მნიშვნელოვანისიახლეები

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში განვითარებულ მოვლენებს ოპოზიცია აფასებს

დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დემონსტრაციაა… უფრო როგორც პუტინის რუსეთის მერე მეორე ადგილზე მყოფი ამერიკა გამოიყურება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა. პირველად, როდესაც ჩემით უნდა ჩავდგომოდი მოლაპარაკებებს სათავეში, ბევრი წლის წინ, უფრო გამოცდილმა კოლეგამ საბაზისო რაღაცები მასწავლა: „ნებისმიერი ქმედების უფლება გაქვს, მაგრამ არასდროს… არასდროს დაამცირო მეორე მხარე!“ მათ უნდა იშუამავლონ, ვისაც სურს მშვიდობისმყოფელებად წარმოჩენა!

ვოლოდიმირ ზელენსკი, ისინი, ვისაც ესმის რას ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა – არა ერთხელ, არამედ ხშირად ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში – თქვენს მხარეს არიან, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ზურაბიშვილი.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას” დემონსტრაციაა… უფრო როგორც პუტინის რუსეთის მერე მეორე ადგილზე მყოფი ამერიკა გამოიყურება. მაშინ, როდესაც ყველას უფრო ძლიერი ამერიკა გვჭირდება უფრო ძლიერ ევროპასთან ერთად. როგორც ჩანს, საბოლოოდ ყველანი ამ უკანასკნელის აღმოცენებას ვხედავთ”, – წერს კიდევ ერთ პოსტში ზურაბიშვილი.

კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, არც სრული ფსონის დადება, აშშ-ში ინაუგურაციაზე მოლოდინებით წასვლა და ამ მოლოდინების ხალხში შექმნაა გამოსავალი და არც ის, ინაუგურაციაზე მყოფი, დღეს რომ აკრიტიკებ, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, ადმინისტრაციების ცვლის მიუხედავად, აშშ იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და უსაფრთხოების მთავარი გარანტი.

„შეფასებების ძალიან დიდი ნაწილი ახლა „ოცნების“ პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს და იმის საშუალებას აძლევს, რომ ჩვენი ემოციური შეფასებები გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ. უნდა გვახსოვდეს, ადმინისტრაციების ცვლის მიუხედავად, ამერიკა იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და უსაფრთხოების მთავარი გარანტი. იყო და რჩება კიდეც ქართველი ხალხის მეგობრად.

ფაქტია, „ოცნებამ“ მინიმალური კომუნიკაციაც კი ვერ დაამყარა ახალ ადმინისტრაციასთან. მოგვწონს თუ არა კომუნიკაციის ფორმები, რასაც ვხედავთ, მოგვწონს თუ არა, რომ ის, რაც შესაძლოა, ხდებოდეს და მომხდარა დახურულ კარს მიღმა, ხდება ღია ეთერში – შინაარსი და ამოცანები უცვლელია.
კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, არც სრული ფსონის დადება და ინაუგურაციაზე დიდი მოლოდინებით წასვლა და შესაბამისი მოლოდინების ხალხში
შექმნაა გამოსავალი და, მით უმეტეს, არც ის, 20 იანვარს ინაუგურაციაზე მყოფი, დღეს რომ აკრიტიკებ.

ვართ მარათონულ ბრძოლაში, ვიცით მიზანი და თანმიმდევრულად მივიწევთ ამ მიზნისკენ. საქართველოს ბედი საქართველოში გადაწყდება, გვჭირდება პარტნიორები და მხარდაჭერა. ასეთივე თანმიმდევრულობით იქნება მუშაობა ქვეყნის გარეთ, პარტნიორებთან, რომ მათთან სწორად მივიდეს ქართველი ხალხის ხმა, მათი ნება და იმ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც დამყარდება უახლოეს თვეებში, საქართველოს ჰქონდეს თავისი დამსახურებული ადგილი.

გუშინდელ შეხვედრაზე არაფერი გადაწყვეტილა წიაღისეულის შეთანხმებასთან დაკავშირებითაც კი. ვნახეთ პროცესი, რომელიც იყო იმაზე ღია ფართო საზოგადოებისათვის, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მოთმინებით დაველოდოთ გაგრძელებას, მეორეს მხრივ კი, გვახსოვდეს ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამოცანები, რომლებიც მისაღწევია და რომლისკენაც თანმიმდევრულად და დაუღალავად უნდა ვიაროთ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ“, – წერს ნიკა მელია.

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში განვითარებულ მოვლენებს და ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ დაძაბულ საუბარს ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მშვიდობა მნიშვნელოვანია და ის ხანგრძლივი და სამართლიანი უნდა იყოს.

პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, გუშინ ოვალურ კაბინეტში მიმდინარე საუბრის მოსმენა სასიამოვნო სანახავი არ იყო.

“ტრამპის დაპირება იყო ომის დასრულება ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს და მშვიდობის დამყარება. მშვიდობა, რა თქმა უნდა, არის ხანგრძლივი და სამართლიანი. შესაბამისად, ეს რთული მოლაპარაკებებია, ბუნებრივია უნდა გვესმოდეს, რომ მარტივი არ არის ეს პროცესი. გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი,” – აცხადებს თეონა აქუბარდია.

“ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ომი დასრულდეს სწორი პირობებით.

“ომის დასრულება სურს ყველას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ომი დასრულდეს სწორი პირობებით. დღეს რა პოლემიკაც მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე, არის რა პირობებით დასრულდება ომი. ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი სუვერენული და მათ შორის, ეკონომიკური ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არ არის არაფრით გასაოცარი. ახლა ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ევროპული ლიდერობა ახალი მიმართულებით. პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან კარგად თქვა, რომ ევროპამ უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე,” – აცხადებს გრიგოლ გეგელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button