმდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც კი აკადრა ქვეყანას, რომ როგორც სათამაშო, ისე მოიხსენია საქართველო. რას ვიზამთ, ამ ადამიანებთან გვიწევს თანაცხოვრება, თუმცა ეს რადიკალიზმი და ფაშიზმი აუცილებლად უნდა დავამთავროთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით დროებითი გადაწყვეტილებაა მიღებული, დარწმუნებულები ვართ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში საღმა აზრმა გაიმარჯვა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი ბრიუსელში და სტრასბურგშიც, მერე შეუდგება ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას PACE-ში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნად რჩება.
„საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნად რჩება. მათ ცნეს ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება, უბრალოდ, ამ ყველაფერს მოჰყვებოდა რაღაცა დათქმები, რომლებიც ჩვენთვის არის მიუღებელი. პირველ რიგში, წითელი ხაზი არის ის, რომ გვთხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, რა თქმა უნდა, ეროვნულ თავმოყვარეობას, რისი დეფიციტიც, სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს გააჩნიათ. არჩევნები საქართველოში ძალიან მაღალი სტანდარტებით ჩატარდა. დღემდე ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, რომ იყო 300 ათასი ხმის გაყალბება. აქ კითხვის ნიშანი არ არსებობს. იქ ვნახეთ ძალიან ბევრი გამომსვლელი, რომლებიც უაპელაციოდ, ყველანაირი მტკიცებულებისა და ფაქტის გარეშე მაინც გვადანაშაულებენ არჩევნების გაყალბებაში და ჩვენგან ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. შესაბამისად, ჩვენ ფიზიკურად სხვა გზა არ გვქონდა დარჩენილი. ჩვენ ვართ ღირსეული და თავმოყვარე ქვეყანა და გადავდგით ეს ნაბიჯი, ჩვენი სურვილით უარი ვუთხარით. ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან, დარწმუნებულები ვართ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი, საბოლოო ჯამში, ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც და, შესაბამისად, მერე შეუდგება ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას PACE-ში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ოპოზიციის სურვილი და ნატვრა იყო, PACE-ში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება არ ეცნოთ, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.
ლევან მაჭავარიანის თქმით, ის დათქმები, რაც უფლებამოსილების ცნობას მოაყოლეს, ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში უპატივცემულობაა, რასაც ქართული მხარე უპასუხოდ ვერ დატოვებდა.
„ტექნიკური კუთხით, უარყოფითი მხარე, რომ ჩვენ რამეში უკან დავიხიეთ, ასეთი ფიზიკურად არაფერია. რა თქმა უნდა, სჯობდა, დათქმების გარეშე ყოფილიყო ცნობილი ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება და მუშაობა გაგვეგრძელებინა, ვინაიდან ჩვენ სტრასბურგში დამატებითი ტრიბუნა გვექნებოდა. გასაკვირი არ არის ოპოზიციის ზარ-ზეიმი. ისინი მოწადინებულები იყვნენ, მათი წერილიც და მათი გარე მფარველების აქტიური ჩარევა და მუშაობაც ცხადყოფს, რომ მათი სურვილი და ნატვრა იყო, ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება PACE-ში არ ეცნოთ. თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება ცნეს, მაგრამ ის დათქმები, რაც ამას მოაყოლეს, არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში უპატივცემულობა, ამას უპასუხოდ ვერ დავტოვებდით. ეროვნული თავმოყვარეობიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაჟღერებული დათქმებით იყო მცდელობა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბერკეტად გამოეყენებინათ ასამბლეის წევრობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიას განუცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს ასამბლეაზე გაჟღერებული დათქმები იმდენად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, რომ საქართველომ უარი განაცხადა ამ ორგანიზაციაში მონაწილეობაზე იქამდე, ვიდრე მათთან არ აღდგება ღირებულებები.
„უკვე ღიად მიმართავენ საქართველოზე ზემოქმედებებისთვის არასამართლიან და არაკომპეტენტურ ხერხებს. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ არასამართლიანი დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოს მიმართ არ არის. იქ იყო რუმინელი პარლამენტარი, რომელიც ცდილობდა, ევროსაბჭოს ასამბლეას დაეწყო მოკვლევა რუმინეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ, თუმცა საჭირო რაოდენობის მომხრეების შეკრება ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, ძალიან ბევრი ეუბნებოდა, რომ მის პოზიციას იზიარებდა. რაც შეეხება ევროსაბჭოს ასამბლეის მმართველ გუნდს, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ საქართველოს პოზიციების მხარდაჭერას, მაგრამ არ არიან თავისუფლები თავიანთ გადაწყვეტილებებში, რადგან გადაწყვეტილებები პარლამენტარებში კენჭისყრის ხმის შედეგებით მიიღება. ისინი მაქსიმალურად შეეცადნენ, საქართველოსთვის რაც შეიძლება რბილი ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება და, მათი თვალსაზრისით, ძალიან კარგი კომპრომისული ვარიანტი იყო ის, რომ საქართველოს უფლებამოსილება არ შეუჩერდა. ანუ, საქართველოს მტრების გულგასახეთქად, საქართველოს ევროსაბჭოში ეს უფლებამოსილება შენარჩუნებული აქვს, თუმცა დათქმები იმდენად უსამართლო იყო და იმდენად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, უარი განვაცხადეთ ამ ორგანიზაციაში მონაწილეობაზე იქამდე, ვიდრე მათთან არ აღდგება ის ღირებულებები, რის გამოც არის ჩვენთვის ძვირფასი ეს ორგანიზაცია, თუ ზოგადად, ევროპული ინტეგრაცია“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის პოლიტიკური სტრუქტურა, სადაც გარკვეული პოლიტიკური ინტერესები სჭარბობს პრაგმატულ ინტერესებს, ხედვებს, ამ შემთხვევაში, იმძლავრა „ევროპის სახალხო პარტიამ“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მამობილი პარტიაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, საქართველომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობას გამოეთიშა.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება არ შეწყვეტილა. საქართველო ევროსაბჭოს წევრია, ისე როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრი და თავის ვალდებულებებს პირნათალად ასრულებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ის პოლიტიკური სტრუქტურა, ფორმატია, სადაც გარკვეული პოლიტიკური ინტერესები სჭარბობს პრაგმატულ ინტერესებსა და ხედვებს, ამ შემთხვევაში, „ევროპის სახალხო პარტიამ იმძლავრა“. ეს „ნაცმოძრაობის“ მამობილი პარტიაა და ჩვენ ისეთი პირობები დაგვიყენა, რომელიც არანაირად არც ერთ ევროპულ სტანდარტს არ პასუხობს.
გვეუბნებიან, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროო, მაშინ როცა ამის არანაირი არგუმენტი არ არსებობს, ასევე გეუბნებიან, რომ საგარეო კურსთან დაკავშირებით სხვაობა გაქვს ევროპის პოლიტიკასთან, როდესაც ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურად და ფიზიკურად არ დავინგრეთ. ეს რეალობააა და ამ რეალობაში ჩვენ ვფიქრობთ, საქართველოს მხარემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გამოეთიშა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობას, ვიდრე ეს საქმიანობა არ იქნება მოყვანილი იმ ნორმაში, რასაც ჰქვია თანასწორუფლებიანი ურთიერთობა და არა ზეწოლა, შანტაჟი, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ამ სტრუქტურას ახასიათებს, ისევე როგორც ევროპარლამენტს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
“მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია არასდროს არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს საქართველოს ინტერესებს და არც სხვებისგან მოითმენს საქართველოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვა”, – ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროპის საბჭოს წევრობა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს ინტერესები გათვალისწინებული იყოს.
“ეს არის ის, რაც ამოძრავებს საქართველოს დელეგაციას და ეს იყო ის, რაც ამოძრავებდა გუშინ საქართველოს დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეაზე, როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება – არ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია ვაკვირდებით უსამართლო მოპყრობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართ, ასევე მუდმივად ისმის დაუმსახურებელი კრიტიკა, რომელიც დაფუძნებულია არაფერზე”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით,საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ღირებული წევრი, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მექანიზმი იქნას გამოყენებული, რათა საქართველოს ინეტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და არცერთი ინსტიტუტი არ იქნას გამოყენებული საქართველოს უსამართლო კრიტიკისთვის.
ერთი ხელით აღიარებენ ლეგიტიმაციას და არ აჩერებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის აკრედიტაციას, მეორე მხრივ, აკეთებენ დათქმებს, რომლებიც სრულიად მიუღებელი და საფუძველგამოცლილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, ამ შემთხვევაში საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს მუშაობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, არის ყველაზე სწორი და მართალი გადაწყვეტილება.
ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ ქართველი თავმოყვარეობას არავის არ შეალახინებს.
„საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ერთი ხელით აღიარებენ იმ ყბადაღებულ თემას, რომელიც ჩვენს აგენტურულ ქსელს მუდამ დღის წესრიგში აქვს ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის თვალსაზრისით და ჩვენი ოპოზიციისთვის გარე ლეგიტიმაციაა მთავარი. ჩვენთვის კი შიგნით, ჩვენი საზოგადოებისა და ხალხის ლეგიტიმაციაა მთავარი. გავყვეთ მათ ლოგიკას – ერთი ხელით აღიარებენ ლეგიტიმაციას და არ აჩერებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის აკრედიტაციას, მეორე მხრივ, აკეთებენ დათქმებს. ისეთ დათქმებს, რომლებიც სრულიად მიუღებელი და საფუძველგამოცლილია. პირველ რიგში, ეს ქართული საზოგადოებისთვისაა შეურაცხმყოფელი, საზოგადოების იმ უმრავლესობის, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მიანიჭა ქვეყნის მართვის მანდატი. ასევე არის ყველანაირი დემოკრატიული საფუძვლების შეურაცხყოფა და უპატივცემულობა.
ჩვენი დელეგაციის გადაწყვეტილება ყველაზე სწორი, ყველაზე მართალი, ყველაზე ამაყი და ყველაზე თავმოყვარე გადაწყვეტილებაა. მინდა, ვუთხრა ჩვენს მეგობრებს და იმ დიპლომატიურ მისიებს, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ, რომ საქართველო თავმოყვარე ერია. ქართველები თავმოყვარე ხალხია და თავმოყვარეობაზე ქართველი უარს არასდროს იტყვის. ქართველი თავმოყვარეობას არავის არ შეალახინებს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ამასთან, ირაკლი კირცხალიას განმარტებით, საქართველო ევროსაბჭოს წევრად რჩება.
„აქ საუბარია დელეგაციაზე. როგორც კი გამოვლენ იმ აღქმების თეორიიდან და გათავისუფლდება მთელი ეს ბიუროკრატია იმ ე.წ. უხილავი ხელისგან, რასაც ჩვენი მეგობრები „დიფ სთეითს“ უწოდებენ, ყველაფერი ჩადგება დემოკრატიულ, სამართლიან და ობიექტურ კალაპოტში, რასაც 2022 წლამდე ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ვხედავდით. ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, როგორ უნდა დააზიანოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების ნებისმიერმა ასეთმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ემსახურება ქვეყნის დამოუკიდებლობის გამყარებას, ერის თავმოყვარეობას, ეროვნულ პრინციპებს და სუვერენიტეტს, ჩემთვის გაუგებარია. პირიქით, ეს თავმოყვარე ერის და მისი წარმომადგენლების პოზიციაა.
რაც შეეხება ოპოზიციას და მათ ქმედებებს, რომ იყვნენ იქ მივლენილი, კორიდორ-კორიდორ და კაბინეტ-კაბინეტ ატუზულები რომ დარბოდნენ თავის უკრაინელ კოლეგებთან ერთად, ისინი საცოდავ დღეში არიან. ჩვენი ოპოზიციის როლი, როგორც ყოველთვის, დესტრუქციული, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი სულისკვეთებით იყო შეპყრობილი. ისინი ამას ყოველ დღე, ყოველ ადგილზე და ყოველ შემთხვევაზე ამტკიცებენ, სადაც ამის შანსი მიეცემათ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. დელეგაციის წევრების განმარტებით, მათთვის მიუღებელი და უსამართლოა დათქმები უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო, თბილისს ახალი არჩევნებისკენ მოუწოდებს და აპრილამდე კონკრეტულ პირობებს უყენებს. “ქართულ ოცნებაში” გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ევროსაბჭომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება ჯერ ცნო, რითაც არჩევნები აღიარა, შემდეგ კი ისევ ახალი არჩევნების მოთხოვნით, ულტიმატუმი წამოაყენა.