მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლიეტუვამ 74, ლატვიამ 16, ესტონეთმა 55 ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესა

ლიეტუვამ – 74, ლატვიამ – 16, ესტონეთმა 55 ქართველი, მათ შორის მაღალჩინოსნები, დაასანქცირა. საუბარია სამოგზაურო შეზღუდვებზე – სანქცირებულებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ.
სიაში მოხვდნენ პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციის მაღალჩინოსნები, არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები და სხვები. დასანქცირებულების ზუსტი ვინაობა ჯერ უცნობია.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი წერს:

“ლიეტუვამ 74 ქართველი მაღალჩინოსანი დაამატა პირთა სიაში, რომლებსაც ეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისა და საქართველოში რეპრესიებისთვის.

ჩვენ მხარს ვუჭერტ ქართველ ხალხს მათ მისწრაფებაში დემოკრატიასა და ევროპული მომავლისკენ”, – წერს ის.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე წერს:

“მე დავამატე 16 საქართველოს მოქალაქე ლატვიის პერსონა ნონ გრატას სიაში, აეკრძალებათ მათ ლატვიაში შემოსვლა განუსაზღვრელი ვადით”, – წერს ის.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის, პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. განკარგულება ძალაში დღეს, 3 მარტს შევიდა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა წერს:

“მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის თანახმადაც ესტონეთი აწესებს ქვეყანაში შემოსვლაზე შეზღუდვებს 55 ქართველი პროკურორისთვის, მოსამართლისთვის, პოლიციელისთვისვის, დეპუტატისთვის და სხვებისთვის.

ევროკავშირი თანმიმდევრულად აჩვენებს ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას დემოკრატიული საქართველოს აღდგენისთვის”, – წერს ის.
სანქცირებულებს შორის არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული და ბექა ოდიშარია.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში შესვლა, საერთო ჯამში, საქართველოს 83 მოქალაქეს აქვს აკრძალული.

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა 2 დეკემბერს სავიზო სანქციები დაუწესეს რამდენიმე პირს, მათ შორის იყვნენ ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, ზვიად ხარაზიშვილი, ვაჟა სირაძე, თეიმურაზ კუპატაძე და სხვები.

მსგავსი პოსტები

Back to top button