,,პრეზიდენტ ტრამპს წარმატებას ვუსურვებ,,,,აშშ და გლობალური ომის პარტია ორი სხვადასხვა მოცემულობაა,,-ოცნება ორი პრეზიდენტის შეხვედრას აფასებს

პრეზიდენტ ტრამპს წარმატებას ვუსურვებ „დიფ სთეითის“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში! – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრას ეხმაურება.
„ნაც.აგენტურა” ისტერიულად არწმუნებდა ხალხს – გლობალური ომის პარტია, „დიფ სთეითი“, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონა, რუსული ნარატივიაო.
გუშინდელის შემდეგ ამ “მოგონილი” ბოროტების რამდენი მხარდამჭერი გაიშიფრა მსოფლიოში, ადგილობრივი აგენტურის ჩათვლით, ყველამ ვნახეთ.
მხილება გრძელდება…
პრეზიდენტ ტრამპს კი წარმატებას ვუსურვებ „დიფ სთეითის“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!“ – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
“თქვენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით” – ტრამპმა და ზელენსკიმ თეთრსახლში შეხვედრის დროს იკამათეს
გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის – კიდევ ერთხელ დამტკიცდა ისიც, რასაც სამი წელი ვამტკიცებდით, რომ აშშ და გლობალური ომის პარტია ორი სხვადასხვა მოცემულობაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე.
„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის. ვგულისხმობ არა იმდენად ტრამპისა და ზელენსკის პოლემიკას, რამდენადაც შემდგომ გამოხმაურებას ამ პოლემიკაზე. პრეზიდენტი ტრამპი და მისი სამშვიდობო ძალისხმევა ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს ადამიანებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ სისხლისმღვრელი ომი დაუშვეს და უკრაინა და ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ცივსისხლიანად გაწირეს.
გლობალურმა ომის პარტიამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მყისიერად დაამობილიზა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპიკერები – ჯინ შაჰინით დაწყებული, ბრიუსელის მრავალრიცხოვანი ჩინოვნიკებით დამთავრებული. მათ არ ჩამორჩნენ არც ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც სულ რაღაც ერთი თვის წინ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის უკანა ოთახში გადაღებული „სელფებით“ იწონებდნენ თავს.
გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“ ომს ასე მარტივად არ შეელევიან.
კიდევ ერთხელ დამტკიცდა ისიც, რასაც სამი წელი ვამტკიცებდით – აშშ და გლობალური ომის პარტია ორი სხვადასხვა მოცემულობაა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ოპონენტები, მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმას ცდილობდნენ.
ბრძოლა ომის პარტიასა და მშვიდობის მოსურნე ძალებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის. დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ბრძოლა მშვიდობის გამარჯვებით დასრულდება. რაც უფრო ადრე დასრულდება ომი უკრაინაში, მით უფრო ნაკლები უკრაინელის სიცოცხლე გაიწირება და მით უფრო ადრე დაისადგურებს მშვიდობა, მთლიანად, რეგიონში.
პრეზიდენტ ტრამპს გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ ამ რთულ ბრძოლაში“,- წერს კობახიძე.
უკრაინის დელეგაცია თეთრი სახლის დატოვებას აპირებს-დაგეგმილი პრესკონფერენცია გაუქმდა
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად, ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა, თუ ვინ დგას ომის და ვინ მშვიდობის მხარეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ომის დასრულება და მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია.
„ტრამპმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიო ხაზი გაუსვა იმას, თუ ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა. რაც გუშინ ვიხილეთ, ისედაც ყველაფერი ცხადი და ნათელია. ამიტომ, განმარტებას არ გავაკეთებ. უფრო საინტერესოა, ამ პოლემიკის შემდეგ გაკეთებული განცხადებები. ქვეყნის შიგნით ვიხილეთ უსამშობლო ადამიანების განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ ვის სურდა რეალურად ომი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ღიად ვამბობდით ყველაფერს. კერძოდ იმას, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სურს ომის წარმოება. ამით ისინი, რა თქმა უნდა, იღებენ სარგებელს, ფინანსურ კეთილდღეობას, მაგრამ ნადგურდება ქვეყნები, ქალაქები, სოფლები, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა. ამის მაგალითია უმძიმესი ვითარება უკრაინაში. სრული კატასტროფა მივიღეთ ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ყველაფრის დასრულება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, რომ არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც ამ ყველაფრის უკან დგანან. ისინი თავიანთ კონკრეტულ ინტერესს ატარებდნენ სხვა ქვეყანაში და იგივე სურდათ საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ახლა ზოგიერთი პოლიტიკოსი ცრუობს და ამბობს, თითქოს არასდროს მოუწოდებიათ, საქართველო სანქციებს შეერთებოდა.
„გავიხსენებ ერთ მაგალითს, როდესაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა სანქციებს, ვინ, რა თქვა ამის საპასუხოდ – არსებობს არქივი და კარგად ჩანს, რომ მავანს ერჩივნა საქართველოში ბომბები ჩამოცვენილიყო. დღეს ყველაფერი ხელის გულზე დევს, საზოგადოება ნათლად ხედავს ყველაფერს. ჯანსაღად მოაზროვნე ყველა ადამიანი, ვისაც უყვარს სამშობლო, კარგად ხედავს, თუ რამხელა უბედურებას აარიდა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა”, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა თეთრსახლში დაიწყო
ომის დაწყებიდან სამი წლის თავზე, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების შორსმჭვრეტელი და გონივრული პოლიტიკა თუ არ აღიარონ, გაჩუმდნენ მაინც, თეთრ სახლში აშშ-უკრაინის მძიმე შეხვედრის ფონზე, ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რადიკალური ოპოზიციის, უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამჩატება, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრას.
როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ომიდან სამი წლის თავზე ევროპელ ლიდერებს არ აქვთ გეგმა, როგორ აპირებენ მიმდინარე წვეთოვანი დახმარებით უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხებას. რა რესურსი, დრო და სიცოცხლე დასჭირდება ომში გამარჯვებას? – ეს კითხვა უპასუხოა“.
„რის ახსნას და შეგონებას ვცდილობთ სამი წელია რადიკალური ოპოზიციისთვის, მათი გამომყენებელი უცხოელებისთვის და მთლიანად ოპოზიციური ელექტორატისთვის? – 2022 წლის 24 თებერვალს ომი არამხოლოდ უკრაინაში, მთლიანად რეგიონში დაიწყო, როგორც მინიმუმ. ამ ომის კონტექსტი ჩვენზეც ვრცელდება.
ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ვუშვებდით ომის დაწყების ალბათობას, ვვარაუდობდით მის შესაძლო განვითარებას და მის ზეგავლენას საქართველოზე, ერთადერთ სწორ და მტკიცე გადაწყვეტილებამდე მივიდა – საქართველო არ უნდა გახდეს მიმდინარე ცხელი თუ ჰიბრიდული ომის მონაწილე არცერთ ასპექტში და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ნებისმიერ ფასად.
პარალელურად, საქართველომ დაგმო რუსული აგრესია, დაგმო ომი, მოუწოდა მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ, მხარი დაუჭირა უკრაინას, მიიღო დევნილები, გაუგზავნა ჰუმანიტარული
დახმარება, საქართველოს საელჩო იყო კიევში დარჩენილი ბოლო დიპლომატიური მისია…
ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები (თუმცა, არავის მივეცით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა), არ გავგზავნეთ მოხალისე-მეომრები ფრონტზე, არ გავზარდეთ ესკალაცია და არ გავამძაფრეთ რიტორიკა…. რიტორიკა, როგორც გუშინ თეთრ სახლში დავინახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა..
ომიდან სამი წლის თავზე ევროპელ ლიდერებს არ აქვთ გეგმა, როგორ აპირებენ მიმდინარე წვეთოვანი დახმარებით უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხებას. რა რესურსი, დრო და სიცოცხლე დასჭირდება ომში გამარჯვებას? ეს კითხვა უპასუხოა. მხოლოდ გვესმის რომ დახმარება უნდა გაგრძელდეს.
ამ ომის საკვანძო მოთამაშეა ამერიკის შეერთებული შტატები. ახალმა ადმინისტრაციამ ომის დასრულების მტკიცე დაპირებით მიიღო ხალხის მანდატი. უკეთესია ეს ომი დასრულდეს ამერიკის მონაწილეობით, რომელიც უკრაინას დაიცავს, ვიდრე მის გარეშე. თუკი აშშ პროცესს გაეთიშება, ევროპა და უკრაინა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩება.
ასეთია მსოფლიო პოლიტიკა. ამგვარი ამბები ადრეც მომხდარა და კიდევ ბევრჯერ მოხდება. ქვეყნებს აქვთ თავიანთი ინტერესები და შესაბამისად მოქმედებენ, ითვლიან, ანგარიშობენ, შესაბამისად ეწყობიან.
საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მცოდნემ იცის ეს, ქვეყნის პასუხისმგებლიანმა ლიდერებმა იციან ეს, განათლებულმა ადამიანებმა იციან ეს, ვინც არ იცოდა, კარგად დაინახა. გაიგო ყველამ, გარდა ვისი? – ქართული ოპოზიციური სპექტრისა.
ომის დაწყებიდან სამი წლის თავზე, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების შორსმჭვრეტელი და გონივრული პოლიტიკა თუ არ აღიარონ, გაჩუმდნენ მაინც, თეთრ სახლში აშშ-უკრაინის მძიმე შეხვედრის ფონზე, ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რადიკალური ოპოზიციის, უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამჩატება.
კიდევ ერთხელ გაგვახსენდა ამ ხალხის სამი წლის წინანდელი უმწიფარი პოსტები სოცქსელებიდან და ჰოლივუდური ესთეტიკის კადრები რუსთაველიდან. ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე მძიმე პროცესების კინოსერიალივით ყურება ოპოზიციური სპექტრის მთავარი მახასიათებელი გახდა.
ამ დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ხალხია, ვისი ხელისუფლებაში დასმაც სურს ზოგიერთ რეგიონ-რეგიონ მოსიარულე დიპლომატს. გასაგებია რატომ. სამი წლის წინ ხელისუფლება საკუთარ ჭკუაზე ვერ ატარეს, ამჩატებული უმწიფრების მართვა კი ადვილია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში განვითარებულ მოვლენებს და ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ დაძაბულ საუბარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აფასებს.
მისი თქმით, მსგავსი მოლოდინი არსებობდა, რომ საუბარი იქნებოდა ხისტი და ის შეთანხმების გარეშე დამთავრდებოდა. გია ვოლსკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის მზად მშვიდობის სანაცვლოდ ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს.
“ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მთავარი ფორმულირება არის ამერიკული ინვესტიციები, შესაბამისად, ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები მშვიდობის სანაცვლოდ. ამ ფორმულის მისაღებად არ არის მზად ზელენსკი, რაც ჯერ კიდევ მაშინ გამოვლინდა, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში იგი ჩამოვიდა და მხარი დაუჭირა იმ ძველ ადმინისტრაციას, რომელიც მაშინ საარჩევნო პროცესში იყო ჩართული. ეს არის რეალური სურათი და ამასთან დაკავშირებით არის შეუთანხმებლობა. გარდა ამისა, ჩვენ ვიხილეთ ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა უკრაინისადმი, რომელიც არა გუშინდელი დღიდან დაიწყო, არამედ იმ სტრატეგიას და იმ იდეებს ემორჩილება, რომელიც ჰქონდა გლობალური ომის პარტიას. ახალი ადმინისტრაციის მოსვლით, ევროკავშირის რიგი ლიდერი ქვეყნების ეს დამოკიდებულება არ შეცლილა. ამ ვითარებაში, რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო, რომ ლაპარაკი იქნებოდა ძალიან ხისტი და შეუთანხმებლობით დამთავრდებოდა,” – აცხადებს გია ვოლსკი.