მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ივანიშვილის კალაძის პაპუაშვილისა და კობახიძის დასანქცირება-EU-მ რეზოლუციის პროექტი გამოაქვეყნა

ქართულმა მედიამ მოიპოვა ევროკავშირის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან. სულ დოკუმენტი 28-პუნქტიანია. ერთობლივი რეზოლუციის სამუშაო ვერსიის თანახმად, ევროპელი პოლიტიკოსები გმობენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და “ქართულ ოცნებას” ე.წ. ხელისუფლებად მოიხსენიებენ. დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი კობახიძის სანქცირებაზე, ასევე საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და მედიაგარემოს გაუარესებაზე.

დოკუმენტში ასევე საუბარია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პოლიტიკურ პატიმრობაზე.

ასევე, რეზოლუციის პროექტში საუბარია რეჟიმის მხრიდან ზეწოლაზე დამოუკიდებელი მედიის მიმართ და სახელისუფლებო მედიის მფლობელების სანქცირების საჭიროებაზე.
დოკუმენტის სამუშაო ვერსიით, ისინი ოლიგარქის პარტიას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ. ასევე, დრაფტში ხაზგასმულია, რომ “საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება ამჟამად არღვევს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის ძირითად უფლებებს და ქვეყნის ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ძირს უთხრის ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელსაც ახორციელებს ქვეყნის პოლიტიკური კლასი და სამოქალაქო საზოგადოება”.

ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველო განიხილება, როგორ “ქართული ოცნების” უკანონო რეჟიმის მიერ დატყვევებული სახელმწიფო. ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ იმეორებენ თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი.

“არ ვცნობთ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, ჩატარდა დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით და არ ასახავდა საქართველოს ხალხის ნებას; ხაზს უსვამს, რომ ფართომასშტაბიანმა საარჩევნო გაყალბებამ შეარყია საარჩევნო პროცესის მთლიანობა, შედეგის ლეგიტიმურობა და ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა ნებისმიერი ახალი ხელისუფლების მიმართ; მოვუწოდებთ ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს, ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს არ აღიარონ “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტისა და მათი დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია; ამიტომ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შეუერთდეს საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების ბოიკოტს”, – წერია ერთობლივ დოკუმენტში.

გარდა ამისა, ერთობლივ სამუშაო ვერსიაში, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად და პრეზიდენტად არის მოხსენიებული. რეზოლუციის დრაფტში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით – ასევე ისმის მოწოდება წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების მიმართ, მკაცრად მოითხოვონ ახალი არჩევნები.

ერთობლივ დოკუმენტში, ისევ არის საუბარი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” სხვა მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებაზე.

“ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს იმ ოფიციალურ პირებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების სამართლებრივ დევნაზე, როგორიცაა პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე გაავრცელოს ეს სანქციები მოსამართლეებზე, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლებსაც გამოაქვთ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, ასევე, ასევე ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ფარულად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმს, სახელისუფლებო მედიის მფლობელებს, ტელეკომპანია იმედის, პოსტ ტვ-ისა და რუსთავი 2-ის ჩათვლით, დეზინფორმაციის გავრცელებისა და საჯარო დისკურსის მანიპულირების მცდელობისთვის, რათა მხარი დაუჭირონ ამჟამინდელი მმართველი პარტიის ავტორიტარულ მმართველობას…

ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და წევრი ქვეყნების მიმართ, შეუერთდნენ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებაში და გაყინონ ევროკავშირში მთელი მისი ქონება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო, დემოკრატიული უკუსვლის ხელშეწყობისთვის და ქვეყნის კონსტიტუციურად გაცხადებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებისთვის. ევროპარლამენტი მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ჩამოართვას ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები. სიაში ასევე არიან: შმაგი კობახიძე, უჩა მამაცაშვილი, სებ-ის პრეზიდენტი, ნათია თურნავა, ბიზნესმენები – ივანე ჩხარტიშვილი სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძე, ილია წულაია, კახა ბექაური, ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, მოსამართლეები – მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, “იმედის” მფლობელი, ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი, თინათინ ბერძენიშვილი, “აირზენას” დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე.

დამოუკიდებელი მედია, მათ შორის ტელეკომპანია ფორმულა, ტელეკომპანია მთავარი და ტვ პირველი რეჟიმის ჩარევის გამო, სისტემატური შევიწროებისა და დაშინების, ასევე მძიმე ოპერაციული და ფინანსური შეზღუდვების წინაშე დგანან, მედიის ათობით წარმომადგენელი კი სხვადასხვა სახის ინტენსიურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ექვემდებარება. დაფიქსირებულია არაერთი ძალადობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე, მათ შორის ალექსანდრე ქეშელაშვილზე, მაკა ჩიხლაძეზე, გიორგი შეწირულზე, მათი სასტიკი ცემა და დაკავებული ჟურნალისტის, საბა ქევხიშვილის შევიწროება.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ აქამდე მიღებული ზომები დემოკრატიის აშკარა უკუსვლისა და წინა ვალდებულებების უგულებელყოფის საპასუხოდ ჯერ კიდევ არ ასახავს საქართველოში არსებული სიტუაციის სიმძიმეს და ბოლო მოვლენებს.

სამუშაო ვერსიის პროექტში დაგმობილია, “ქართული ოცნების” მიერ ამოქმედებული დრაკონული კანონები, “რომლებიც აწესებენ დაუსაბუთებელ შეზღუდვებს გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე” და ითხოვენ ბოლო დროს მიღებული ასეთი რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას. საუბარია ასევე რეჟიმის ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე.

“კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობასა და რეპრესიებს; მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებული პირი; ვითხოვთ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელიც უკვე 4 კვირაზე მეტია უსამართლო პატიმრობის გამო შიმშილობს და სიცოცხლისთვის კრიტიკული და შეუქცევადი შედეგების წინაშე დგას; ვგმობთ ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმას; ასევე პოლიტიკური ლიდერების ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას დაკავებას…

მტკიცედ ვიმეორებთ გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარული ნიშნით, კონკრეტულად საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით; ხაზს ვუსვამთ, რომ პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ეკისრება თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას
12 იანვარს ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააკავა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და შიმშილობს საქართველოს ყველა პოლიტპატიმრის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება”- წერია რეზოლუციის პროექტში.

მსგავსი პოსტები

Back to top button