ოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ხელისუფლებას მიმართავს, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს

ოთხი ოპოზიციური გაერთიანება სირიის ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მიმართავს.
აღნიშნულის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
„მის აღმატებულებას, სირიის სახელმწიფოს მეთაურსა და სირიის დიად ხალხს,
თქვენო აღმატებულებავ,
ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვულოცავთ სირიის ხალხს ბაშარ ალ-ასადის სასტიკი დიქტატურის თქვენი ხელმძღვანელობით დამხობას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის.
ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა. 2018 წელს დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმაც, რუსეთის მიერ მისი სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღნიშნული რეგიონები.
სირიელ და ქართველ ხალხს ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ათასწლოვანი ისტორია აკავშირებს. ჩვენს ერებს აქვთ ყველა საშუალება, რათა განავითარონ მართლაც ძმური და ნაყოფიერი ურთიერთობები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ კონტექსტში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებდა. თქვენო აღმატებულებავ, გვსურს, დაგიდასტუროთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა“,– ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – „კოალიცია ცვლილებისთვის“; თინათინ ბოკუჩავა – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“,; ირაკლი კუპრაძე – „ძლიერი საქართველო“; ბერდია სიჭინავა – „გახარია – საქართველოსათვის“.
როგორც “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, ოთხივე პარტიამ სირიის ხელისუფლებას შესაბამისი მიმართვა უკვე გაუგზავნა.
„შეკრებილები ვართ ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით საქართველოს უკეთესი და ევროპული მომავლისთვის. ვახორციელებთ ფუნქციას, რასაც საქართველოს ინტერესებში მოქმედება ჰქვია, მათ შორის, დღეს პირველად ვსაუბრობთ მიმართულებაზე, რასაც არაღიარების პოლიტიკა ჰქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი, რუსეთის მიერ მითვისებული ტერიტორიების მიმართულებით.
ქართულმა ოპოზიციამ, პროდასავლურმა ოპოზიციამ, ოთხივე პარტიამ ჩვენი ხელმოწერით გავუგზავნეთ მიმართვა სირიის ახალ ხელისუფლებას, რომელიც მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგობისა, დღეს სათავეში უდგას საკუთარ ქვეყანას.
როგორც იცით, სირიამ 2018 წელს აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ვითარებაში, როდესაც ასადის კაციჭამია რეჟიმი წასულია და არის ახალი ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ახალ ხელისუფლებას მიმართოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების მოთხოვნით, სრული დუმილის რეჟიმში იმყოფება ამ მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ პროდასავლური ხელისუფლება, რომლებიც არჩევნების შედეგად კოალიციური მთავრობით უნდა მოვსულიყავით ხელისუფლებაში, მაგრამ ხელისუფლება „ქართულმა ოცნება“ მიიტაცა, ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს პატრიოტულ ვალს, ჩვენი სამშობლოს ინტერესებში ვმოქმედებთ და სირიის ხალ ხელისუფლებას მივმართეთ მოთხოვნით, უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება. მიგვაჩნია, რომ დღეს ამაზე უფრო მეტი ფუნქცია საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ რუსული ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელია, როგორც ვხედავთ.
ჩვენი ერთობა უკვე ძალიან ბევრ ვითარებაში ამტკიცებს ჩვენს დიდი ძალას. მინდა გავიხსენო სტრასბურგში მიღწეული წარმატება. ჩვენი პროდასავლური კოალიციის ყველა წარმომადგენელი იქ იმყოფებოდა, რომელიც იმით დამთავრდა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაევალა, აპრილამდე მიიღოს გადაწყვეტილება ხელახალი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ.
რადგან პოლიტპატიმრებს შევეხე, თავისუფლება მზიას! ის უკვე მე-20 დღეა შიმშილობს, თავისუფლება ქათამაძეს, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს და ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც არის ამ რეჟიმის მძევალი, თავისუფლება ამ ხალხს და ცეცხლი ოლიგარქიას“, – განაცხადა გვარამიამ.
ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულ საკითხზე დამასკოში ვიზიტი გახდეს საჭირო.
ასევე, მათი თქმით, სირიის ახალ ხელისუფლებასთან “მესიჯი” უკვე მიტანილია და განწყობა პოზიტიურია.
2024 წლის 8 დეკემბერს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობისა და დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS-ის) მიერ ხელისუფლების სადავეების ხელში აღების შემდეგ, სირიის საგარეო პოლიტიკა იცვლება.
სტაბილურობისა და სხვა არაერთი პრობლემის მქონე სირიის ახალ ხელისუფლებასთან მსოფლიოს ლიდერები უკვე ამყარებენ პირველ კონტაქტებს: HTS-ის ლიდერს შეხვდნენ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები; შეხვდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის საგარეო მინისტრიც.
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების ფონზე ჩნდება შანსი, საქართველომ იმუშაოს სირიის ახალ ფაქტობრივ მმართველებთან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევაზე.
თუმცა, ანალიტიკოსების თანახმადვე, ამ შესაძლებლობას „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური ნაბიჯები, პარტნიორებთან გაფუჭებული ურთიერთობები და იზოლაციის მზარდი რისკი ხელს უშლის.
უცნობია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, უყურებს თუ არა იგი სირიაში შეცვლილ ვითარებას, როგორც ახალ შესაძლებლობას.