საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე რჩება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის ცნობით, საქართველოს ორ მოქალაქეს, იასონ გენგიურს და სერგო მერებაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი საოკუპაციო რეჟიმმა 2024 წლის 16 სექტემბერს დააკავა. გენგიურსა და მერებაშვილს არარსებული საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, ინფრასტრუქტურის დაზიანებას ედავებიან.
“წარსულშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც უფრო ხანგრძლივი ე.წ. პატიმრობა ყოფილა მისჯილი, მაგრამ მოლაპარაკების არსებული ფორმატების გამოყენებით ჩვენი თანამოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში”, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ამ დროისთვის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე რჩება.
ე.წ. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან „სასაზღვრო ნიშნის“ დაზიანების მცდელობისას საქართველოს ორი მოქალაქის, გენგიურისა და მერებაშვილის, დაკავების შესახებ ინფორმაცია გასული წლის 3 ოქტომბერს გაავრცელა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გამომავალმა გამოცემა „Сапа-მ”, “უსაფრთხოების ძალების” წყაროზე დაყრდნობით.
ანთაძის თქმით, შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს ასევე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის თითოეულ ფაქტზეც – ნოემბრის ბოლოდან დღემდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 11 ასეთი ფაქტი აქვს აღნუსხული.
სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, მსჯელობის დროს გააქტიურეს თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხიც.
“ამ საკითხზეც პოზიცია არის უცვლელი, თუმცა სამართლის აღსრულება არის ცენტრალური ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტი – როგორც თამაზ გინტურის, ასევე ჩვენი ყველა თანამოქალაქის შემთხვევაში, რომელიც მოკლული იქნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, – თქვა ანთაძემ.
2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს. თამაზ გინტურის მკვლელობიდან წელიწადზე მეტი ხნის შემდეგაც, ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ევროპარლამენტმა 2023 წლის 23 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია თამაზ გინტურის მკვლელობაზე. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მოითხოვენ საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯასა და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას.
რაც შეეხება ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანის საკითხს, რასაც რუსეთი და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობები დროდადრო ააქტიურებენ, ირაკლი ანთაძემ თქვა, რომ “საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის სრულ თანხვედრაში ჩვენი პარტნიორების მიერ გაჟღერებულ პოზიციასთან, ვინაიდან ჟენევის დისკუსიების ჩატარების ერთადერთი ადგილი გახლავთ ჟენევა, ეს დისკუსიები ტარდება გაეროს ჟენევის ოფისში და ჩვენ არ განვიხილავთ არანაირ სხვა ვარიანტს”. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. მისი თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები. დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ისა და რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში: ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს; ხოლო მეორე – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა). 2009 წელს ჟენევის დისკუსიების ფარგლებში გადაწყდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) შექმნა.
ანთაძემ ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების 123-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მხარეებმა უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებიც განიხილეს. ბოლო სამი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა განაახლეს რკინის ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟი.
-“მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებაზე. გაზიარებული იქნა გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ, იასონ გენგიურის და სერგო მერებაშვილის საქმეზე. მათ მიესაჯათ უკანონო პატიმრობა ორი წლით და ექვსი თვის ვადით. მათ ედავებოდნენ ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთას და ასევე უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის დაზიანებას…
რაც შეხება უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს, გამახვილდა ყურადღება უკანონო ბორდერიზაციის დესტრუქციულ ხასიათზე და მითითებული იყო კონკრეტული ლოკაციები. ჩვენ მსჯელობის დროს გავააქტიურეთ თამაზ გინტურის საკითხი. პოზიცია არის უცვლელი, თუმცა სამართლის აღსრულება არის პრიორიტეტი, როგორც თამაზ გინტურის ასევე ყველა ჩვენი თანამოქალაქის შემთხვევაში, რომელიც იყვნენ მოკლული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე”- განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 3 აპრილს გაიმართება.
შეგახსენებთ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხთა შორის იყო ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმართა მდგომარეობის განხილვა და ოკუპანტი ძალების მიერ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები.
საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაციის 11 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება, მათგან ორს, როგორც დღეს გახდა ცნობილი, 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ.
ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 3 აპრილს გაიმართება.