დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს-The Washington Post

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ამჟამად მიმდინარე სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას 28 თებერვალს, თეთრ სახლში, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო განიხილავს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მილიარდობით დოლარის ღირებულების რადარებს, ავტომანქანებს, საბრძოლო მასალასა და რაკეტებს შეეხება, რომელიც უკრაინაში გასაგზავნად მზად არის.
ამასთან, ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თეთრ სახლში პარასკევს გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაპირისპირება წინასწარგანზრახული არ ყოფილა.
“ჩვენ აღარ ვაპირებთ მდგრადი მშვიდობის პირობის გარეშე ჩეკები გამოვწეროთ ომისთვის შორეულ ქვეყნებში,” – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა Fox New-ის ეთერში ისაუბრა.
ლევიტმა შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა და აღნიშნა, რომ მედიის წინ გამართული კამათი ამერიკელ ხალხს დაანახებს, თუ რას ეჩეხება პრეზიდენტი ტრამპი უკრაინელებთან მოლაპარაკების დროს.
“შესანიშნავი იყო, რომ მოხდა კამერებით ჩაწერა. ამის წყალობით, ამერიკის მოქალაქეებმა და მთელმა მსოფლიომ შეძლო დაენახა, რას ეჩეხება პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი დახურულ კარს მიღმა უკრაინელებთან მოლაპარაკებების დროს,” – განაცხადა ლევიტმა.