მნიშვნელოვანისიახლეები

მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა მოსამართლე ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ განიხილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეცვლას ეხებოდა. ინფორმაციას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც ჟურნალისტის უფლებებს იცავს.

შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო მოსამართლე ლევან ყოლბაიამ.
ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.

„ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს. ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ”, – ნათქვამია საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ფეისბუკპოსტში
შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადვოკატებმა გუშინ, 13 თებერვალს, მიმართეს. შუამდგომლობის დასაშვებად ცნობისთვის მოსამართლეს 24-საათიანი ვადა ჰქონდა.
ამასთან, როგორც საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა პროკურატურამ და სასამართლომ 2 ე.წ. საფუძველს დააყრდნო: „მზია მოწმეებზე გავლენას მოახდენდა; მზიამ სილის გაწვნამდე ადმინისტრაციული “სამართალდარღვევა ჩაიდინა და კიდევ შეიძლება იგივე გაემეორებინა“.

„ამ ეტაპზე გამოძიებამ უკვე გამოკითხვა ყველა ის პირი, ვისი გამოკითხვაც უნდოდა – 4 პოლიციელი. პოლიციელებზე გავლენის მოხდენა მზიას თეორიულადაც კი არ შეეძლო, თუმცა, თუ დავუშვებდით, რომ შეეძლო, ეს ე.წ. საფრთხეც აღარ არსებობს, ყველა უკვე დაკითხულია.

რაც შეეხება მეორე არგუმენტს – მზიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ამაზე ოქმიც კი არ არის ამ დრომდე შედგენილი. არსებობს მხოლოდ ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელიც თან გაყალბებული მონაცემების შემცველია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსამართლემ დღეს შუამდგომლობა არ დაუშვა განსახილველადაც კი და მზია პატიმრობაში დატოვა“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.

მზია ამაღლობელის საქმე
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 34-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს – 4 თებერვალს, შიმშილობის 24-ე დღეს, ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ექიმების მითითებით, ის კვლავ კლინიკაში რჩება.

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

34-დღიანი შიმშილობის კვალობაზე, რა თქმა უნდა, გამხდარია, შენელებულია, თუმცა ისევ მხნედ არის, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება, მზია ამაღლობელს არ გაჰკვირვებია.

„სასამართლო გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მას არ გაჰკვირვებია, არ ელოდა რაიმე განსხვავებულს ამ სასამართლოსგან. ქალბატონი მზიას საპატიმროში გატარებული ყოველი დღე არის უკანონო. არ არსებობს არცერთი რეალური გარემოება და მტკიცებულება, რომელიც წინასწარ პატიმრობას გაამართლებდა. სასამართლო პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არის. ეს მზიას მიმართ ჯიბრში ჩადგომა და რეპრესიული იარაღის გამოყენებაა. არცერთი გარემოება მათ მხარეს არ არის, ქალბატონი მზია ამ დრომდე ითვლება ადმინისტრაციულ სახდელ დაუდებელ პირად. რეალურად ქალბატონი მზიას წინააღმდეგ წინასწარ პატიმრობა რევანშია.

ჯანმრთელობის მდგომარეობას კონკრეტულად რაც შეეხება, ჩვენ ადვოკატები ვხედავთ, რომ წონაში კლება აღენიშნება და დასუსტებულია, თუმცა ეს კვლევებით უნდა გამოჩნდეს. მაგრამ არ სურს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა პლანზე იყოს”,- განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების თაობაზე 13 თებერვალს მიმართეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. აღნიშნულ ფაქტზე ის პოლიციელზე ძალადობის მუხლით დააკავეს. მზია ამაღლობელი დაკავების მომენტიდან – 34-ე დღეა შიმშილობს.

პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, ფიზიოლოგიური პარამეტრები სტაბილურია, მაგრამ გამომდინარე შიმშილობის ხანგრძლივობისა, რა თქმა უნდა, პაციენტი იმსახურებს, განსაკუთრებულ ყურადღებას, – ამის შესახებ კლინიკა “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტს, რომელიც 34 დღეა შიმშილობს, ყველა სიმპტომი აღენიშნება, რაც ამ პერიოდის შიმშილობის პროცესისთვისაა დამახასიათებელი და კლინიკა ყველაფერს აკეთებს, იმისათვის, რომ შემდგომი გართულებების პრევენცია მოხდეს.

„შიმშილობა რთული პროცესია და გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, ამ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანოთა ფუნქციის მოშლა და ა.შ. კლინიკა მზად არის და აკეთებს ყველაფერს, რომ წარიმართოს სრულფასოვანი სამედიცინო, მონიტორინგი, ყოველდღიურად კეთდება ლაბორატორიული კვლევები და თუ საჭირო იქნება დამატებითი სხვა სახის კვლევები, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ეს ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც. აქვს ყველა ის სიმპტომი, რომელიც ამ პერიოდის შიმშილობისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენი მოვალეობაა მდგომარეობის გართულების პრევენცია, და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ”,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.

მსგავსი პოსტები

Back to top button