მნიშვნელოვანისიახლეები

ქართულმა ოცნებამ “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს” (FARA) და მაუწყებლობის შესახებ კანონში მედიის შემზღუდავ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მიიღო.

“ქართული ოცნების“ კანონის პროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონპროექტით უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები განიმარტება. პროექტით შემდეგი საკითხები წესრიგდება: სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი.

უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას და კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება.

კანონის აღსრულება ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება.

პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთივე ბერკეტები ჰქონდეს, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია. გორდულაძემ პარლამენტში პროექტის წარდგენისას აღნიშნა, რომ ამერიკელ ხალხთან ერთად, ქართველ ხალხსაც აქვს უფლება, საკუთარი სუვერენიტეტი გააძლიეროს.

“როგორც ამერიკელ ხალხს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი, არანაკლები უფლება აქვს ქართველ ხალხსაც, გააძლიეროს საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამასთან, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვის მიერ ჩარიცხული თანხები სად ირიცხება, ვინ მოიხმარს ამ ყველაფერს და საბოლოოდ, რა მოქმედებებში ტრანსფორმირდება.

საქართველოში დღეს მოქმედი კანონი გაცილებით უფრო მსუბუქია, ვიდრე ეს არის ამერიკული კანონი – გაცილებით მსუბუქია როგორც პასუხისმგებლობის ნაწილში, ასევე იმ პირთა წრიდან გამომდინარე, ვისზეც კანონი ვრცელდება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

პარლამენტმა „„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლების მიერ უცხოური ძალისგან მიღებული დაფინანსების საკითხის აწესრიგებს, პირველი მოსმენით განიხილა.

კანონპროექტებს არალეგიტიმური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. დეპუტატებმა სრული უმრავლესობით 82- 0-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.
კანონპროექტი ითვალისწინებს მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვას, გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის ან მომსახურების განთავსებისა.

ასევე, შეიზღუდება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება (თანადაფინანსება).

„საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის, მედია არ უნდა იყოს გარედან მართული. როდესაც ხდება მედიის გარედან მართვა, იცვლება დღის წესრიგი, მიზნები და ამოცანები, რომლებიც, ნაცვლად იმისა, რომ ემსახურებოდეს საზოგადოების ინფორმირებულობას, იმ კონკრეტული დღის წესრიგის შექმნას ემსახურება, რომლითაც დაინტერესებულია „დამკვეთი“, რომელიც, როგორც წესი, აცდენილია სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ ქართული ოცნების მიერ არალეგიტიმურ და ერთპარტიულ პარლამენტში 24 თებერვალს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA) დაარეგისტრირეს.

კანონპროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.

რეგისტრირებული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმანია.

კანონპროექტში “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA) გამოყენებულია ტერმინები: “აშშ-ის პრეზიდენტი”, “სახელმწიფო დეპარტამენტი”, “კონგრესი” და ა.შ. ორშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე ოცნების წევრებმა თქვეს, რომ უნდა დაკორექტირდეს, რადგან “სიტყვასიტყვით ნათარგმნია” და “სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს” შეიცავს.

“ოცნების” პარლამენტმა FARA და მედიისთვის ცენზურის დამწესებელი კანონპროექტები დაარეგისტრირა

ქართულმა ოცნებამ ერთპარტიულ პარლამენტში მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად ახალი კანონის მიღება 5 თებერვალს დააანონსა.

24 თებერვალს არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები დაინიცირდა.

ცვლილებები, რომელიც ოცნებას მედიის შესაზღუდად ინიცირებულ კანონპროექტში შეაქვს – რა იზღუდება

მსგავსი პოსტები

Back to top button