მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკის თქმით სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში მხოლოდ ერთ რუსს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება

მე მხოლოდ პუტინს დაველაპარაკები, არცერთ სხვა რუს ოფიციალურ პირს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

და ეს შეხვედრაც მხოლოდ მას შემდეგ გაიმართება, რაც შეერთებულ შტატები, ევროპა და უკრაინა საერთო გეგმას შეიმუშავებენ. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ის მზად არის ნებისმიერ დღეს ჩავიდეს ვაშინგტონში, რათა შეიმუშაოს ერთობლივი გეგმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდთან და გააგრძელოს ზეწოლა ვლადიმირ პუტინზე. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის მოგერიებისკენ მიმართულმა ძალისხმევამ გააერთიანა შეერთებული შტატები და ევროპა და ის ამაყობს, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ამ ერთიანობის ნაწილი.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს მატყუარა უწოდა და აღნიშნა, რომ პუტინთან უკრაინელებს ჰქონდათ საუბარი ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და ტყვეების გაცვლაზე, თუმცა პუტინმა ტყვეები არ გაცვალა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახალ მოლაპარაკებებში რუსეთთან უკრაინა და დასავლეთი ერთიანი ფრონტით უნდა გამოვიდნენ.

„მხოლოდ ერთ რუსს შევხვდები – პუტინს, მაშინ, როდესაც მექნება ზოგადი გეგმა ტრამპთან და ევროპასთან ერთად. შემდეგ პუტინთან დავჯდები და ჩვენ ომს შევწყვეტთ. მე მზად ვარ, შევხვდე მხოლოდ ასეთ პირობებში და არა სხვა კომპრომისის პირობებში. ომი უკრაინაში არ არის მხოლოდ ორი სახელმწიფოს კონფლიქტი, არამედ ერთი ქვეყნის მიერ მეორეზე თავდასხმა. ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება შუამავალი, ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატები იყოს ჩვენს მხარეს. ტრამპმა პირადი ტელეფონი მომცა და მითხრა, რომ შემიძლია, ნებისმიერ დროს დავურეკო. იმედი მაქვს, რომ ტრამპი ნამდვილად დაგვეხმარება. ვხედავ, რომ ის ძლიერი ადამიანია. და თუ ის ჩვენს მხარეს იქნება და არ იქნება შუაში, ვფიქრობ, რომ ზეწოლას მოახდენს პუტინზე, რომ მან ომი დაასრულოს. მას შეუძლია ამის გაკეთება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარასკევს საღამოს ის, ალბათ, შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვანსს, რომელიც მიუნხენის 61-ე კონფერენციის მონაწილეებს შორისაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button