ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს- გახსნილია152 „საარჩევნო უბანია“
ოკუპირებული აფხაზეთის გარდა ე.წ. არჩევნები რუსეთის ორ ქალაქში, მოსკოვსა და ჩერკესკშიც ტარდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
“არჩევნებში” ხუთი კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა, საარჩევნო მარათონის ლიდერებად მიიჩნევიან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და „ხმის მიცემა“ 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
“საარჩევნო სიის” თანახმად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 135 ათასამდე ამომრჩეველი. ოკუპირებულ აფხაზეთში 152 „საარჩევნო უბანია“ გახსნილი.
ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის გარდა ე.წ. არჩევნები რუსეთის ორ ქალაქში, მოსკოვსა და ჩერკესკშიც ტარდება. ე.წ. საარჩევნო უბანი თურქეთის ქალაქ საქარიაშიც უნდა გახსნილიყო, თუმცა “არჩევნების” წინა დღეს დაიხურა. ამასთან, რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ე.წ. არჩევნებზე დასაკვირვებლად თავისი წარმომადგენლები არ გაუგზავნია. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დასაკვირვებლად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდა 100-მდე საარჩევნო დამკვირვებელი.
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, არ გააგზავნოს თავისი დამკვირვებლები აფხაზეთში მიმდინარე არჩევნებზე.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად ჩაითვლება ის, ვინ მოაგროვებს ამომრჩეველთა ხმების 50%-ს პლუს ერთ ხმას.
„პრეზიდენტობისთვის“ ხუთი „კანდიდატი“ იბრძვის:
ადგურ არძინბა – ყოფილი ე.წ. ვიცეპრემიერი, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი;
რობერტ არშბა – ე.წ. აფზაზეთის რესპუბლიკის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე;
ოლეგ ბარციცი – რუსეთის ფედერაციაშია თვითგამოცხადებული რეჟიმის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი;
ბადრა გუნბა – ე.წ. ყოფილი ვიცეპრემიერი, ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ თვითგამოცხადებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი;
ადგურ ხურხუმალი – ეკონომისტი.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. აღნიშნული დაპირისპირების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი,2020 წელს არჩეული ასლან ბჟანია 19 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.