ოლიგარქის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, “ოცნების” პარლამენტის მიღებულ რეპრესიულ კანონპროექტებს ხელი მოაწერა
კანონით უკიდურესად შეიზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებ
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2024/12/yavelashviki-780x470.jpg)
კოლეგიის მიერ, “ქართული ოცნების” ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა 6 თებერვალს მოაწერა ხელი კანონთა პაკეტს, რომელიც იმავე დღეს მიიღო “ქართული ოცნების” სადავო პარლამენტმა და შეკრება-მანიფესტაციების წესები და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაამკაცრა. ხელმოწერილი კანონები უკვე გამოქვეყნდა “საკანონმდებლო მაცნეში” და ის ძალაშია.
კანონით უკიდურესად შეიზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ცვლილებები შევიდა შეკრება მანიფესტაციების კანონში, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კოდექსებში.
ცვლილებები “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს.
საკანონმდებლო ცვლილებები ერთდროულად რვა კანონში შევიდა, თუმცა ძირითადი ცვლილებები სამ კანონს ეხება. ესენია:
შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონი;
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
სისხლის სამართლის კოდექსი.
კანონის ცვლილება შეეხო წვრილმანი ხულიგნობის მუხლს, რომელიც აქამდე ისჯებოდა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე.
ახლა ჯარიმის ზედა ზღვარი სამჯერ გაიზარდა – ცვლილებით, თანხა განისაზღვრება 500-დან 3000 ლარამდე; ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი ამ კონკრეტულ მუხლზე 20 დღემდე იზრდება.
ასევე, ვანდალიზმი კვლავ დაისჯება პირველ შემთხვევაში 1000 ლარით, მეორე შემთხვევაში კი – 2000 ლარით.
მაგრამ განმეორების შემთხვევაში, პატიმრობის მაქსიმალური ვადა 5 დღიდან 60 დღემდე იზრდება.
პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა დაისჯება 2000-დან 5000-მდე ლარით ან 60 დღემდე პატიმრობით; აქამდე 2000-დან 3000 ლარამდე ჯარიმით ან 15 დღემდე პატიმრობით ისჯებოდა.
პოლიციელის „სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“ დაისჯება ასევე 2000-დან 5000-მდე ლარით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 60 დღემდე.
განმეორების შემთხვევაში, გადაცდომები დაისჯება 3500-დან 6000 ლარამდე ოდენობის ჯარიმით. აქამდე განმეორება 3500-დან 4500 ლარამდე ჯარიმით ან 7-15-დღიანი პატიმრობით ისჯებოდა.
შეზღუდვა ვრცელდება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა ვრცელ ჩამონათვალზე. ესენია:
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი;
სამხედრო მოსამსახურე;
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;
აღსრულების პოლიციელი;
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე ან მასთან გათანაბრებული პირი“.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ემატება 173-ე სექსტა-დეციმა (მე-16) მუხლი და კრძალავს პოლიტიკოსების/თანამდებობის პირების შეურაცხყოფას.
კანონმა განსაზღვრა სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნებაც, თუ „შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს“. დემონსტრანტებმა გაფრთხილება „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში“ უნდა შეიტანონ, სულ მცირე, ხუთი დღით ადრე.
იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ახალი ცვლილებები კრძალავს ასევე აქციით სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებას. კრძალავს მოსამართლის სახლთან საპროტესტო აქციის ჩატარებას. კრძალავს „შეკრების ან მანიფესტაციის საერთო სასამართლოში ჩატარებასაც“. ყველაფერი ეს დაისჯება 5000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე პატიმრობით.
სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ შუერაცხყოფა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადდა, გაიზარდა პოლიცელის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედების შემთხვევაში საპატიმრო ვადები, აიკრძალა დახურულ სივრცეში ნებართვის გარეშე პროტესტი და სპონტანური აქციისთვისაც კი საჭირო გახდა ნებართვის აღება.
იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.
მიღებულ კანონპროექტებს მკვეთრად უარყოფითად აფაესებს საია. საიას შეფასებით, ცვლილება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს