მნიშვნელოვანისიახლეები

მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე ქუთაისის სააპელაციომ უარი მეორედ თქვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკვე მეორედ თქვა უარი „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გადახედვაზე და ადვოკატების საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.
ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში 14 თებერვლის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლითაც ბათუმის სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე ასევე უარი თქვა.

ინფორმაცია, რომ მზია ამაღლობელის ადვოკატების სააპელაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღეს, ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოში დაუდასტურეს.

სასამართლოში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება 19 თებერვალს მიიღო მოსამართლე ვერა დოლიძემ.

დასაბუთება ჯერ საჯარო არ არის და, სასამართლოს თანახმად, 20 თებერვალს იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

ამრიგად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება – მზია ამაღლობელს, რომელსაც პოლიციელისთვის „სილის გაწვნის“ გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდეს შეფარდებული – ძალაში დარჩა.
როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ განაცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი უკანონობა მზია ამაღლობელის საქმეზე.

„როგორც ახლახან გახდა ცნობილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ვერა დოლიძემ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის შუამდგომლობა. ეს არის კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის საქმეზე, რომელიც სასამართლოებმა მიიღეს. არ არსებობდა არცერთი რეალური გარემოება თუ მტკიცებულება, რომელიც პატიმრობის აუცილებლობას დაამტკიცებდა“, – განაცხადა ადვოკატმა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ამჯერად ასაჩივრებდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 14 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას – მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა ამაღლობელისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.

ვინ არის მოსამართლე ვერა დოლიძე
54 წლის ვერა დოლიძე 2012 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

მანამდე, 2009-12 წლებში – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს – იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.

მოსამართლე ვერა დოლიძემ 2011 წლის 20 ივნისს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა ცოტნე ანანიძეს, მაშინ მაგისტრატურის 23 წლის სტუდენტს.

ანანიძე, რომელიც მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ აქციაზე იმყოფებოდა, ამჟამად „ქართული ოცნების“ წევრია, „ქართული ოცნების“ დაკომპლექტებული აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

პროკურორი მაშინ აცხადებდა, რომ ანანიძემ სხვებთან ერთად „სცადა [აჭარის] ტელევიზიის ხელში ჩაგდება, რადგან განზრახული ჰქონდათ ხელისუფლების არაკანონიერი გზით შეცვლა“.

მზია ამაღლობელის დაფუძნებული გამოცემის, „ბათუმელების“ არქივის თანახმად, მოსამართლე დოლიძემ ცოტნე ანანიძეს ბრალად წაყენებული მუხლების გამოცხადების შემდეგ მიმართა: „ხომ გაიგე, ცოტნე?!“

სააპელაციო სასამართლოს ვებსაიტის თანახმად, 2009 წლამდე დოლიძის სამუშაო გამოცდილება ასეთია:

1994-1998 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორად.
1998-2001 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის პროკურორის თანაშემწედ.
2001-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2005-2006 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2006-2009 წლებში იყო ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2009 წელს დანიშნული იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
მან 1987 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N 25 საშუალო სკოლა ვერცხლის მედალზე, 1993 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია, 2017 წლიდან კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტია.

მზია ამაღლობელის საქმე
18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „ვივამედში“ საპატიმროდან გადაყვანილი მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს – 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ.

მისი წერილი „ვივამედიდან“ გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა.

„ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა“, – წერს მზია ამაღლობელი პატიმრობისა და შიმშილობის 38-ე დღეს კოლეგებისათვის გამოგზავნილ წერილში.

„ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის“, – წერს ამაღლობელი.

„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ მიესალმება „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტაზე და ის მკურნალობას ამ ეტაპზე კლინიკაში გააგრძელებს.

ექიმები საუბრობდნენ ლეტალურ რისკზე შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში.
შეგახსენებთ მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს – ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავების შემდეგ, უკვე 37-ე დღეა ამაღლობელი შიმშილობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button