მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 80 ხმით მიიღო

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დღეს, 20 თებერვალს, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საბიუჯეტო დაფინანსებას ჰპირდება. კანონპროექტს, რომლის ინიციატორი „ქართული ოცნების“ მთავრობაა, 80-მა პოლიტიკოსმა დაუჭირა მხარი.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის წესდების მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

ამასთან, “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს ექნება უფლებამოსილება საჭიროებისამებრ, გამოსცეს ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
კანონის ამოქმედებისთანავე, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნება, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილება განპირობებულია სამთავრობო პროგრამაში დაფიქსირებული მთავრობის ამოცანით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას. მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.
კანონში ორი ცვლილება შევიდა:

შეიქმნება მთავრობის დაქვემდებარებული უწყება, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც გრანტებს გასცემს;
ამავე უწყებას სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლება ექნება.
ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მოქალაქეების გადასახადები გადანაწილდება მმართველი „ ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურ ორგანიზაციებზე. 2025 წლისთვის 20 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. ამის პარალელურად, „ქართული ოცნება“ გეგმავს, კიდევ უფრო გაამკაცროს კანონმდებლობა საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით:

ყველა კანონიდან ამოიღებენ ნორმებს, რომლებიც საჯარო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას სავალდებულოს ხდის;
აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსიით“ ჩანაცვლდება 2024 წელს, მეორე ცდაზე, ხმაურით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელსაც საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა;
შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან;
დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები – „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად“.
კანონების გამკაცრების მიუხედავად, საქართველოში 85-ე დღეა არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობენ ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც. ხალხმრავალ აქციებზე მოქალაქეები ახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად მოითხოვენ დემონსტრაციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.
მთავრობის ინფორმაციით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი, რაც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნას და ფუნქციონირებას, ასევე, გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით, ათი პირი დასაქმდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button