ოპოზიცია წულუკიანის ,,რუსულ კომისიაში,, მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან პროდასავლური ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
თინა ბოკუჩავას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილ წინა ხელისუფლების “საქმიანობის შემსწავლელ კომისიაში” მონაწილეობას არ მიიღებენ.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ დღევანდელ შეხვედრაზე საერთო ოპოზიციურ ფორმატში, არის ის, რომ არავინ მიიღებს მონაწილეობას თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში. ეს რუსული კომისია ემსახურება საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობას და არის მიმართული საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ “ქართული ოცნების” მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკუჩავამ სურვილი გამოთქვა, რომ საერთო ოპოზიციური ფორმატი სხვა ერთობლივი გადაწყვეტილებების საფუძველი გახდეს.
“შეხვედრა, უმეტესწილად, ეხებოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს მიუნხენში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ივანიშვილის რუსული რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, არცერთი არაღიარებული, არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი არ იყო და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გაჟღერება ხდება სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იქ საუბარი იყო, ბუნებრივია, ახალი საპარლამენტო, სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, როგორც ერთადერთი გზა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის.
ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე მივიღეთ დღევანდელ შეხვედრაზე საერთო ოპოზიციურ ფორმატში, არის ის, რომ არავინ მიიღებს მონაწილეობას თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში არალეგიტიმური პარლამენტის, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია, არ აქვს აღიარება და ყველას გვესმის, რომ ეს რუსული კომისია ემსახურება საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობას და არის მიმართული საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.
ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება ამ არალეგიტიმურ, რუსულ კომისიაში მონაწილეობის არმიღების, არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის მხრიდან და ნამდვილად ვისურვებდი, რომ ეს ფორმატი, მათ შორის, გახდეს საფუძველი ბევრი სხვა ამგვარი ერთობლივი გადაწყვეტილებების იმიტომ, რომ მიმაჩნია, ამ მართლაც ცივილიზაციურ ომში, სადაც ივანიშვილმა რუსეთის სახელით გამოუცხადა ბრძოლა ქართველ ხალხს, გამოუცხადა ომი სწორედ რუსეთის ინტერესის გათვალისწინებით ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ, ამ ბრძოლაში მხოლოდ მორალური სიცხადე, მკაფიო პოზიციები და ერთიანობა არის ის, რაც განსაზღვრავს ოპოზიციის წარმატებას. ეს, ბუნებრივია, არ გულისხმობს ფორმალურ გაერთიანებას, მაგრამ მორალურ და პოლიტიკურ სიცხადეს ყველა ფუნდამენტურ, მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის მთავარი მოთხოვნები, და ეს არის ახალი საპარლამენტო, სამართლიანი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რუსულ კომისიაში არმონაწილეობა და იმედი მაქვს, რომ ჩამონათვალი ამ საერთო მოთხოვნებისა და პოზიციების, მათ შორის, ამ ფორმატში მუშაობის შედეგად, კიდევ უფრო გაფართოვდება”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ასევე შეეხო აეროპორტში მომხდარ ინციდენტსაც, სადაც სალომე ზურაბიშვილს თავს დაესხნენ. ბოკუჩავას თქმით, სალომე ზურაბიშვილს სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.
“პრეზიდენტ ზურაბიშვილს აღენიშნება დაზიანებები სახის არეში და ნამდვილად უკიდურესად სამარცხვინოა და წარმოაჩენს ივანიშვილის არაქართულ სახეს, როდესაც, სამწუხაროდ, ახალგაზრდა გოგო-ბიჭების გამოყენება ხდება, როგორც “ტიტუშკების” იმისთვის, რომ იძალადონ პრეზიდენტის ინსტიტუტზე, იძალადონ ქართველ ქალზე”, – აღნიშნა ბოკუჩავამ
“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის მთავარი თემა მიუნხენის კონფერენციაზე გამართულ შეხვედრებს ეხებოდა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილმა კონფერენციაზე პარტნიორებს დეტალურად გააცნო ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება.
“შეხვედრაზე საუბარი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტზე, მის შეხვედრებზე მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან. ზურაბიშვილმა მათ დეტალურად გააცნო ის ვითარება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ბოლო ხანებში შეიქმნა. კრიზისის სიღრმე, რომელიც აუცილებლად მოითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას. ეს იყო შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ამასთან, ბადრი ჯაფარიძემ ისაუბრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზურაბიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზურაბიშვილს სახეზე დაზიანება აღენიშნება.
“პრეზიდენტ ზურაბიშვილს სახეზე აღენიშნება დაზიანება. ეს იყო ამაზრზენი თავდასხმა, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს თუ როგორ რეაგირებას მოახდენს პროკურატურა ზურაბიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც მოჰყვა მასზე ფიზიკური ზიანის მიყენება. ეს არის “ქართული ოცნების” მხრიდან იმ აგონიის გამოვლენა, რომელშიც დე ფაქტო ხელისუფლება იმყოფება”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
უნდა გამოვაჩინოთ, რომ ალტერნატივა სტატუს-კვოზე ბევრად უკეთესია და ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მივა ძალაუფლების გადაბარების საჭიროებამდე, – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრაზე მყოფი ოპოზიცია შეთანხმდა იმაზე, რომ “ქართული ოცნების” მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან არავინ ითანამშრომლებს.
“პრეზიდენტმა მოგვახსენა, რა ხდებოდა მიუნხენში იმიტომ, რომ ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლოს დასავლეთთან დალაგება, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი – ეს აუცილებლად იქნება ცვლილების ერთ-ერთი კომპონენტი. ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ ამ მოგონილ საგამოძიებო კომისიაში აქ მსხდომი პარტიებიდან არცერთი არ ითანამშრომლებს. ეს არის ის შეთანხმება, რასაც მივაღწიეთ და ამას გარდა, ცვლილებას როგორ მივაღწიოთ, ეს განვიხილეთ.
ჩემი პოზიცია ის იყო, რომ მნიშვნელოვანია, აქცია გაგრძელდეს ქუჩაში, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთისგან გაგრძელდეს იზოლაცია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც ეს პრეზიდენტის შეხვედრები ხელს უწყობს, არის ის, რომ გამოვაჩინოთ, ალტერნატივა სტატუს-კვოზე ბევრად უკეთესია და ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად მივა ძალაუფლების გადაბარების საჭიროებამდე”, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
ქართულმა ოცნებამ “2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.
კომისიის შექმნა ქართულმა ოცნებამ 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. მამუკა მდინარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.
კომისიის ავმჯდომარე ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი თეა წულუკიანია, მისი მოადგილე კი ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალიდან სოზარ სუბარი.
კომისიაში არიან:
ქართული ოცნებიდან: თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია
ხალხის ძალიდან: სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი.
ევროპელი სოციალისტებიდან: ილია ინჯია