მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება

არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ამერიკული FARA-ს და მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად ახალი კანონპროექტები დაარეგისტრირეს. კანონპოექტები განსახილველად შესაბამის კომიტეტებს გადაეცემა. ოცნებაში ირწმუნებიან, რომ კანონპროექტი ამერიკული ვერსიიდან “სიტყვასიტყვით” ნათარგმნია.
“არის ამერიკული ფარას სიტყვა-სიტყვით, მძიმე წერტილით თარგმანი. შემდეგ საკანონმდებლო განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისი ტერმინოლოგიის შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან, თუმცა ამით ნებისმიერი ის ყალბი ცრუ ნარატივი, რომელსაც ზოგიერთი შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდა ხოლმე ქართულ კანონებთან დაკავშირებით, ამით დასრულებულია. აგერ არის კანონპროექტი, რომელიც სიტყვასიტყვითაა ნათარგმნი და იდენტურია აშშ-ში მოქმედი კანონისა”- თქვა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება. ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ხორციელდება.
ამასთან ერთად იკრძალება, უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
გარდა ამისა, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც, “დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება”.
5 თებერვალს არალეგიტიმური პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ აპირებენ მედიის შესახებ კანონპროექტის მიღებას. მისი მტკიცებით, ამით “დადგინდება მედიის ობიექტურობის, ასევე ჟურნალისტიკური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება მათი მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან”.
შესაბამისი ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა და პარლამენტში უკვე ინიცირებულია.