გაერომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა რომელიც მოითხოვს უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას
საქართველოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
193 წევრიან ასამბლეაზე – რომლის რეზოლუციებიც სავალდებულო ძალის არაა, თუმცა მათ მსოფლიოს შეხედულებების ბარომეტრებად განიხილავენ – უკრაინის და ევროპელი პარტნიორების მიერ მომზადებული დოკუმენტი დამტკიცდა ხმების თანაფარდობით 93-18, თავი შეიკავა 65-მა დელეგატმა. ეს მაჩვენებელი უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში – როცა 140-ზე მეტი ქვეყანა გმობდა რუსეთის აგრესიას და მოითხოვდა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსირების უკან წაღებას. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს: ბელარუსმა, აშშ-მა, ბურკინა-ფასომ, ბურუნდიმ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, ჩრდილოეთ კორეამ, ეკვადორმა, ერიტრეამ, ჰაიტიმ, უნგრეთმა, ისრაელმა, მალიმ, მარშალის კუნძულებმა, ნიკარაგუამ, ნიგერიამ, პალაუმ, სუდანმა და რუსეთმა.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა აშშ-მა და რუსეთმა მისცეს. საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის შესახებ აშშ-ის ინიცირებულ რეზოლუციასაც დაუჭირა მხარი, თუმცა მასში ცვლილებები იქნა შეტანილი, კერძოდ, ცვლილებები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ.
ასევე ცვლილება იმის შესახებ, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს გაერო-ს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
აშშ-ის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი 93-მა წევრმა სახელმწიფო დაუჭირა, 73-მა თავი შეიკავა, ხოლო 8-მ ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
რეზოლუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ აშშ-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ასევე თავი შეიკავა საქართველომაც.
კენჭისყრამდე, გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დოროთი შიმ გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის უკრაინასა და რუსეთს აშშ-ის რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„აშშ ეწინააღმდეგება კიდევ ერთი რეზოლუციისთვის კენჭისყრას. ამიტომ, ჩვენ უკრაინის რეზოლუციას მხარს ვერ დავუჭერთ და მის გაწვევას მოვითხოვთ“, – აღნიშნა გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არ დამტკიცდა ალტერნატიული, აშშ-ის რეზოლუცია რომელიც გამოდიოდა ომის სწრაფი დასრულების მოწოდებით, თუმცა არ ახსენებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ეს რეზოლუცია მიღებულ იქნა მხოლოდ ასამბლეის მხრიდან შეტანილი შესწორებებით – დოკუმენტს დაემატა მკაფიო ფორმულირებები, რომ რუსეთი გაეროს ქარტიის დარღვევით შეიჭრა მის უფრო მცირე მეზობელ ქვეყანაში.
რეზოლუციების განხილვისას აშშ-ის წარმომადგენელმა ქვეყნებს მოუწოდა არ მიეცათ ხმა ევროკავშირის და ასევე რუსეთის მიერ შეტანილი შესწორებებისთვის მათ დოკუმენტში, “ჩვენ ვერ დავუჭერთ ამ შესრორებებს ხმას, ისინი უფრო სიტყვების ომს წარმოადგენენ და არ არიან მიმართული ომის დასრულებისკე. ვერც ეს შესწორებები, ვერც უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია ვერ შეაჩერებს მკვლელობებს. გაერომ უნდა შეაჩეროს მკვლელობები”- განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, უკრაინის რეზოლუციის პროექტში, რომლის თანასპონსორი ევროკავშირია, საუბარია „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე“ და მოითხოვს, რომ „რუსეთმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან თავისი შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ და სრულად გაიყვანოს“.
რაც შეეხება აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, კერძოდ, მისი პირვანდელი სახე, „აშშ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს ადამიანების ტრაგიკული დაღუპვის გამო მწუხარებას გამოხატავს“ და კონფლიქტის სწრაფად დასრულების მოწოდებას შეიცავს და უკრაინასა და რუსეთს შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მოწოდებით გამოდის“.
უკრაინის და ევროპელი პარტნიორების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი აღნიშნავს რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამ წელს, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდებს, რაც უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების სრულად გასვლას ეფუძნება.
20 თებერვალს Reuters-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ ამ რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარს ამბობდა.
მოგვიანებით, 23 თებერვალს The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის ალტერნატიულ ვერსიის, რომელიც აშშ-მა მოამზადა, ერთადერთი თანასპონსორი ქვეყანა საქართველოა.
ამერიკის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ რეზოლუციაში კი არ არის ნახსენები, ვინ დაიწყო ომი, და არ შეიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ.