მნიშვნელოვანისიახლეები

“ზღვა და მოცულობითი მასალაა შესასწავლი”-2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს

წინა ხელისუფლების “საქმიანობის შემსწავლელი კომისიის” თავმჯდომარე ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი თეა წულუკიანია, მისი მოადგილე კი “ხალხის ძალიდან” სოზარ სუბარი წულუკიანი და სუბარი თავმჯდომარედ და მოადგილედ დღევანდელ სხდომაზე აირჩიეს. გადაწყვეტილება კომისიამ პირველ საორგანიზაციო სხდომაზე მიიღო.

კომისიაში არიან:

ქართული ოცნებიდან: თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია

“ხალხის ძალიდან”: სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი.

ევროპელი სოციალისტებიდან: ილია ინჯია

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში 10 წევრია. ჯგუფში ორი ადგილი ვაკანტური რჩება და ის განკუთვნილია გახარიას გუნდის წევრებისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კომისიის ფარგლებში, მოცულობითი მასალა არის შესასწავლი და სავარაუდოდ, ყველა საქმეს ყველა მიმართულებით კომისია ვერ გაწვდება.

“მე არ მახსენდება, ასეთი ზღვა და მოცულობითი მასალა იყოს შესასწავლი. ყველა მიმართულებით ყველა საქმეს ჩვენ ალბათ ვერ გავწვდებით, მაგრამ მიმართულებებს იმდენად კი გავწვდებით, რომ ჩვენს დასკვნაში იყოს ყველა მიმართულება. არის ეს ციხეების, სასამართლოს მიმართულება და ზოგადად სისხლის სამართლებრივი ბლოკი, ქონებები, რომლებიც სისხლის სამართალთანაც იყო კავშირში, ვიცით ცნობილი “გვირაბის ამბავი” იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას შორის, სამოქალაქო მიმართულება, ადმინისტრაციული, საჯარო მოხელეების მიმართულება ე.წ. ჩარეცხილები, სხვადასხვა ტიპის ჩაგვრა თუ დევნა, ასევე არჩევნების მიმართულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რატომღაც აღარ ისმის ეს თემა ასე ხშირად, იმიტომ, რომ როგორი არჩევნებით მოვიდნენ და როგორ არჩევნებს ატარებდნენ, ესეც საინტერესო შესასწავლი იქნება”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ააშენო სამართლებრივი სახელმწიფო, თუ წარსულს სწორად არ შეაფასებ.

“ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, დიდი ხანია, ითხოვს და ელოდება ამ კომისიის შექმნას და დიდი იმედითაც შეჰყურებს იმიტომ, რომ შეუძლებელია ააშენო სამართლებრივი სახელმწიფო, თუ წარსულს სწორად არ შეაფასებ და შეფასებაა, ბოლოს და ბოლოს გაკეთებული აქვს არა ერთხელ, თუნდაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ხშირად ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქმეში “ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ”, როცა თქვა, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულს, ეს უკვე ვალდებულებაც არის სახელმწიფოსი, დაგვავალა პირდაპირ, რომ გავხსნათ საქმე და ეს შესაბამისი შეფასება ჩვენც უნდა მივცეთ, არა მხოლოდ ცალკეულ საქმეებს, არამედ მთლიანად რეჟიმს, რა იყო, რა ხდებოდა”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი.

კომისიის შექმნაზე 9 იანვარს ისაუბრა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მან აღნიშნა, რომ კომისია შეისწავლის:

საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.
2024 წლის 7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან. ბოლო ერთ წელში „ქართული ოცნება“ უფრო ხშირად ლაპარაკობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე ჩვენ დღემდე მხოლოდ მინიშნებებით ვსაუბრობდით, რასაც თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა… ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება“, – განაცხადეს „ქართულ ოცნებაში“ აგვისტოს ომის მე-16 წლისთავის დღეებში. მოგვიანებით, 2024 წლის 27 სექტემბერს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ომის დაწყებაში დაადანაშაულა:

„2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც მოგვიანებით აღიარა ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით. საქართველოს არ დაუწყია ომი, 2008 წელს სააკაშვილმა გააყალბა საპრეზიდენტო არჩევნები და ამის შემდეგ სააკაშვილის არალეგიტიმურმა რეჟიმმა დაიწყო ომი აგვისტოში. ეს იყო რეალობა, რასაც ხელი მოაწერა თვითონ, მთელმა პარტიამ“.

2008 წლის ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

ქართულმა ოცნებამ “2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.

კომისიის შექმნა ქართულმა ოცნებამ 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. მამუკა მდინარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button