მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლავროვი აცხადებს, რომ 3+3 ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კვლავ აცხადებს, რომ 3+3 ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს ინფორმაციას.

“თავიდანვე ყველა თანხმდებოდა, რომ გვაქვს „სამი პლუს სამი“ ფორმატი. გვესმის საქართველოს ეჭვები და პოზიციის ნიუანსები, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლებისთვის ადგილი ყოველთვის იქნება ამ ფორმატის შეხვედრების დარბაზში“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მსგავსი განცხადება გააკეთა 2024 წლის ოქტომბერშიც. მისი სიტყვებით, 3+3 შეხვედრის მონაწილეებმა მორიგ ჯერზე გაუსვეს ხაზი, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა.
მან აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომის კონსტატაცია ბოლო შეხვედრაზე მოხდა: “ქართულ მხარეს დავუდასტურეთ, რომ კარი ღიაა, სკამი დგას”.

„ჩვენ მორიგ ჯერზე, ჩვენ ამას ვაკეთებთ ყოველთვის, როცა ამ ფორმატში ვიკრიბებით, დავადასტურეთ, რომ საქართველოსთვის ამ პლატფორმის კარი ყოველთვის ღია რჩება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შეძლებენ სამუშაოში ჩართვას“, – თქვა მაშინ ლავროვმა.

გასული წლის 29 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „მოსკოვი მზად არის, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს”. მოგვიანებით, საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ “2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება.”

ფორმატი „3+3“ გულისხმობს თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.

საქართველოს ოფიციალური პოზიცია თავიდანვე იყო, რომ არ აპირებდა ამ პლატფორმაში მონაწილეობას.
ლავროვის შეფასებით, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა “ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს” ეყრდნობა.

“ხოლო ის, რომ “3+3” ყველა წევრის ინტერესებში [მუშაობს], ეჭვებს არ იწვევს. სხვათა შორის, ამან შური და არა ეჭვები გაუჩინა აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას, რომელიც “3+3” ფორმატის ნაცვლად “3+1” ფორმატის წინ წაწევას ცდილობდა, ანუ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და ბაიდენის ხალხი, რომელიც მათ უხელმძღვანელებდა”, – განაცხადა ლავროვმა.

ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს მოსკოვში გაიმართა, მეორე – 2023 წელს თეირანში, მესამე კი – თურქეთში.
მოლაპარაკებების ამ ფორმატში საქართველოს ჩართვას თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუც ეცადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადრე განაცხადეს, რომ რუსეთთან რაიმე სახის ერთობლივ ფორმატზე საუბარი ვერ იქნება, სანამ მოსკოვს ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%.

თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა.
შეგახსენებთ, ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი – სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა – “3+3 ფორმატი” – გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. პლატფორმის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის დეკემბერში გაიმართა. საქართველომ “3+3 ფორმატის” შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button